რატომ არის ისრაელის მოქალაქე იძულებული, საქართველოში ბიზნესი შეაჩეროს?

ბიზნესმენს იძულებულს ხდიან, საქართველოდან წავიდეს და მის მიერ დასაქმებული ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ხელისუფლება თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად ბიზნესის სახელმწიფოს ზეწოლისგან გათავისუფლებას მიიჩნევს. თუმცა პარტია ,,რეფორმატორები" კონკრეტულ ფაქტზე დაყრდნობით ებრაელი ბიზნესმენის მიმართ ზეწოლაზე საუბრობენ. საქმე ეხება ისრაელის მოქალაქის, მეილ შავითის კუთვნილ კომპანია "ემერ შავითს" და მის კონტრაქტორ კომპანიებს, სადაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უკვე ხუთ თვეზე მეტია, ფინანსურ შემოწმებას ახორციელებს.

დიზაინერი მეირ შავითი, რომელიც საქართველოში 2008 წლიდან იმყოფება, საიუველირო ნივთების დიზაინის შექმნითაა დაკავებული და კონტრაქტორ კომპანიებს საკუთარი ბრენდის სახელით ამ ნაკეთობების გამოშვების უფლებას აძლევს. ბიზნესმენის კომპანიების ბუღალტრის, გიორგი თოლორდავას თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებული, უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ. ,,მეირ შავითმა, რომელიც ისრაელის მოქალაქეა, ორმოცდაათამდე ახალგაზრდას უსასყიდლოდ შეასწავლა არა მხოლოდ საქმე, არამედ ბიზნესის კეთებაც. ცოდნის შეძენის შემდგომ, ამ ახალგაზრდებმა ფირმები დააფუძნეს და პრაქტიკულ საქმიანობას შეუდგნენ. ახლა ბიზნესმენს იძულებულს ხდიან, საქართველოდან წავიდეს და მის მიერ დასაქმებული ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ისიც უნდა ითქვას, რომ კომპანიების ნაწილმა მუშაობა შეაჩერა. 50-დან მხოლოდ 15-ღა შემორჩა და ძნელი სათქმელია, როდემდე შეძლებენ ასეთ პირობებში მუშაობის გაგრძელებას", - ამბობს გიორგი თოლორდავა.

კონკრეტულად, რას ედავება ფინანსური პოლიცია მეირ შავითის კომპანიებს და რაში გამოიხატება მათი მხრიდან ზეწოლა? - როგორც ირკვევა, საქმე პროდუქციაზე ფასდაკლებებს ეხება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანიებს შემოსავლების ნაკლებობას ედავება. თუმცა, როგორც გიორგი თოლორდავა აცხადებს, საგამოძიებო სამსახური არც კი ცდილობს იმის დადგენას, მართლაც მიიღო თუ არა კომპანიამ ის შემოსავლები, რასაც ედავებიან. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბრალდებების გამაბათილებელი დოკუმენტაცია, რომელიც ფინანსურ პოლიციას წარედგინა, არათუ სარწმუნოდ არ მიიჩნიეს, არამედ არც კი დაინტერესდნენ ამით.

,,არც მეირ შავითი და არც მისი კონტრაქტორი კომპანიების მეპატრონეები, ზოგადად, საგადასახადო შემოწმების წინააღმდეგნი არ არიან. ამის წინააღმდეგი ადეკვატური ადამიანი ვერ იქნება. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ შემოწმების პროცესს დასასრული არ უჩანს, რის გამოც შემოსავლები განახევრებულია, საწარმო, ფაქტობრივად, გაჩერებულია და თითიდან გამოწოვილი ჯარიმები იწერება. ადამიანს, რომელსაც 500 ლარი აქვს შემოსავალი, 7500 ლარით აჯარიმებენ. თვით კომპანიებს კი, რომლებიც თვეში 5000 ლარს ვაჭრობენ, 50-60 ათასიან ჯარიმებს უწერენ",- ამბობს გიორგი თოლორდავა.

2012 წელს ,,ენერ შავითი" ალტერნატიულმა აუდიტმა შეამოწმა და ამ შემოწმების საფუძველზე სახელმწიფო უწყებამ კომპანიას 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. როგორც ბიზნესმენის ბუღალტერი ამბობს, მაშინ კომპანიამ ეს თანხა გადაიხადა: "ბატონმა მეითმა ჩათვალა, რომ სახელმწიფოსთან დავაში არ უნდა შესულიყო, ჯარიმა გადაიხადა და საქმე განაგრძო. ეხლა თავიდან ამოწმებენ ყველაფერს, იქნებ მეტი გაქვთ გადასახდელი და კიდევ ერთხელ უნდა გადავითვალოთო. ამასობაში წარმოება კვდება. ნამუშევრები არ იყიდება. მეირ შავითი იძულებული ხდება, აქედან წავიდეს."

კითხვაზე, წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა თუ არა მეირ შავითის საქართველოში ბიზნესსაქმიანობას პრობლემები, გვიპასუხეს, რომ ასეთი პრობლემები მანამდე არ შექმნიათ. რაც შეეხება იმას, თუ რა გზებით აპირებენ თავიანთი სიმართლის დამტკიცებას, გიორგი თოლორდავა გვპასუხობს, რომ ამჟამად დავა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარეობს. კომპანიაში კი საკითხს მათ მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი აუდიტი სწავლობს. "სიმართლე სამართლებრივი გზებით როგორმე უნდა დავამტკიცოთ. მიტინგებს ხომ არ გავმართავთ. ფინანსისტისთვის პოლიტიკა უკუჩვენებაა. მეირ შავითისთვის ისრაელის და საქართველოს მეგობრობაა მთავარი პარტია. ამ ეგიდით არის ჩამოსული საქართველოში. აქ კი ეუბნებიან, არ გვჭირდებიო", - ამბობს გიორგი თოლორდავა.

ნონა ბურნაძე