ავტოსკოლის მასწავლებლები მართვის შესწავლის მსურველთა შემცირებას უჩივიან

ავტოსკოლის წარმომადგენლები უპრეცედენტო ჩავარდნაზე საუბრობენ

ლარის გაუფასურება ქვეყანაში ბიზნესის თითქმის ყველა სფეროს შეეხო. ავტოსკოლის წარმომადგენლები უპრეცედენტო ჩავარდნაზე საუბრობენ. 40 წლის სტაჟის მქონე სერგო ისოიანი ამბობს, რომ ბოლო ორი თვეა ის და მისი კოლეგები მოსწავლეების მნიშვნელოვან შემცირებას უჩივიან.

"ავტომობილის მართვის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ვასწავლი. მოსწავლეთა რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება "ავტომატიკაზეც" დაიწყო. თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს - ვინც საგამოცდოდ ემზადებოდა და რამდენიმე გაკვეთილი გავლილი გვქონდა, იმ ადამიანებმაც კი შეწყვიტეს მეცადინეობა. როგორც ზოგიერთმა მათგანმა მითხრა, დოლარის ასეთი კურსის ფონზე მანქანის განვადებით გამოყვანას ვეღარ რისკავენ. ზოგიერთს კი თითო გაკვეთილში 20 ლარის გადახდა გაუჭირდა", - გვითხრა სერგო ისოიანმა.

სერგო ისოიანი ასევე აღნიშნავს, რომ ბევრმა მისმა კოლეგამ ავტომატური გადამცემთა კოლოფის მქონე ავტომობილები შეიძინეს, რადგან "მექანიკაზე" სწავლის მსურველთა რიცხვი სულ უფრო მცირდებოდა. "ახალი მანქანები ბანკის სესხით შეიძინეს. ახლა კი ავტომობილის მართვის შესწავლის მსურველთა რაოდენობის შემცირება მათ შემოსავლებზეც აისახა და ბანკში აღებული სესხის გადახდა ძალიან უჭირთ", - ამბობს სერგო ისოიანი.

ლალი პაპასკირი