თინა კანდელაკს რუსეთში ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ

რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი ცნობილ ტელეწამყვანსა და ბინზესში წასულ თინა კანდელაკს ფინანსურ მაქინაციებსა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს.

რუსული მედიის ცნობით, ილია იაშინმა კომპანია "აპოსტოლი", რომლის აღმასრულებელი დირექტორიც თინა კანდელაკი გახლავთ, სახელმწიფო ტენდერების უკანონო მოგებაში დაადანაშაულა. ილია იაშინის განცხადებით, თინა კანდელაკი მონაწილეობდა კორუფციულ სქემებში და უკანონოდ გაიმარჯვა "ახალი მოსკოვის" რაიონის ბრენდის შექმნაზე გამოცხადებულ ტენდერში. ბრალდებას თინა კანდელაკი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მზად არის სასამართლოს წინაშეც კი წარდგეს.

"ბიზნესში წასვლის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ჩემი კომპანიის მუშაობის მისამართით ისმოდა არაკომპეტენტური შეფასებები, უსაფუძვლო შეურაცხყოფა იმ ადამიანების მხრიდან, რომელიც არასდროს ყოფილა დაკავებული ბიზნესით და არ გააჩნია იურიდიული და ფინანსური განათლება, რომ ამ სფეროს ექსპერტის დონეზე შეფასება შეძლონ", - წერს თინა კანდელაკი "ფეისბუქზე". ყოფილმა ტელეწამყვანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში ყველაზე ძლიერი საკომუნიკაციო კომპანიის შექმნას გეგმავს და გაღიზიანებული ხალხისთვის პასუხის გასაცემად დრო არ აქვს.