უკრაინის პრეზიდენტის ბიზნეს-აქციებს რუსული კომპანიები იყიდიან?

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბიზნეს-აქციების ყიდვით ამერიკული, შვეიცარიული, იტალიური და რუსული კომპანიები არიან დაინტერესებულები.

ამის შესახებ ICU group-ის პრესსამსახური იტყობინება, რომელიც პრეზიდენტის ბიზნესის აქციების გაყიდვების აგენტს წარმოადგენს. "ჩვენ ყველა იმ კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომლებმაც "როშენის" აქციების ყიდვის სურვილი გამოთქვეს, ძირითადად დაინტერესებულები არიან რუსული კომპანიები, ასევე კიდევ რამდენიმე უცხოელი ინვესტორი", - წერია პრესსამსახურის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საკუთარი ბიზნესის გაყიდვის პირობა ქვეყანაში გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე დადო. ტკბილეულობის მწარმოებელი კომპანია "როშენი" 1996 წლიდან დაარსდა და მას შემდეგ იგი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად იქცა. სარეიტინგო სააგენტოების შეფასებით, პოროშენკოს ბიზნესის ღირებულება 750 მილიონ დოლარს აღწევს.