”ჩვენი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, და საერთოდ, აეროპორტის მდგომარეობა სავალალოა”

“ქართული მხარისთვის რუსულ ავიაკომპანიებთან ფრენების თაობაზე მოლაპარაკებები სრული კრახით დამთავრდა”.

ამის შესახებ ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თამაზ გაიაშვილმა ”პალიტრა ტვ”-ის გადაცემა ბიზნეს-PRESS-ში ისაუბრა. მისი თქმით, მოლაპარაკებები, რომლებიც რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს შორის საქართველო - რუსეთის მიმართულებით ფრენების სიხშირეებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, წარუმატებლად დამთავრდა: ”მე მინდა გითხრათ, რომ მოლაპარაკებები სრული კრახით დამთავრდა ქართული მხარისთვის. მე ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ ისინი რუსეთს ვერაფერს მოელაპარაკებოდნენ. დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობაც მათ არ აძლევდა საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ეწარმოებინათ. როდესაც არ არის დიპლომატიური კავშირი, ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი მე მგონი არც ისე ღირებულია. ამავე დროს, რუსები ულტიმატუმებს გვიყენებდნენ: არ გინდათ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება? ჩვენ შევწყვეტთ ფრენებსო. ჩვენი შეშინებული მხარე ყველანაირ დათმობაზე მიდიოდა და მიდის დღესაც”,- აღნიშნავს თამაზ გაიაშვილი.

მისივე თქმით, არსებული სიტუაცია იქამდე მივა, რომ რუსული ავიაკომპანიები ქართულ ავიაკომპანიებს გააკოტრებენ: ”რუსული კომპანიებისთვის ფრენების რაოდენობის გაზრდას ჩვენ რატომ ვეწინააღმდეგებით: იმიტომ, რომ როდესაც არ არსებობს მგზავრთა რაოდენობა, ეს იწვევს დემპინგს. რუსული კომპანიები ახორციელებენ დემპინგურ ფრენებს. ამას იქამდე გააგრძელებენ, სანამ ჩვენ არ გავჩერდებით. როდესაც ჩვენ გავკოტრდებით, ბაზარზე მარტო დარჩებიან და მომხმარებელს იმ ფასებს შესთავაზებენ, რაც მოესურვებათ”,-ამბობს თამაზ გაიაშვილი.

თამაზ გაიაშვილი აეროპორტის მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ აეროპორტს ყურადღების მიქცევა სჭირდება: ”ჩვენი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, და საერთოდ, აეროპორტის მდგომარეობა სავალალოა. მას სერიოზული ყურადღების მიქცევა სჭირდება. ყურადღების მიქცევა პროფესიონალებისგან და არა დილეტანტებისგან, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ”,-აღნიშნავს თამაზ გაიაშვილი.

იხილეთ გადაცემა