ნაჭუჭში მოხალული და დამარილებული თხილის საცდელი პარტია ბულგარეთში გავიდა

საქართველოში ინოვაციური პროდუქტის - მოხალული, დამარილებული თხილი ნაჭუჭით წარმოება ხდება. შპს "ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი” 2013 წელს აშენდა, რაშიც 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. წარმოების განვითარების მიზნით, ქარხანამ სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 782 000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა. საწარმომ თანამედროვე, უახლესი მოსახალი და შესაფუთი მანქანა-დანადგარები, აუცილებელი საწარმოო აღჭურვილობა და ნედლეული შეიძინა. ქარხანაში, რომელიც თავისი მასშტაბებითა და წარმოების მოცულობით ყველაზე დიდია საქართველოში, თხილის გულის, მოხალული, ბლანშირებული თხილისა და ინოვაციური პროდუქტის - მოხალული, დამარილებული თხილი ნაჭუჭით წარმოება ხდება.

ლევან ბოლქვაძე, ქარხნის დამფუძნებელი:

- ამ ეტაპზე ნედლეულიდან ვამზადებთ ნაჭუჭში მოხალულ და დამარილებულ თხილს, რომელიც საქართველოში ინოვაციაა. შიდა ბაზარზე და საცალო ვაჭრობაში ვაპირებთ ჩაშვებას. საცდელი ვერსია უკვე გავუშვით ექსპორტზე, ბულგარეთსა და სხვადასხვა ქვეყნებში.

- კონკრეტულად რომელ ქვეყანაში?

- პროდუქციის ეს სახეობა ჯერჯერობით მხოლოდ თურქეთში იყიდება და ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ თურქულთან შედარებით, გაცილებით იაფია. სწორედ ამიტომაც არის დაინტერესებული ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მაგრამ როგორც გითხარით, ბულგარეთში უკვე გავუშვით საცდელი რაოდენობა და ვნახოთ, ხარისხს როგორ დავაკმაყოფილებთ. შემდეგ დაიწყება უფრო დიდი შეკვეთები. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან, ინგლისთან და რუსეთთანაც. რაც შეეხება დატვირთვას, ქარხანას შეუძლია ერთ სამუშაო ცვლაში, ანუ 8 საათში, 90 ტონა მოხალული თხილი აწარმოოს. ხოლო ჩვეულებრივი თხილის გული ერთ სამუშაო ცვლაში, 200 ტონა შეიძლება ვაწარმოოთ. ამას ემატება ასევე ერთ სამუშაო ცვლაში, 90 ტონა მოხალული თხილი ნაჭუჭით.

ამ ეტაპზე თხილის გულზე სრული დატვირთვით არ ვმუშაობთ, რადგან თხილის ფასი ამ სეზონზე ძალიან მაღალია. კილოგრამი ნაჭუჭიანი თხილის ფასი 11 ლარს გასცდა, დარჩეულის ფასი კი 30 ლარზე მეტია. ანუ ნედლეულის შესაძენად ძალიან დიდი თანხა გვეხარჯება. ასე რომ, უკვე თხილის სეზონზე, აგვისტოსთვის, ყველაზე მცირე, 100 ადამიანი მაინც დაგვჭირდება. ახალი მოსავლის დროს, თხილის ფასი შედარებით დაბალია და რაც უფრო მეტს მივიღებთ, ჩვენთვის უკეთესია.

-ფაქტია, რომ ამ ბაზარზე კონკურენცია გამძაფრდება. თხილის რეალიზატორებს ვგულისხმობ...

- ჩვენ მათთან პარტნიორობსა და თანამშრომლობას ვაპირებთ, რადგან თავად შევისყიდით თხილის გულს და რაც უფრო სწრაფად და მეტი რაოდენობით მივიღებთ ნედლეულს, მით უკეთესია ჩვენთვის, რადგან ასე უფრო ადვილად დაამზადებ სარეალიზაციო "პარტიას". ამიტომაც, თუნდაც პატარა ქარხნებთან, შეთანხმებულად მუშაობას ვაპირებთ.

ლალი პაპასკირი