ქართული თხილის ექსპორტი ავტომობილების ექსპორტს არ ჩამორჩება

"ქართული თხილის ხვალინდელი დღე ხარისხის გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული"

თხილის ბიზნესი საქართველოში თანდათან, მაგრამ სტაბილურად ვითარდება. ამაზე მეტყველებს ”საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიც, რომლის თანახმად, 2015 წლის იანვარ-თებერვალში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი ტრადიციისამებრ, მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, რომელმაც მთლიანი ექსპორტის 13 პროცენტი შეადგინა, ხოლო მეორე ადგილი თხილის ექსპორტს ერგო - ამ სეგმენტმაც მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 13 პროცენტი დაიკავა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფმა გადმოინაცვლა - ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტზე მთლიანი ექსპორტის 11 პროცენტი მოდის.

თუ გავითვალისწინებთ, რომ 2014 წლის იანვარ-სექტემბერში ქართული თხილი საექსპორტო ჩამონათვალში მე-6 ადგილზე იყო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართულ თხილს აქვს პოტენციალი, მსოფლიო ბაზარზე თავისი ნიშა დაიმკვიდროს მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მსოფლიო ბაზარზე თხილის უმსხვილესი მწარმოებელია და ამ ქვეყანასთან კონკურენციის გაწევა რთული იქნება.

"მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და გონივრული, გააზრებული ნაბიჯები უნდა გადავდგათ", -  განაცხადა bpn.ge-სთან საუბრისას თხილის გადამამუშავებლთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე მოწერელიამ.

მისი თქმით, ამ დარგში კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი და გამოსასწორებელი.

- ავტომობილების ექსპორტს თხილის ექსპორტს არ შევადარებ იმიტომ, რომ ავტომობილების ექსპორტი სინამდვილეში არის რეექსპორტი. ეს ავტომობილები დასავლეთის ქვეყნებიდან შემოჰყავთ და მერე გადის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში. თხილი კი, საქართველოშია წარმოებული. სტატისტიკის მიხედვით, თხილის ბიზნესმა საქართველოს 2014 წელს 182 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა. რა თქმა უნდა, პოტენციალი საკმარისია და შეიძლება ვისაუბროთ ამ რაოდენობის გაორმაგებასა და გასამმაგებაზეც. არსებობს გრძელვადიანი პროგრამა, ახალი ნარგავებიც იზრდება და ქართული თხილიც თანდათან უფრო ცნობადი ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს დარგი დინამიურად ვითარდება და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა უმჯობესია თვითტკბობას არ მივეცეთ და ყველაფერი ზუსტად გავთვალოთ. ქართული თხილის წარმატების მთავარი მიზეზი წელს თურქეთში უამინდობაა, რომლის გამო მცირე მოსავალი მოვიდა. ამიტომ, სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ: დღეს თურქეთში არსებული დეფიციტის გამო ქართული თხილი მსოფლიო ბაზარმა გაიწოვა, მაგრამ რა მოხდება მომავალ წელს, როცა ეს დეფიციტი აღარ იქნება? ექსპორტის რაოდენობის ზრდის მეორე მიზეზიც არსებობს - ქართული თხილის ცნობადობა თანდათან მატულობს.

- ბატონო ალექსანდრე, ცნობილია, რომ ქართული თხილი თურქულს ხარისხით არ ჩამოუვარდება. მაინც რაშია ქართული თხილის სუსტი მხარე?

- ერთია გემო, ხარისხი და მეორე - გადამუშავების პროცესში დაშვებული შეცდომები. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ საქართველოში თხილს იმ დონეზე არ უვლიან, როგორც თურქეთში. საჭიროა მეცნიერულად დამუშავებული პროგრამა, რომლითაც ეს დარგი იხელმძღვანელებს. ადრე არსებობდა ჯიშთა გამოცდის ცენტრები, სადაც ახალი და საინტერესო ჯიშები გამოჰყავდათ, ამ მიმართულების აღდგენაც არ იქნებოდა ურიგო. ერთი სიტყვით, ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობაა საჭირო. ქართული თხილის ხვალინდელი დღე ხარისხის გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული. უნდა შევძლოთ და არ დავკარგოთ ნიშა, რომელიც დღეს მსოფლიო ბაზარზე გვაქვს.

- გადამუშავების პროცესში დაშვებული შეცდომები ახსენეთ. კონკრეტულად რომელ შეცდომას გამოყოფდით?

