საქართველოში ექვსი წისქვილკომბინატის მუშაობა შეჩერდა

ადგილობრივ წარმოებას დემპინგური პროდუქტი ძირავს

ქართულ ბაზარზე დემპინგური პრობლემებია. რუსეთიდან და უკრაინიდან მიზერული ფასით შემოსული პროდუქტი ადგილობრივ წარმოებას პრობლემას უქმნის. იმის გამო, რომ ფასს კანონმდებლობა არ არეგულირებს, ბიზნესს გაფართოების ნაცვლად, გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა.

დემპინგური ფასი გახდა მიზეზი, რამაც ბოლო პერიოდში საქართველოში 6 წისქვილკომბინატის მუშაობა შეაჩერა. გაცილებით ადრე პრობლემა შაქრის ადგილობრივ წარმოებას შეექმნა და ეს საკითხი ჯერ ვერ მოგვარდა. საქართველოში შაქრის ძირითად მწარმოებელ კომპანია ”აგარის” ქარხანას უკრაინულ შაქართან კონკურენციის გაწევა დღემდე უჭირს. ბოლო ოთხი-ხუთი თვეა, ქართული ბაზარი უკრაინულმა შაქარმა ლამის წალეკოს. სულ ცოტა ხნის წინ სავაჭრო ქსელებში 1 კგ. იმპორტირებული შაქარი 1,09-1,15 ლარად იყიდებოდა. ამ დროს ქართული პროდუქტის ფასი 1,5-1,6 ლარია. დღესდღეობით სამომხმარებლო ქსელებში 1 კგ ”აგარის” ფასი 1,60 ლარს შეადგენს, ხოლო უკრაინული 1,30-1,40 ლარის ფარგლებში იყიდება.

”აგარა შუგარ ქუოლითის” გენერალური დირექტორის, ალხენ ალიზადეს განცხადებით, უკრაინული შაქარი, იანვრიდან მოყოლებული, დემპინგურ ფასში შემოდის, რითაც კომპანიამ თითქმის მილიონი ლარი იზარალა.

”უკრაინიდან 1 ტონა შაქარი წელს 550 დოლარად შემოაქვთ, ადრე 800 დოლარი ღირდა. ეს კატასტროფაა. იძულებული გავხდით, ