"ქამრების შემოჭერა" მცირე ბიზნესმაც დაიწყო

"მეწარმეები ცდილობენ იაფფასიანი ოფისები იქირაონ ან სავაჭრო ცენტრებში გადავიდნენ"

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ცდილობენ თავიანთი ბიზნესი ხარჯების შემცირებით გადაარჩინონ. ამიტომ, ზოგიერთი მათგანი იძულებულია დაქირავებული ფართი დაცალოს და შედარებით იაფფასიან ადგილას გადავიდეს. როგორც თვითონ ამბობენ, საქმიანობის შეჩერებას ისევ ხარჯების შემცირება და "ქამრების შემოჭერა" არჩიეს.

მცირე ბიზნესი ცდილობს შედარებით იაფი და მცირე ფართი დაიქირავოს, რომ ხარჯები როგორღაც შეამციროს და იქ გადავიდეს, სადაც ნაკლები დანახარჯი და მეტი შემოსავალი ექნება. ფართის მფლობელები კი, იძულებული ხდებიან ფასები შეამცირონ. ნინო მ. ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ქირის გადახდა ვერ შეძლო და ამის გამო საქმიანობის სხვა უბანში გაგრძელება არჩია. "რამდენიმე წლის განმავლობაში ტანსაცმლის მაღაზია მქონდა თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ ქუჩაზე. მას შემდეგ, რაც დოლარი გაძვირდა, ძალიან გამიჭირდა - ოფისის ქირას დოლარში ვიხდიდი, რის გამოც გადასახადი გამიძვირდა, საქონელიც აღარ იყიდებოდა. კომერციული ფართის მფლობელს შეღავათის გაწევა ვთხოვე, მაგრამ სასტიკი უარი მივიღე. იძულებული გავხდი სხვა ადგილას გადავსულიყავი და გაცილებით მცირე ფართი მექირავა შედარებით იაფად. ჩემსავით იქცევა ყველა, ვინც გადასახადებს და ქირას ვერ უმკლავდება", - გვითხრა ნინო მ.-მა.

ანალოგიური პრობლემები აქვს შპს "მეთაფლიას" დამფუძნებელს როლანდ ზირაქიშვილს, რომელმაც bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ დოლარის კურსის გაზრდის შემდეგ ქირის გადასახადს 800 ლარით მეტს იხდის, ვიდრე მანამდე უწევდა. "სულ 5 მაღაზია მაქვს და მათ შორის ყველაზე ძვირს ცენტრალური ოფისის ქირაში ვიხდით, რომელიც შარტავას ქუჩაზე მდებარეობს. ჩვენ უკვე დავაყენეთ საკითხი, რომ თუ დამქირავებელი ფასს არ შეგვიმცირებს, სხვა გზა არ გვაქვს - ისეთი ოფისი უნდა ვეძებოთ, რომლის ქირასაც უფრო შევწვდებით. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვაჭრობა შემცირებულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. პროდუქციის ფასსაც ვერ ვაძვირებთ, რადგან თაფლი ისედაც ძვირია და რომ გავაძვიროთ, სულ გავკოტრდებით. ამიტომ ვცდილობთ სხვა გზები გამოვძებნოთ და როგორმე ჩვენი ხარჯები შევამციროთ", - გვითხრა როლანდ ზირაქიშვილმა.

უძრავი ქონების სააგენტო "კიბეს" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე აცხადებს, რომ დოლარის კურსის მატების პროცესი გასაქირავებელი ფართების რიცხვზე უკვე აისახა - მოიმატა საოფისე ფართების რიცხვმა და ქირის ფასის შემცირების ტენდენციაც კი გაჩნდა. "სხვათა შორის, კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა: მაღაზიების ნაწილი სავაჭრო ცენტრებში გადადის, სადაც ფასიც შედარებით მისაღებია და უფრო მეტი კომფორტია. ეს ტენდენცია ნელ-ნელა ინერგება. ჩემი დაკვირვებით, მეწარმეები ან სხვა ადგილას გადადიან, ან - სავაჭრო ცენტრებში- "ქარვასლაში", "კიდობანში", ან "გლდანი მოლში". მალე ვარკეთილშიც გაიხსნება დიდი სავაჭრო ცენტრი და მაღაზიების ნაწილი ალბათ იქაც გადავა", - აღნიშნავს ნელი გოგუაძე.

ნელი გოგუაძის თქმით, კომერციული ფართები ყველაზე დიდი რაოდენობით პრესტიჟულ უბნებში, კერძოდ ვაკე-საბურთალოზეა, მაგრამ მფლობელები ისეთ ფასს ადებენ, რომ გაქირავება უჭირთ. კომერციული ფართობის ფასი მაღალია სხვა ცენტრალურ ქუჩებზეც - მაგალითად, პეკინის ქუჩაზე ერთ-ერთი მეპატრონე 100 კვ. მეტრ ფართობს სარდაფით 6 ათას დოლარად აქირავებდა ანუ 1 კვ.მეტრს - 50-60 დოლარად; იმავე პეკინის ქუჩაზე, ოღონდ სხვა მონაკვეთში, საოფისე ფართი 3500 დოლარად ქირავდებოდა. კუტუზოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომერციული ფართი, რომელსაც ადრე მფლობელი 1800 დოლარზე მეტად აქირავებდა, ახლა 1500 დოლარი ღირს.

ამავე საკითხზე უფასო განცხადებების ვებგვერდ საქმე.გე-ს რედაქტორს, ლელა არაბულსაც ვესაუბრეთ. "ქირავდება კომერციული ფართი" - ამ შინაარსის განცხადებები ჩვენს ვებგვერდზე ყოველთვის იყო და ახლაც დიდი რაოდენობითაა. ჩვენი დაკვირვებით, მოიმატა ისეთი განცხადებების რიცხვმა, სადაც სილამაზის სალონისა და საცხობისთვის სურთ ფართის დაქირავება. გასაქირავებელი ფართები მართლაც უამრავია. ყველაზე მეტი ვაკე-საბურთალოს რაიონზე მოდის, რომელსაც დიდუბე-ჩუღურეთი მოჰყვება, შემდეგ კი თბილისის დანარჩენი უბნები. როგორც ყოველთვის, ვაკესა და საბურთალოზე გასაქირავებელი ფართების რაოდენობაც მეტია და ფასებიც უფრო მაღალია, ვიდრე გარეუბნებში", - გვითხრა ლელა არაბულმა.

ხათუნა ჩიგოგიძე