ჯართის ბიზნესი განახევრებულია

შავი ლითონისა და ალუმინის ჯართზე მოთხოვნაც და ფასიც შემცირდა.

ჩამბარებელ პუნქტებში აცხადებენ, რომ წინა წლებთან შედარებით, ჯართის შესყიდვა განახევრდა, შესაბამისად, მინიმუმამდე დაეცა ექსპორტიც, რასაც ”საქასტატის” მონაცემებიც ადასტურებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს ნარჩენებისა და შავი ლითონის ჯართის ექსპორტი 2,725 აშშ დოლარს შეადგენდა, როცა 2013 წელს მისი მოცულობა 6,795 აშშ დოლარი იყო. 2012 წელს ექსპორტმა ამ მიმართულებით 43,913 დოლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 4 წლის განმავლობაში, დაფიქსირდა 2011 წელს, როცა ჯართის ექსპორტის მოცულობამ 116,811 დოლარს მიაღწია. რაც შეეხება ნარჩენებისა და ალუმინის ექსპორტს, შარშან 10,117 აშშ დოლარი შეადგინა. დაახლოებით, ამდენივე იყო 2013 წელს, ხოლო 2012 წელს ალუმინის ჯართის ექსპორტი 12,833 აშშ დოლარი იყო. ჯართის ჩამბარებელ პუნქტებში ექსპორტის კლებას აქციზის მაღალ გადასახადს უკავშირებენ.

საქართველოს ეკონომიკური კვლევის ბიუროს საკონსულტაციო კომპანიის მონაცემით, შავი და ფერადი ლითონების ჯართის და შავი და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) ექსპორტისთვის ტარიფი 160 ლარია 1 ტონაზე; ხოლო შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისთვის - 40 ლარი 1 ტონაზე. ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტისათვის ტარიფი შეადგენს 50 ლარს 1 ტონაზე.

ექსპორტზე დაწესებული მაღალი ტარიფი ექსპორტიორების უკმაყოფილებას იწვევს. ჯართის ჩამბარებელ ცენტრ ”იბერია სთილში” აცხადებენ, რომ ყველა დასახელების ჯართზე მოთხოვნა მინიმუმ 50%-ით შემცირდა.  ”საქართველოში ჯართის მიმართ ინტერესი აღარ არის, ფასი დაბალია, რამაც შესყიდვაზე უარყოფითად იმოქმედა. ორიოდე წლის წინათ ქვეყანაში ჯართი 400 ლარი ღირდა, ამ ეტაპზე კი ფასი 260 ლარამდეა შემცირებული. საფასო ცვლილება საერთაშორისო ფასმა განსაზღვრა. ლონდონის საფასო ბირჟაზე ჯართი გაიაფდა და გავლენა მან ადგილობრივ ბაზარზეც მოახდინა. აქციზიც ძვირია და ქვეყნიდან ჯართი თითქმის არავის გააქვს”,-აცხადებენ ”იბერია სთილში".

პრობლემა აქვთ ჯართის შემგროვებლებსაც, რომელთა ინფორმაციითაც, მოსახლეობიდან შესყიდული ჯართის რაოდენობა თვიდან თვემდე მცირდება. ”მთელი თბილისის მასშტაბით ვმუშაობთ, გამოსაყენებლად უვარგის ტექნიკას - გაზქურებს, მაცივრებს, გამათბობლებსა და გაფუჭებულ ნივთებს ვიბარებთ. 1კგ ჯართის შესასყიდი ფასი 15-20 თეთრია. ჯართის შემსყიდველ პუნქტებში 10 თეთრით მეტს გვიხდიან. სულ ცოტა, 1 ტონა ჯართს მაინც ვაგროვებდით ყოველდღიურად, ახლა 300 კილოგრამამდე ძლივს ავდივართ. ყოველდღიურად დაუღალავად ვშრომობთ, მაგრამ უკვე არაფერი რჩება”, - ამბობს ვოვა სარქისიანი, ჯართის შემგროვებელი.

ჯართის ბიზნესი საქართველოში ბოლო დრომდე ერთ-ერთ წარმატებულ საქმიანობად მიიჩნეოდა. ახლა კი, როგორც ამ ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, მისი ექსპორტზე გატანა და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვაც წამგებიანი გახდა.

კომპანია ”ჯორჯია სთილ მილს ლიმითედში” განმარტავენ, რომ ბაზარზე პრობლემები ბოლო დროს ისედაც იყო, მაგრამ სავალუტო კრიზისის გამო ძალიან გაუჭირდათ.  ”ჩვენ კომპანიას ფერადი ლითონის ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია ეკავა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სერიოზულად გაგვიჭირდა. ყველაზე მეტად სავალუტო რყევის გამო დავზარალდით და ექსპორტზეც დანაკარგით გავდივართ. ფაქტობრივად, ნაყიდი და გასაყიდი პროდუქციის ღირებულება ერთმანეთს გაუთანაბრდა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პროფილის შეცვლა გადავწყვიტეთ და სხვა ბიზნესზე გადავერთეთ. სამწუხაროდ, ჯართის ბიზნესი საქართველოში მომგებიანი საქმიანობა აღარ არის”, - აცხადებენ კომპანიაში.

ალუმინის გადამამუშავებელი საწარმო ”ჯითიეი გრუპი” გამოკითხულთა შორის ერთადერთია, სადაც ამბობენ, რომ პრობლემა არ აქვთ. კომპანიის წარმომადგენელი კახაბერ ქართველიშვილი აცხადებს, რომ მუშაობის ტემპი არ შეუმცირებია და დღემდე ბაზარზე წარმატებით მუშაობენ.

”ჩვენი კომპანია ალუმინის ქარხნის მფლობელია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ფინანსური პრობლემაა, ექსპორტი არ შეგვიმცირებია. პროდუქციას ვყიდულობთ ყველასგან, ვინც კი ამ ბიზნესით არის დაკავებული. ადგილობრივ ბაზარზე ერთი ტონა ალუმინის ფასი 3000 ლარია. ჩვენი კომპანია შეიქმნა 2010 წელს და წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ მოწინავე ტექნოლოგიით აღჭურვილ ალუმინის გადამამუშავებელ საწარმოს, რომლის გამოშვებული პროდუქცია აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე მოთხოვნასა და სტანდარტს. ალუმინის სხმულის ექსპორტის გარდა, ”ჯითიეი გრუპი” ახორციელებს საქართველოდან ფერადი ლითონის ჯართის: სპილენძის, თითბერის, ცინკისა და ალუმინის ჯართის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყნებში”, - განმარტავს კახაბერ ქართველიშვილი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”