ჩაის კულტურის ქართულ-ჩინური თავგადასავალი

ვინ ჩამოიტანა ჩაის ნერგები საქართველოში

პირველად ჩაი საქართველოში 1770 წელს გამოჩენილა, მაშინ, როდესაც რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ ერეკ­ლე მეორეს სამოვარი და ჩაის სერვიზი აჩუქა. შემდეგში ამიერკავკასიაში ჩაის მოშენების მცდელობა XIX საუკუნის 30-იანი წლებ­იდან ჩანს. ამ საქმეში ინიციატივა ეკუთვნის თავად ვორონცოვს, რომელმაც ჩაის ბუჩქი­ იმპერატორის ბაღიდან სოხუმის ბოტანიკურ ბაღსა და ოზურგეთის მცენარეთა ჯიშსაშენებში გადმორგო. მცენარემ შესანი­შნავად იგუა ადგილობრივი ჰავა. აქედან ჩაის ბუჩქი გადაურგავთ ზუგდიდში, დადი­ანების სასახლეში, მოგვიანებით ჩოხატაურის მახლობლად, ერისტოვების მამულში. თუმცა, შესაბამისი­ ტექნოლოგიების უცოდინარობის გამო დაბალი ხარისხის მოსავალი მიუღიათ. ეს, რაც შეეხება მცდელობებს, საქართველოში ჩაის კულტურის განაშენიანება კი კონსტანტინე პოპოვის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც ამ საქმის ასაღორძინებლად 1893 წელს ჩინე­თიდან აჭარის ზღვისპირეთში ლაო ჯონჯაო ჩამოიყვანა. ლაო ჯონჯაოს შვილიშვილი გუანვენ ლიუ-ყანდარელი გვიამბობს:

- ლაო ჯონჯაო კუანვენის პროვინციაში შეძლებული სამხედრო პირის ოჯახში დაიბადა. მამა ბრძოლაში დაეღუპა. იმის შიშით, რომ ლაოც სამხედრო საქმეს არ გაჰყოლოდა, ჩემმა დიდმა ბებიამ ის ნჭოუს პროვინციაში ჩაის ფაბრიკაში მოაწყო სამუ­შაოდ. მალე შესანიშნავად შეისწავლა ეს საქმე. სწორედ ამ პერიოდში ჩადის ჩინეთში რუსი კონსტანტინ პოპოვი. პოპოვები ჩაით მოვაჭრენი იყვნენ. უფროს ძმას, ძირითადად, ინდოეთთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობები, კონსტანტინე კი ჩინეთში საქმიანობდა. კონსტანტინე პოპოვს­ მიწები ჰქონდა ბათუმშიც. მას მოეჩვენა, რომ ამ მიდამოების მოწითალო ნიადაგი ძალიან ჰგავდა კანტონურს (ჩინეთის პროვინცია გუანჯოუს ევროპელები კანტონს უწოდებდნენ), ამიტომაც წამოიწყო ეს ექსპერიმენტი. ჩემი პაპა ლაო ჯონჯაო მისი მოწვევით 1893 წლის 4 ნოემბერს პირველად ჩამოვიდა საქართველოში 10 ჩინელ ოსტატთან ერთად. ამ დროს ის 23 წლის გახლდათ. "პირობები ჩემთვის სავსებით მისაღები იყო - თვიური შემოსავალი 500 მანეთი, ბინა, კვება, ცხენი აღჭურვილობით," - ვკითხულობთ მის ჩანაწერებში.

ლაომ წელიწადზე მეტი დრო დაჰყო მოსამზადებელი სამუშა­ოებისთვის. შემდეგ ნახევარი წლით ჩინეთში­ დაბრუნდა, 1897 წელს კი თავისი ოჯახით ბათუმში გამოემგზავრა. ამჯერად პოპოვმა მგზავრობისთვის მთელი გემი იქირავა. ლაოს ბათუმში მოჰყავდა დედა, ცოლი, და, 5 წლის ვაჟი და ახალშობილი ქალიშვილი, ასევე 12 მუშა-ოს­ტატი მეუღლეებთან ერთად. ლაომ ასევე წამოიღო მანდარინის, ლიმონის, ბამბუკის ნერგები, სხვადასხვა ჯიშის ყვავილ­ები. როცა ჩამოვიდნენ, მათთვის განკუთვნილი სახლი ზღვის პირას, პოპოვის ერთ-ერთ მამულში - კაპრეშუმის ნაკრძალში, უკვე დასრულებული იყო. ეს სახლი ახლაც დგას ჩაქვში, ნინოშვილის #12-ში. ოჯახს ემსახურებოდა რვაცხენიანი ეტლი. პაპაჩემს ცხენები ძალიან უყვარდა და საუკეთესო ჯიშის ცხენებიც ჰყავდა. ლაო ჯონჯაოს ოჯახს გადაეცა აგარაკი მწვანე კონცხზეც.

იხილეთ სრულად