-ქართულ თხილს დროული და სწორი გაშრობა აკლია, რის გამოც ფარული სიდამპლე მასში ძალიან მაღალია. ამიტომ, მსოფლიოს წამყვანი კომპანიები ერიდებიან ქართული თხილის შესყიდვას, თანაც, ეს არა ბუნებრივი, არამედ არასწორი გადამუშავებისა და შენახვის გამო მიღებული პრობლემაა. მოგეხსენებათ, ეს დარგი ძირითადად წვრილი გლეხური მეურნეობების ხელშია. მართალია, ჩვენი გლეხების ერთმა ნაწილმა დაიწყო თხილის ნაკვეთების მოვლა, მაგრამ მცენარის მოვლა ერთია და მიღებული ნედლეულის შენახვა - სულ სხვა. შეიძლება თხილს სასუქიც მისცე, მოუარო, მოსავალიც კარგი მიიღო, მაგრამ შენახვის პირობებს თუ არ დაიცავ, თხილი გაფუჭდება. არადა, ჩვენი გლეხები რაც უფრო ხარისხიან პროდუქციას მიიტანენ ქარხნებში, ანაზღაურება მით უფრო გაეზრდებათ. ხშირად ქართველი გლეხები და ფერმერები ელემენტარულ ნორმებსაც ვერ იცავენ: ახლადდაკრეფილ თხილს პოლიპროპილენის ტომრებში ინახავენ, დროულად ვერ აშრობენ, მერე კი, სადაც ინახავენ, იქაც სინესტეა და თხილი თანდათან ფუჭდება. სხვათა შორის, "ფერერომ" შემოიტანა ე.წ. ჯვალოს ტომრები, რომელშიც თხილი სუნთქავს და არ ინესტება. ეს არის კანაფისგან მოქსოვილი ტომრები, რომლებიც პოლიპროპილენს ბევრად სჯობს. ხომ შეიძლება ეს მაინც გაკეთდეს? თუ ამ ხარვეზებს გამოვასწორებთ, ქართული თხილის მიმართ უნდობლობა გაქარწყლდება და თუ ჩვენს თხილს ცნობილი კომპანიები შეიძენენ, მთელი მოსავლის გაყიდვას შევძლებთ, მომავალში კი გაორმაგებასა და გასამმაგებას. ამ შემთხვევაში 182 მილიონ დოლარზე კი არ გვექნება საუბარი, არამედ 400 და 500 მილიონზე წელიწადში. ეს, რა თქმა უნდა, სოლიდური თანხაა, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოსა და მის მოსახლეობას.

-ბატონო ალექსანდრე, რა წილი უკავია მსოფლიო ბაზარზე ქართულ თხილს?

- მსოფლიოში ყოველწლიურად 900 ათას ტონა გაუტეხავ თხილს მოიხმარენ, აქედან თურქეთის წილი 600 ათასი ტონაა, რჩება 300 ათასი ტონა, რომელიც ნაწილდება შემდეგ ქვეყნებზე - იტალია, საქართველო, ესპანეთი, აზერბაიჯანი, საფრანგეთი… თუ საქართველოში თხილის ნარგავების რაოდენობა გაიზრდება, ჩვენ შევძლებთ საკმაოდ სწრაფად დავეწიოთ იტალიას, სადაც მთელი წლის განმავლობაში 140-150 ათასი ტონა თხილი მოჰყავთ. საქართველოში ყველაზე დიდი მოსავალი, რაც დაფიქსირებულა, იყო 70 ათასი ტონა, ანუ იტალიის მოსავლის ნახევარი. მოსავლიანობის მხრივ იტალიის დონესაც რომ მივაღწიოთ, ეს დიდი წინსვლა იქნება, მით უმეტეს, კლიმატიც ხელს გვიწყობს და გამოცდილებაც გვაქვს. ხელს რა გვიშლის? - არცოდნა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება. ძალიან აფერხებს თხილის წარმოებას საშრობების არქონა, რადგან დასავლეთ საქართველოში ხშირად წვიმს. არის ხალხი, ვისაც ეს არ ადარდებს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც უნდა გააშროს თავისი თხილი და ხარისხიანი საქონელი ჰქონდეს, მაგრამ ამის საშუალება არა აქვს. ამ ხალხს ყურადღება და დახმარება სჭირდება. იმის გამო, რომ გლეხებს არა აქვთ საშრობები, ჩვენ ვერ ვინარჩუნებთ ხარისხს - სეზონის დასაწყისში ქართული თხილი კარგია და ყველა სტანდარტს შეესაბამება, სეზონის ბოლოს კი, ერთი შეხედვით მშრალია, მაგრამ შიგნით სიდამპლე აქვს. უხეშად რომ ვიანგარიშოთ, 1 ტონა თხილში 800-900 დოლარი იკარგება იმის გამო, რომ ის თავის დროზე არ გააშრეს და არ შეინახეს. ნებისმიერ შემთხვევაში ახლად დაკრეფილი თხილი სამი დღე მაინც უნდა იყოს მზეზე, კარგად გაშრეს და მერე უნდა ჩაყარონ ისეთ ტომრებში, სადაც ნესტი არ გაუჩნდება - ჩვენმა გლეხებმა ეს ელემენტარული წესები მაინც უნდა დაიცვან, თუ უნდათ, რომ მათმა მოსავალმა ხარისხი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს. ბოლოს კი ვიტყოდი, რომ ამ დარგმა თავისით გაიკვლია გზა და საკმაოდ სწრაფად განვითარდა. თუ მეტ ყურადღებას მივაქცევთ, ის უფრო მეტ მოგებას მოგვცემს. როგორც გითხარით, თურქეთში თხილს განსაკუთრებით უვლიან, ამიტომ დღეს 1 კილოგრამი თურქული თხილი მსოფლიო ბაზარზე 15 დოლარი და 20 ცენტი ღირს, ხოლო ქართული - 13 დოლარი და 50 ცენტი, ეს კი სერიოზული განსხვავებაა. ხარისხი, მიწოდებისა და გადახდის პირობები, ცნობადობა - ეს ის საშუალებებია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ქართული თხილის წარმატებას განსაზღვრავს და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე