”დანერგე მომავალი” - პროექტი, რომლითაც 1000-1200 ჰექტარი ახალი ბაღები გაშენდება

მეწარმეები და ფერმერები შეძლებენ აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას

"დანერგე მომავალი" - 6 მარტიდან სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ორკომპონენტიან პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანია საქართველოში მეხილეობის განვითარება, მრავალწლიანი ბაღების გაშენება და ამ მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების დანერგვა. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების პროცესი 6 მარტიდან დაიწყო. პროექტის "დანერგე მომავალი" განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ახალი პროექტის განხორციელების შედეგად, მეწარმეები და ფერმერები შეძლებენ აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას და ამავე დროს, გაიზრდება ქვეყნის აგრარული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი.

ლევან დოლიძე, პროგრამა ”დანერგე მომავალის” მენეჯერი: ”პროექტი ”დანერგე მომავალი” ინიცირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროექტის განხორციელების იდეა შექმნილმა ვითარებამ წარმოშვა. დღეისთვის მრავალწლიანი კულტურები საქართველოში ძირითადად მოძველებულია. ბაღების დიდი ნაწილია გასული საუკუნის 70-80-იან წლებშია გაშენებული. ნარგავების უმეტესობა ხეხილის ძველი ჯიშებია, მათი მოვლა ხდება მოძველებული ტექნოლოგიით და შესაბამისად მცირე მოსავალსაც იძლევა. ყველაფერი ეს კი ვერ აკმაყოფილებს იმ თანამედროვე მოთხოვენებს, რომელიც დამკვიდრებულია დღეს ისეთ ბაზრებზე, როგორიც მაგალითად ევროკავშირია. გარდა ამისა, გრძელვადიანი კულტურების გაშენება მოითხოვს გრძელვადიან კაპიტალდაბანდებას. გაშენებული ბაღი რეალურად მოსავალს მესამე-მეოთხე წელს იძლევა. შესაბამისად, მცირე ფერმერს არ აქვს შესაძლებლობა განახორციელოს ისეთი ინვესტიცია, რომლისგანაც მოგებას მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიიღებს. გამომდინარე აქიდან და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ნიადაგი ხელსაყრელია მრავალწლიანი კულტურების, მათ შორის ხილის ფართო ასორტიმენტის წარმოებისთვის და გემოვნური თვისებებითაც გამოირჩევა, გადაწყდა რომ მომზადებულიყო ისეთი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარებას. ქვეყანაში მეხილეობის განვითარება მომავალში ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდას და იმპორტის შემცირებას. გარდა ამისა, საქართველოს რეგიონებში შეიქმნება დამატებითი დოვლათი, წარმოებისთვის ადგილობრივი ნედლეული გაჩნდება და რაც მთავარია ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური ყოფა გაუმჯობესდება.

- როგორც ცნობილია, პროექტი ”დანერგე მომავალი” შედგება ორი კომპონენტისგან, იქნებ დეტალურად განმარტოდ რას გულისხმობს, როგორც ერთი, ისე მეორე კომპონენტი?

- პროექტი ”დანერგე მომავალი” შედგება ორი კომპონენტისგან: მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა. პროექტის მეორე კომპონენტი ხელს შეუწყობს პირველი კომპონენტის განვითარებას. ხოლო თუ ბაღების მასობრივი გაშენება მოხდება, ეს ხელს შეუწყობს ნერგებზე მოთხოვნის ზრდასაც. დღეს არის მოქმედი კარგი სანერგე მეურნეობები, თუმცა საკმაოდ ჭირს ნერგებზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება. მრავალწლიანი კულტურების კომპონენტში, პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას ნერგების ღირებულების 70% და თანამედროვე, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის 50%-ით. თანამედროვე ბაღების გაშენება წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე, შესაბამისად ბაღი აღჭურვილი უნდა იყოს წვეთოვანი სარწყავი სისტემით. არის გარკვეული კრიტერიუმები, რომლის გათვალისწინებითაც მოხდება დაფინანსების გაცემა. ბაღების გაშენების შემთხვევაში, მაქსიმალური გასაცემი თანხა 100 ათასი ლარია, ხოლო მიწა, რომელზეც უნდა გაშენდეს ბაღი, 5-დან 20 ჰექტრამდე უნდა იყოს. თუმცა გავითვალისწინეთ მცირემიწიანი რეგიონების რეალობა, სადაც შესაძლებელია 1 ჰექტარის ფლობის შემთხვევაშიც მიიღოს მონაწილეობა მსურველმა ამ პროგრამაში. გარდა ამისა, კიდევ უფრო მცირემიწიან ფერმერებს, ვისაც 1 ჰექტარზე ნაკლები სავარგული აქვთ, შეუძლიათ გაერთიანდნენ, ჩამოაყალიბონ კოოპერატივი და მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში. ამ შემთხვევაში, კოოპერატივებს დამატებითი წახალისებისთვის გადავცემთ შესაწამლ აპარატებს საჩუქრად. კიდევ უფრო დეტალურად თუ ვისაუბრებთ პროექტზე, ერთ-ერთი პირობაა, რომ მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, 500 მეტრში უნდა იყოს წყლის წყარო, იქნება ეს მდინარე, ტბა თუ წყალსაცავი, რაც გახდება კვების წყარო წვეთოვანი სისტემის სარწყავი მოწყობილობისთვის. წვეთოვანი სისტემის უპირატესობა იმაშია, რომ ხდება კულტურის სწორად გამოკვება სასუქით, შხამ-ქიმიკატებით, ხდება წყლის მიწოდების ზუსტი დოზირება, რაც მეტად ეფექტურია ნიადაგისთვისაც და შესაბამისად ასეთი ტიპის ბაღი იძლევა გაცილებით მეტ მოსავალს, ვიდრე ძველი ჯიშებით გაშენებული და ძველი ტექნოლოგიით მოყვანილი ბაღები. თანამედროვე ვაშლის ბაღში მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 80 ტონამდე აღწევს, მაშინ როცა მოძველებულ ბაღებში მოსავლიანობა საშუალოდ 4-5 ტონაა.

