საქართველოში პირველად უძრავი ქონების ბაზრის კვლევა ჩატარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის მერიისა და საპარტნიორო ფონდის დაკვეთით საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა ჩატარდა.

კვლევა Colliers International-მა ჩაატარა. უძრავი ქონების ბაზრის მასშტაბური კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. კვლევა ძირითადად აქცენტირებულია თბილისზე, რადგან, კვლევის ავტორთა თქმით, ინვესტორების ფოკუსირება სწორედ დედაქალაქზე ხდება.

"თვალსაჩინოა შესაძლებლობები უძრავი ქონების თითქმის ყველა სექტორში. იზრდება საოფისე ფართების მიწოდება. 2017 წლისთვის დაგეგმილია საოფისე ფართების მთლიანი მიწოდების 17.7%-იანი ზრდა. მიმდინარეობს რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, რაც 2016 წლის ბოლომდე თანამედროვე სავაჭრო ფართების მიწოდებას 50%-ით გაზრდის. სასტუმროების ბაზარს შესაძლებლობა აქვს მოიზიდოს საშუალო და მაღალი კლასის საერთაშორისო ოპერატორები მზარდი ტურისტების ნაკადის დასაკმაყოფილებლად, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ წელიწადში 23.5%-ით იზრდებოდა. რეკრეაციული ტურისტული ბაზრის ზრდა თავის მხრივ, ხელს უწყობს კვების ინდუსტრიის, კინოთეატრების, საოჯახო და გასართობი ცენტრების განვითარებას. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოსალოდნელია მოთხოვნის ზრდა, ძირითადად თბილისის გარეუბნებში", - აცხადებენ კვლევის ავტორები.

კვლევის ავტორებმა შეისწავლეს 6 სექტორი და 14 ყველაზე დიდი ქალაქი. კვლევა შეეხო სასტუმროებს, სავაჭრო ფართებს, საოფისე ფართებს, საცხოვრებელ ფართებს, სასაწყობო ფართებს და გასართობ ბიზნესს. "სავაჭრო მიმართულებით ყველაზე მეტად შეინიშნება მიწოდების გაზრდა, საოფისე მიმართულებით - ნაკლებად. საცხოვრებელ სექტორშიც დიდი ზრდაა. ზოგადად დადებითი ტენდენციები შეინიშნება 2014 წელს. თბილისსა და რეგიონებს თუ შევადარებთ, უძრავი ქონების ბაზრის მხრივ ძალიან დიდი განსხვავებაა. მთელი ბაზრის 80% მოდის თბილისზე. სასტუმროების ნაწილში კი აქტიურია აჭარა, სხვა რეგიონებში ნაკლებად. თუმცა, ტურისტულ ადგილებს აქვთ დიდი პოტენციალი განვითარების", - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ქეთი ბოჭორიშვილის განცხადებით, ამ კვლევის შედეგად საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება სხვადასხვა მიმართულებით. "მინდა გამოვყო სავაჭრო ცენტრები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს და ხორციელდება ძალიან საინტერესო პროექტები, რომლებიც 2016 წლის ბოლომდე თითქმის 50%-ით გაზრდის ბაზარზე სავაჭრო ცენტრების კვადრატულობას. სასტუმროების მხრივაც არის პოზიტიური ტენდენციები და ამ მიმართულებით ყველა სეგმენტში არის პოზიტიური ინფორმაცია. არაერთი მსხვილი პროექტი არის დაგეგმილი. მზრდადი ტურისტების რაოდენობიდან გამომდინარე დაფიქსირდა მაღალი დაკავებულობის დონე სასტუმროებში. თითოეული მშენებლობა, პროექტი, იწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და იწყებს დამატებითი ეფექტების გამოვლენას. გამოჩნდა საინვესტიციო პოტენციალი", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ ამ კვლევის შედეგად გამოიკვეთა უძრავი ქონების ბაზრის დეფიციტური მიმართულებები, რის აღმოსაფხვრელად განხორციელდება აქტიური სამუშაოები. "ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ გვაქვს მკაფიო სურათი უძრავი ქონების ბაზრის. ეს არის სეგმენტი, რომელიც კონკრეტულად ქალაქის ეკონომიკის ზრდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა ძირითადი მიმართულებით, იქნება ეს საცალო ვაჭრობა, საცხოვრისი, სასტუმროები, გასართობი თუ სხვა ტიპის უძრავი ქონება, გვაქვს სურათი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ძალიან კარგად დავაფორმიროთ ჩვენი საინვესტიციო შეთავაზებები, ვიმუშავოთ იმ მიმართულებებზე, რომელიც დღეს გამოვლინდა როგორც დეფიციტურად და საინვესტიციო ინტერესი მოვიზიდოთ მიზნობრივად სწორედ ამ სეგმენტებში. ასეთებად შეიძლება განვიხილოთ, როგორც საშუალო სეგმენტის და კლასის სასტუმროები, ასევე მაღალი კლასის სასაწყობე და ლოჯისტიკური ცენტრები, რომლებზეც მოთხოვნა იზრდება, თუმცა ამ ეტაპზე მიწოდება მოთხოვნას ჩამორჩება. ასევე მნიშვნელოვანია საცხოვრისებზე გაზრდილი მოთხოვნა თბილისის შედარებით გარეუბნებში, სადაც ზრდის დიდი პოტენციალია და მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელება ამ რეგიონებში იქნება მოზიდული უახლოესი პერიოდის განმავლობაში", - განაცხადა ბერეკაშვილმა.