მომგებიანია თუ არა ”მავნე” ინვესტიციები

”მავნე” ინვესტიციები ”არაეთიკურ” აქციებში, სფეროებსა და ქვეყნებში გაცილებით მომგებიანია, ვიდრე სოციალურ-საპასუხისმგებლო დაბანდება.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კვლევითი ინსტიტუტის Credit Suisse-ის მიერ ჩატარებული კვლევის ”Credit Suisse Global Investment Returns Yearbook 2015”-ის ავტორები, რომელთაც კვლევის ჩატარებისას 1900 წლიდან მოყოლებული, 26 საერთაშორისო ბაზრის ისტორიული მონაცემები გამოიყენეს. კვლევის თანახმად, ისტორიულ პერსპექტივაში თამბაქოს კომპანიებში ინვესტიციები ყველაზე წარმატებული გამოდგა. გარდა ამისა, სოლიდური კომპანიის აქციები, რომელიც მეორად ბაზარზეა მიმართული, უფრო მაღალშემოსავლიანია, ვიდრე მოძველებულ, ტრადიციულ დარგში მომუშავე კომპანიის ფასიანი ქაღალდები.

კვლევის მიხედვით, თამბაქო მე-20 საუკუნის შუა წლამდე მავნე ნივთიერებად არ მიიჩნეოდა. მას შემდეგ კი, რაც 1947-65 წლებში თამბაქო ”მავნე” პროდუქტების სიაში მოხვდა, წლის განმავლობაში თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების შემოსავლები 3%-ით შემცირდა. 1965 წლის შემდეგ, როდესაც საყოველთაოდ დამტკიცდა თამბაქოს ნეგატიური გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, აშშ-ის თამბაქოს კომპანიებმა აქციების შემოსავლიანობის მხრივ სხვა კომპანიების შემოსავლებს წლიური მაჩვენებლით 3%-ით გადაუსწრეს 1965-2006 წლის პერიოდში. ანალოგიურ ტენდენციას აჩვენებენ სხვა ”მავნე” კომპანიებიც - ალკოჰოლური კომპანიების აქციები შემოსავლების მხრივ ბაზარს 5,3%-ით უსწრებენ, აზარტული თამაშები კი 26,4%-ით.

”პასუხისმგებლიანმა ინვესტორებმა უნდა აღიარონ, რომ გარკვეულწილად დამნაშავე არიან ”მავნე” ინდუსტრიების მაღალ შემოსავლებში. აქციების კურსის დაწევაზე ზეწოლა ამ კომპანიებს ნაკლებად ფასეულს გახდიდა და შესაძლოა, მათი შთანთქმის ალბათობაც გაეზარდა”, - აღნიშავს Credit Suisse-ს აქციაზე ბაზრის კვლევის გლობალური განყოფილების ხელმძღვანელი რიჩარდ კერსლი. კვლევის ავტორთა თქმით, იმისათვის, რომ მოგების მიღების შანსები გაზარდოთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ აქტივების ”შეკავება”, ასევე ახალი საწარმოებისა და მრეწველობის როტაციის სტრატეგიის ზრდის ტემპები.

”1900 წელს, ბირჟაზე ამერიკული კომპანიების აქციების 80%-ზე მეტის ღირებულება ისეთ დარგებზე მოდიოდა, რომელთა წილიც დღეს ან ძალიან მცირეა, ან საერთოდ ნულის ტოლია. დიდი ბრიტანეთისთვის ანალოგიური მაჩვენებელი 65%-ს შეადგენდა. მაგალითად, სარკინიზგო სფერო, რომელსაც მე-20 საუკუნის დასაწყისში წამყვანი პოზიციები ეკავა მაშინ, როცა 115 წლის შემდეგ მისი ხვედრითი წონა აშშ-ის საფონდო ბირჟაზე 1%-ზე ნაკლებს შეადგენს და თითქმის ნულის ტოლია დიდ ბრიტანეთში”, - ნათქვამია Credit Suisse -ის კვლევაში. კვლევის ავტორთა თქით, ბაზარზე მყოფი ბევრი თანამედროვე კომპანია დღეს ისეთ დარგში მუშაობს, რომელიც 1900 წელს ან არ არსებობდა, ან უმნიშვნელო იყო. კვლევის მონაცემებით, ასეთი კომპანიების წილი აშშ-ში 62%-ს შეადგენს, დიდ ბრიტანეთში - 47%-ს. ”2015 წლის ყველაზე მსხვილი დარგები მაღალი ტექნოლოგიები, ნავთობისა და გაზის სექტორი, საბანკო სფერო, სამთო რესურსების მოპოვება, ჯანდაცვა და ტელეკომუნიკაციებია. 1900 წელს კი ნავთობისა და გაზის სექტორი, ტექნოლოგიები და ჯანდაცვა, ფაქტობრივად, არ არსებობდა”, - ნათქვამია კვლევაში.

ავტორთა განმარტებით, მე-20 საუკუნის ბოლოდან დარგობრივი დივერსიფიკაცია ისეთივე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა, როგორც ქვეყნის დივერსიფიკაცია. ბევრ ქვეყანაში საფონდო ბაზრები კონცენტრირებულია რამდენიმე დარგში და ამავდროულად, ბევრი წარმოება ფოკუსირებულია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაზე. ”იმისათვის, რომ სრულად იქნას გამოყენებული შესაძლებლობები დივერსიფაკაციისთვის, ინვესტორისთვის აუცილებელია გაამრავალფეროვნოს თავისი აქციები დარგებისა და ქვეყნების ფართო სპექტრის ხარჯზე”, - ნათქვამია კვლევაში.