რაც შეეხება პროექტის მეორე კომპონენტს - სანერგე მეურნეობებს, ამ შემთხვევაში ცოტა განსხვავებულია მიდგომა და ბენეფიციარს მოეთხოვება შესაბამისი კვალიფიკაცია, რადგნ ეს უფრო სპეციფიკური საქმეა. ამ შემთხვევაში ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს ბიზნესგეგმა-პროექტი, რომლის შესადგენად შემუშავებული გვაქვს კითხვარი, რაც გაუადვილებს მას ბიზნესგეგმის სწორად შედგენას. მიწის ფართობთან დაკავშირებით აქაც იგივე მოთხოვნებია, რაც ბაღების შემთხვევაში. ამ კომპონენტში ხდება პროექტის ღირებულების 50%-ის დაფინანსება, არა უმეტეს 100 ათასი ლარისა ერთ ბენეფიციარზე. კიდევ უფრო დეტალური ინფორმაციის ნახვა ჩვენს მომხმარებელს შეუძლია ვენგვერდზე www.apma.ge.

- ფინანსური თანადგომის გარდა, კიდევ რაში დაეხმარება სახელმწიფო პროგრამის მონაწილეებს?

- საჯაროდ გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხტვა სანერგე მეურნეობებისთვის პროგრამაში მონაწილეობისთვის. სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა შეარჩია მათგან ყველაზე კვალიფიციურები და მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდზე. შესაბამისად, ფერმერს შეუძლია თავად აირჩიოს ვისგან შეიძენს ნერგებს. შეიძლება რამდენიმე კომპანიისგანაც შეიძინოს ნერგი თუ მაგალითად, სხვადასხვა კულტურის გაშენებას აპირებს. სარწყავი სისტემის შემთხვევაშიც გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა და მივიღეთ განაცხადები კომპანიებისგან და ეს ნუსხაც გამოვაქვეყნეთ, რათა კომპანიებს გაუადვილდეთ მათთვის სასურველი კომპანიის მოძიება. ჩვენ არ ვზღუდავთ ბენეფიციარს და მას შეუძლია თუნდაც ნერგის იმპორტი განახორციელოს. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ასევე ყველა ბენეფიციარი მიიღებს ტექნიკურ დახმარებას ბაღის - სანერგე მეურნეობის მოვლის პრაქტიკული ტრეინინგისა და თეორიული კურსის სახით.

- ძირითადად რა დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევს ბენეფიციარს პროგრამაში მონაწილეობისთვის?

- აქვე უნდა ითქვას, რომ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. რაც შეეხება დოკუმენტაციას, კომპანიის შემთხვევაში ეს არის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ცნობა საგადასახადო სამსახურიდან და აუცილებელია, რომ ბენეფიციარმა წარმოადგინოს ცნობა მიწის დამუშავების შესახებ, რომელსაც გასცემს სოფლის მეურნეობის საინფორმაციო ცენტრი. ეს ცენტრები რეგონებში მდებარეობს, მათი წარმომადგენელი მივა ადგილზე და დაათვალიერებს არის თუ არა სავარგული დამუშავებული და არსებობს თუ არა მიმდებარედ წყლის წყარო. ბენეფიციარს ასევე აქვს ვალდებულება, გააკეთოს მიწის ლაბორატორიული ანალიზი, რაც გარკვეულ ხარჯთან არის დაკავშირებული. მაგრამ, იმ ბენეფიციარებს, ვინც დააკმაყოფილებს პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიიღებენ დაფინანსებას, ლაბორატორიის ხარჯებს ავუნაზღაურებთ. ამ ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე, ბენეფიციარმა სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან უნდა აიღოს ცნობა, რომ მისი ნიადაგი შეესაბამება იმ კულტურას, რომლის მოყვანასაც აპირებს.

- მათ, ვისაც მიწა არ აქვთ საკუთრებაში და აქვთ აღებული იჯარით, შეუძლიათ პროგრამაში მონაწილეობა?

- ეს უნდა იყოს გრძელვადიანი იჯარა და იჯარის მოქმედების ვადა უნდა იყოს დარჩენილი არანაკლებ 10 წლისა.

- განაცხადების მიღება 6 მარტიდან დაიწყო და რამდენად მაღალი აქტივობა?

- აქტივობა საკმაოდ მაღალია. ამ ხნის განმავლობაში 500 ზარია შემოსული. რეკავენ, მოდიან და აგროვებენ შესაბამის დოკუმენტებს. განსაკუთრებით აქტიურობს შიდა და ქვემო ქართლი, სადაც ძირითადად მოთხოვნაა ვაშლისა და ქლიავის ბაღების გაშენებაზე. ბევრი კულტურაა, რომლის გაშენება შემოდგომით სჯობს, ამიტომ აქტივობის მეორე ტალღას სწორედ ამ პერიოდისთვის ველოდებით. მათ შორის დიდია მოთხოვნაა თხილზე. ”დანერგე მომავალი” ორწლიანი პროექტია და ამ პროექტისთვის 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პროექტი შემდგომშიც გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება მოთხოვნაზე და განვლილ პერიოდზეც. ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამის განხორციელების შედეგად, საქართველოში დამატებით 1000-1200 ჰექტარი ახალი, თანამედროვე, მაღალი ინტენსივობის ბაღები და 30-40 სანერგე მეურნეობა გაშენდება.

ემა ტუხიაშვილი