ბიზნესმენი ბესო ხარძიანი მოკლეს

”იძულებით დამათმობინეს კომპლექს "კუს ტბის" აქციები”

დღეს ბიზნესმენ ბესო ხარძიანს ესროლეს. ხარძიანი მიყენებული ჭრილობებისგან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ბიზნესმენი საკუთარი ქონების ჩამორთმევაზე საუბრობდა. შეგახსენებთ, ბესო ხარძიანი კომპლექს "კუს ტბის" წილის დაბრუნებას სასამართლო გზით ცდილობდა.

ბესო ხარძიანი: "2011 წლის 16 თებერვალს დამაკავეს გმირთა მოედანზე, ჩამიდეს ნარკოტიკული საშუალება, პირშიც ჩამაყარეს ნარკოტიკი და გლდანის ციხეში გამამწესეს. ჩემი სიცოცხლისა და თავისუფლების სანაცვლოდ, ჩემს ოჯახს წილის დათმობა აიძულეს (მინდობილობა ოჯახის წევრებზე მქონდა გაფორმებული). წინა ხელისუფლების მთავარი ზონდერი გია უდესიანი ჩემს დას 5-6-ჯერ შეხვდა, ჩემს ძმას კი სცემა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ციხეში ჩემზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედება. მოკლედ, იძულებით დამათმობინეს კომპლექს "კუს ტბის" აქციები. რა თქმა უნდა, მომატყუეს, არ გამათავისუფლეს და 2 წელი გავატარე პატიმრობაში. რომ არა ახალი ხელისუფლება, ალბათ, ცოცხალიც არ ვიქნებოდი. დათა ახალაია-გია უდესიანის ბინძურ ტანდემს შევეწირე და დღეს "კუს ტბის" აქციების 43% ბადრი ქურასბედიანისა და გია უდესიანის ხელშია. ეს ადამიანები ამოეფარნენ კომპანიას ოფშორში, რომელიც "უოლმილ სერვისის" სახელით არის დარეგისტრირებული. სანამ ეს ამბები მოხდებოდა, 5 მილიონი გადამახდევინეს, იმ პირობით, რომ "კუს ტბის" თაობაზე არ შემეხებოდნენ. ასევე, შემომთავაზეს პარლამენტარობა და მთხოვეს კენჭი მეყარა, რაზეც უარი ვუთხარი. ასევე, მთავაზობდნენ სხვისთვის წართმეულ ბიზნესებს, მაგ. "ჟინვალჰესი" უნდა წაერთმიათ ბიზნესმენ ჭიჭინაძისთვის და ჩემთვის გადმოეცათ, ამაზეც არ დავთანხმდი. მოკლედ, არ ვიყავი "მათიანი" და ამიტომაც დამსაჯეს. სხვათა შორის, "კუს ტბის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში უდესიანის თანამზრახველი იყო მხედრიონელი ირაკლი შიხიაშვილი - საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვეტერანთა დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსი. შიხიაშვილი ცდილობდა, "კუს ტბა" არაბებზე გაეყიდა, მაგრამ ვერ მოახერხა".