"ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე საუბრობენ"

ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე საუბრობენ, რის გამოც ფერხდება ინვესტიციების მოზიდვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

"ბიზნესის ადგილობრივი თუ უცხოელი წარმომადგენლები დღესაც ხშირად საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან ცალკეული გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე, რის გამოც საქმიანი ინიციატივის განხორციელება დროში იწელება, ფერხდება ინვესტიციების მოზიდვა. მნიშვნელოვანია ბიზნესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავად ბიზნესმენთა ჩართვა და მეტი ინფორმირებულობა საზოგადოების. საჭიროა საფუძველშივე მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან იმ ინიციატივის გაჟღერებამდე თუ კანონის მიღებამდე, რომელიც უკავშირდება ბიზნესგარემოს, ინვესტიციებს და ტურიზმს. როდესაც მიღებულია გადაწყვეტილებები, აუცილებელია მისი სწრაფი და ენერგიული განხორციელება. სახელმწიფოს მიზანია მიაღწიოს ბიზნესის იმგვარ რეგულირებას, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი ბაზრისა თუ მეწარმეობის განვითარებას. არსებულმა თუ მომავალმა რეგულაციებმა არ უნდა შეზღუდონ ბიზნესის საქმიანობა მისთვის დამატებითი პრობლემების შექმნის გზით", - განაცხადა მარგველაშვილმა.