გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებმა გონიოში აქცია გამართეს

გონიოში გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

მათი ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია მათ "ტრაილერების" კერძო, ფასიან ავტოსადგომზე პარკირებას აიძულებს და სხვა ტერიტორიაზე გაჩერების უფლებას არ აძლევს.  მძღოლები ვარაუდობენ, რომ პარკირებიდან შემოსული თანხა არალეგალურია და ბიუჯეტში არ შედის. ფასიანი ავტოსადგომი შპს "ფიგოილს" ეკუთვნის.

"მე აქვე ვცხობრობ, სამას მეტრში. რეისიდან როცა ვბრუნდები და სახლში მიმყავს მანქანა, მაშინაც კი არ მიშვებს პატრული და მაიძულებს, ავტოსადგომზე შევიდე. არ დაემორჩილები, ჯარიმას დაგაწერენ. რა ვქნა, სხვა გამოსავალი არ არის. შემყავს მანქანა და ვიხდი 15 ლარს", - აცხადებს აქციის მონაწილე მურმან ბერიძე. აქციის კიდევ ერთი მონაწილის, მიხეილ ზოიძის თქმით, პატრული იმის უფლებას არ აძლევს, რომ მანქანით ოფისთან მივიდეს, საბუთები მოაწესრიგოს.  "არც იმის ნება გვაქვს, რომ სახლებში მივიყვანოთ მანქანა ამ პარკინგის გავლის გარეშე და ჩვენი ტვირთი ჩამოვცალოთ. ეს 15 ლარი ყველა შემთხვევაში უნდა გადაიხადო. როდემდე? რამდენჯერ? ყოველთვის ხომ არ მივდივარ თურქეთში?"- ამბობს მიხეილ ზოიძე.

გონიოში გამართული აქციის საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ პატრულის მხრიდან სატვირთო სატრანზიტო ავტომობილების მძღოლებზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება. როგორც პრესსამსახურში ამბობენ, საპატრულო პოლიცია არეგულირებს რიგებს და სარფის საბაჟოსთან საცობების თავიდან აცილების მიზნით, მანქანები შეჰყავს ავტოსადგომზე, საიდანაც ისინი ეტაპობრივად გადიან საბაჟოს მიმართულებით. მსგავსი პროცედურის შედეგად, არ ფერხდება მოძრაობა და საზღვრის გადაკვეთა ხდება მოწესრიგებულად.