რა პრობლემები არსებობს ქართული ღვინის ბაზარზე?

"რუბლისა და გრივნის კურსის ვარდნა ექსპორტს ნამდვილად შეეტყო"

საქართველოში ყველაზე კარგ მდგომარეობაში ღვინის ბიზნესია - ამის შესახებ როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, თავად მეღვინეებიც აცხადებენ. თუმცა მიუხედავად ამისა, ღვინის ბაზარზე პრობლემები არსებობს, რომელიც ძირითადად, რუსეთსა და უკრაინაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება, რაც ქართული ღვინის ექსპორტზე უარყოფითად აისახა. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში რუსული რუბლისა და უკრაინული გრივნის გაუფასურების გამო, ქართული ღვინის ექსპორტიორები განსაკუთრებით დაზარალდნენ.

"ჩვენი პროდუქცია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში - რუსეთსა და უკრაინაში, ასევე გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში გაგვაქვს. ერთადერთი პრობლემა რუბლისა და გრივნის კურსის ვარდნაა, რაც ექსპორტს ნამდვილად შეეტყო", - ამბობს ღვინის მწარმოებელი კომპანია "ჯივიესის" წარმომადგენელი.

ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი რუსეთში 85%-ით შემცირდა, უკრაინაში კი 66 %-ით. თუმცა, ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლით, ეს ორი ქვეყანა კვლავ ლიდერად დარჩა. კერძოდ, ღვინის ექსპორტის 2 თვის ჯამური მონაცემებით, ლიდერობს რუსეთი - 1 007 231 ბოთლით, უკრაინა - 477 384 ბოთლით, ყაზახეთი - 458 922 ბოთლით, პოლონეთი - 220 082 და ჩინეთი - 216842 ბოთლით. რუსეთსა და უკრაინაში ეროვნული ვალუტის ფასის ვარდნის გამო, ღვინის ქართველ მწარმოებელთა დიდმა ნაწილმა ორიენტირება ევროპულ და აზიის ბაზარზე დაიწყო. განსაკუთრებით მზარდი დინამიკაა პოლონეთის და ჩინეთის ბაზრებზე ექსპორტის კუთხით. ღვინის ბიზნესით დაკავებული ზურაბ ჭარბაძე უპირატესობას პოლონეთის ბაზარს ანიჭებს.

"მთლიანი გათვლა ევროპულ ბაზარზე გვაქვს. იმას არ ვამბობთ, რომ რუსეთსა და უკრაინაში არ გავყიდით, გავყიდით, მაგრამ ისე არ გვინდა მოგვივიდეს, როგორც ზოგიერთი ქარხნის შემთხვევაში. რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტი 87 პროცენტით შემცირდა, შესაბამისად ქარხნები კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჩვენ უბრალოდ ამ ბაზრისთვის არ გავთვალეთ ექსპორტი იმისათვის, რომ თავი ამ მდგომარეობაში არ ჩაგვეგდო. შესაბამისად, ახლა უფრო მყარი გარანტიები გვაქვს იმის, რომ პროდუქციას გავყიდით იმ ქვეყნებში, სადაც მეტი სტაბილურობაა", - აღნიშნავს ზურაბ ჭარბაძე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ქართული ღვინისთვის უცხოური ბაზრების დივერსიფიცირებაზე. "იმისათვის, რომ სტაბილურობა იყოს გარანტირებული, საჭიროა უფრო მეტ ბაზარზე ვიყოთ შესული. ბოლო წლების განმავლობაში ბაზრების დივერსიფიცირებაზე მუშაობა განსაკუთრებით გააქტიურდა. კერძო სექტორთან ერთად შევარჩიეთ პრიორიტეტული ბაზრები - აშშ, ევროპა, განსაკუთრებით პოლონეთი, აზიაში - ჩინეთი და ასევე დიდი ბრიტანეთი. სახელმწიფოს თანადაფინანსებით ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ ღვინის თითქმის ყველა გამოფენაში, რაც მსოფლიოს მასშტაბით ტარდება", - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა bpn.ge-სთან ინტერვიუში.

გასულ წელს საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) გააფორმა, აღნიშნული დოკუმენტი ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე მარტივად მოხვედრას უწყობს ხელს. ამისთვის კი საჭირო გახდა რიგი კანონმდებლობისა და პროცედურების ევროპულ სტანდარტებზე მორგება. თუმცა, როგორც გიორგი სამანიშვილი აღნიშნავს, ამ შეთანხმების შედეგად მნიშვნელოვანი ცვლილებები მეღვინეობის დარგში არ მომხდარა:

"ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც საქართველოში მეღვინეობის დარგში რეფორმა ჩატარდა და მიიღეს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ევროკავშირის სისტემასთან დაახლოვება უკვე იყო არჩეული პრიორიტეტულ მიმართულებად. მას შემდეგ ჩვენ ყურადღებას ვაქცევდით კანონმდებლობას, კონტროლის სისტემას, რომ ჰარმონიაში ყოფილიყო ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ამიტომაც ჩვენ ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმული გვქონდა მაშინ, როდესაც DCFTA გაფორმდა. თუმცა, ეს დოკუმენტი მაინც გვეხმარება განვითარებაში. ამგვარად, ჩვენ ევროკავშირის კულტურას უფრო მეტად ვუახლოვდებით".

რაც შეეხება პროდუქციის ხარისხს, ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მეღვინეობის დარგი არც ამ მხრივ დამდგარა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე DCFTA-ის გაფორმების გამო. "ქართული ღვინო საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და ქართული ღვინო უკვე დიდი ხანია აკმაყოფილებს ხარისხის კუთხით ევროკავშირის მოთხოვნებს. ასე რომ, განსაკუთრებული გამოწვევები ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, არ გვაქვს", - აღნიშნავს გიორგი სამანიშვილი.

მეღვინეებისა და ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ერთადერთ პრობლემას მათთვის ამჯერად რუსეთსა და უკრაინაში ეროვნული ვალუტის ფასის დასტაბილურება წარმოადგენს. გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბაზარზე დადებითი ძვრები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში მოსალოდნელია რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის ზრდა. მისივე თქმით, გარკვეულმა კომპანიებმა იმპორტიორებთან ღვინის ექსპორტის შესახებ შეთანხმებებს უკვე მიაღწიეს.

თამთა ჯიჯავაძე