თბილისში ავტოთაღლითობის შემთხვევები გამოვლინდა

"მაქსიმალურად უნდა მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რათა თაღლითობის მსხვერპლი არ გახდნენ."

წლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილი სასურველი მანქანის უცხოეთიდან ჩამოყვანას დამოუკიდებლად ახერხებს, ნაწილი კი საშუამავლო კომპანიების ან კერძო პირების მეშვეობით. როგორც ჩანს, ეს ბიზნესი საკმაოდ მომგებიანია, რაზეც ბოლო დროს მსგავსი საშუამავლო კომპანიების სიმრავლე მეტყველებს. თუმცა სამწუხაროდ, მომრავლებული საშუამავლო კომპანიების პარალელურად, არსებობს იმის საკმაოდ მაღალი ალბათობა, რომ რომელიმე კომპანიის თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდეთ. კერძო პირების შემთხვევაში ეს რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

თაღლითობის ერთ-ერთი მაგალითი გამოვლინდა გასულ კვირას - თბილისისა და რომის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროების თანამშრომლობის შედეგად, იტალიაში თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ქართველებისგან დაკომპლექტებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა იტალიიდან ავტომობილების საქართველოში იმპორტის მიზნით, შპს "იტალავტო" დააფუძნა. კომპანია თაღლითური განზრახვით კლიენტებს შემცირებულ ფასებს სთავაზობდა, მეტი სანდოობისთვის სკაიპის საშუალებით ახორციელებდნენ იტალიაში არსებული ავტომობილების საქართველოში პოტენციური მყიდველებისთვის ჩვენებას. 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე ჯგუფმა 21 კლიენტთან გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება და თაღლითურად დაახლოებით 180 000 ევრო მიითვისეს. ამჟამად, კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი თაღლითობის სქემით საქართველოში დაფუძნებული კომპანიებიც მოქმედებენ. bpn.ge-თვის ერთ-ერთი ასეთი კომპანიის თაღლითობის შესახებ გახდა ცნობილი, რომელმაც რამდენიმე კლიენტი მსხვილი თანხებით აზარალა. ჩვენი რესპონდენტის ცნობით, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა, სასურველი მანქანის შეძენა საშუამავლო კომპანიის მეშვეობით გადაწყვიტა, რადგან აღნიშნული მანქანის შეძენა საქართველოში გაცილებით ძვირი დაუჯდებოდა. ამ მიზნით, ერთ-ერთ საშუამავლო კომპანიას - შპს "ამერიკა მოტორსს" დაუკავშირდა. მანქანა შეარჩია, პირობებს გაეცნო და ფირმას წინასწარ 10 000 დოლარიც გადაუხადა. როგორც ჩვენს რესპონდენტს ფირმაში განუცხადეს, კომპანიას მანქანა იაპონიიდან უნდა ჩამოეყვანა, ტრანსპორტირებას კი გარკვეული დრო სჭირდებოდა. 3 თვის შემდეგ, როცა შეგულებული მანქანა ვერ მიიღო, კომპანიასთან დაკავშირება სცადა. თუმცა, უშედეგოდ - "ამერიკა მოტორსის" მფლობელები გაუჩინარდნენ. როგორც მოგვიანებით გაარკვია, ანალოგიურ მდგომარეობაში რამდენიმე კლიენტი აღმოჩნდა. მომხდართან დაკავშირებით დაზარალებული სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის მიმართვას აპირებს.

როგორც bpn.ge-სთვის გახდა ცნობილი, "ამერიკან მოტორსი" წერეთლის 49-ში მდებარეობდა, თუმცა დღეს ოფისი დაკეტილია. კომპანიის მფლობელთან მანუჩარ ჯელაძესთან დაკავშირება კი შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩვენი რესპონდენტის ინფორმაციით, თაღლითებმა ქვეყანა უკვე დატოვეს. მეტი ინფორმაციის მოძიების მიზნით, მეწარმეთა რეესტრს ვესტუმრეთ, სადაც "ამერიკან მოტორსის" სახელწოდებით სამი ფირმაა რეგისტრირებული. თუმცა არცერთ მათგანში მანუჩარ ჯელაძე არ ფიგურირებს.

"ამერიკან მოტორსის" შესახებ ინფორმაციის მოპოვება სხვა საშუამავლო კომპანიებთან ვცადეთ, მაგრამ ამაოდ. როგორც ერთ-ერთი კომპანიის, "ამერიკან გოლდენ მოტორსის" მფლობელმა ალექსანდრე ჩინჩალაძემ გვითხრა, აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით, რამდენიმე პიროვნება დაუკავშირდა. თუმცა, ის მანუჩარ ჯელაძის და მისი კომპანიის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. თავად ალექსანდრე ჩინჩალაძემ საკუთარი კომპანია რამდენიმე თვის წინ გააუქმა. მისი თქმით, ეს ბიზნესი წამგებიანი გახდა. "საქართველოში 2011 წელს დავბრუნდი, როცა ბიზნესის განვითარება წინ მიიწევდა. სხვა ქვეყანაში ცხოვრებას, სამშობლოში საკუთარი საქმის კეთება ვარჩიე. თავიდან საქმე კარგად აეწყო, მაგრამ ნელ-ნელა ეს ბიზნესი ჩაკვდა. ამიტომ ფირმა დავხურე. სიმართლე გითხრათ, წინა ხელისუფლების დროს ბიზნესი წინ მიდიოდა, ახლა ერთ ადგილზეა გაყინული. რაც შეეხება თაღლითობებს, პირადად ჩემს კომპანიას არც ერთ კლიენტთან პრობლემა არ ჰქონია, თანხის 10-%-ს წინასწარ ვიღებდით, ტრანსპორტირებას დაახლოებით 2-3 თვე სჭირდებოდა და ამის შესახებ კლიენტს წინასწარ ვაფრთხილებდით", - გვითხრა ალექსანდრე ჩინჩალაძემ.

კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე ბპნ.გე-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ არ არსებობს იმის ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი გახდა თაღლითობის მსხვერპლი. ვინაიდან, ზოგიერთი დაზარალებული დამოუკიდებლად ცდილობს თაღლითის მოძებნას და მასთან ანგარიშის გასწორებას, ზოგს კი თანხის დაბრუნების იმედი არ აქვს და ხელი ჩაიქნია.

ვასო ურუშაძე: რამდენიმე თაღლითობის შესახებ მსმენია, ამის თაობაზე მომმართეს და დახმარება მთხოვეს. ზოგიერთ საშუამავლო კომპანიას აქვს თავისი საიტი, სადაც მომხმარებლისთვის ყველანაირი სერვისია შექმნილი. ერთი შემთხვევის შესახებ გიამბობთ, რომელიც ჩემს მეგობარს შეემთხვა. ერთ-ერთ ფირმას კონკრეტული მარკის მანქანის საბურავები და სავალი ნაწილები შეუკვეთა, რომელიც იაპონიიდან უნდა შემოეტანათ. გარკვეული თანხა წინასწარ გადაიხადა. ფირმაში უთხრეს, რომ მისი შეკვეთა უკვე შეისყიდეს და კონტეინერშია მოთავსებული. თან დასძინეს, რომ რამდენიმე თვე დააგვიანდებოდა. საბოლოოდ, როცა კონტეინერი საქართველოში ჩამოვიდა, ჩემი მეგობარი ადგილზე დახვდა, მაგრამ იქ სხვისი შეკვეთა აღმოჩნდა. მაშინვე ფირმის წარმომადგენელს დაურეკა, თუმცა ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვა და გაარკვია, რომ ფირმის წარმომადგენლები უკრაინაში წავიდნენ, სადაც ანალოგიურ საქმიანობას ეწევიან. ამის შემდეგ სამართალდამცავებს მიმართა. ამჟამად, შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. მეორე შემთხვევა, საკმაოდ გახმაურებულია, საქმე უკვე გაიხსნა. იტალიაში რამდენიმე ქართველი თაღლითი დააკავეს, რომლებიც იტალიიდან ახორციელებდნენ დისტანციურ მომსახურებას. მათ საქართველოს მოქალაქეები უკავშირდებოდნენ, სასურველ ავტომანქანას უკვეთავდნენ და თანხას წინასწარ ურიცხავდნენ. როცა დაზარალებულებმა ფირმის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოინდომეს, აღმოჩნდა, რომ ისინი საქართველოში არ იმყოფებოდნენ და თაღლითურ საქმიანობას სკაიპის მეშვეობით ახერხებდნენ.

- რა ბერკეტებია სახელმწიფოს ხელში მსგავსი თაღლითობების თავიდან ასარიდებლად?

- სამწუხაროდ, სახელმწიფო წინასწარ ამის პრევენციას ვერ ახდენს. დღესდღეობით, საქართველოში ნებისმიერს შეუძლია შექმნას მსგავსი საიტი და ნებისმიერი სახის ინფორმაცია განათავსოს. მათ შორის, მანქანების იმპორტზეც. სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერევა, თუ დაზარალებული მოქალაქე შესაბამის უწყებებს მიმართავს და დაადასტურებს, რომ მის მიმართ თაღლითობას ჰქონდა ადგილი. მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია სპეციალური დანიშნულების ჯგუფის შექმნა, რომელიც ჩაატარებს კვლევას საქართველოში არსებული ყველა ავტოკომპანიის შესახებ. ეს ხელს შეუწყობს კომპანიის სანდოობის დადგენას, რათა მომავალში კლიენტს ეჭვი არ შეეპაროს მის კეთილსინდისიერებაში. შემდეგ ეს ინფორმაცია რომელიმე საჯარო სამსახურის საიტზე უნდა გამოქვეყნდეს, რათა ავტომობილის ან ავტონაწილების შეძენის მსურველებს სახელმწიფოსგან ჰქონდეთ იმის გარანტია, რომ აღნიშნული კომპანიები სახელმწიფოს მხრიდან ნდობით აღჭურვილი არიან. ყველა ახალმა კომპანიამ, რომელიც მომავალში დაფუძნდება, სახელმწიფოს მხრიდან აკრედიტაციის მსგავსი დოკუმენტი უნდა მოითხოვოს და უნდა მოხდეს მათი შემოწმება. ასევე მაქსიმალურად უნდა მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომ თაღლითობის მსხვერპლნი არ გახდნენ.

სალომე გოგოხია