ავტომფლობელებს განბაჟების ვადა შესაძლოა გაუხანგრძლივდეთ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას რეექსპორტისთვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის გარკვეული შეღავათების ამოქმედების ინიციატივით მიმართავს.

ოპოზიციონერი დეპუტატის მიხეილ მაჭავარიანის ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში წარდგენილია "საგადასახდო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის განხილვაც ჯერ დაწყებული არ არის, თუმცა საკითხი ინიცირებულია. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ავტომობილების განბაჟების, რეექსპორტში მიმოქცევის პერიოდი იზრდება და 2015 წლის 31 დეკემბრამდე 180-დღიანი ვადით განისაზღვრება. გარდა ამისა, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები თავისუფლდებიან 2014 წლის 1-ელი იანვრიდან 2015 წლის 1-ელი მაისის მდგომარეობით შემოყვანილ ავტომობილებზე დაკისრებული სანქციებისგან. პროექტი ჯარიმების ჩამოწერას ითვალისწინებს.

როგორც ინიციატივის ავტორი განმარტავს, კანონპროექტი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას ნაწილობრივ იქონიებს - კერძოდ, დეკლარირების ვადის გახანგრძლივებით ბიუჯეტში გადასახდელი თანხების გადახდა მოგვიანებით მოხდება, ხოლო სანქციების ჩამოწერის კუთხით ჯამური ოდენობის განსაზღვრა და წინასწარი დაანგარიშება შეუძლებელია, რადგან დამოკიდებულია კოდექსში დადგენილი ვადების დარღვევასთან. ამასთან, როგორც მაჭავარიანი აცხადებს, ამ კონტექტსში გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეწარმე ფიზიკური პირები სანქციებისგან მხოლოდ 2015 წლის 1-ელ მაისამდე თავისუფლდებიან.

ნათია ინაური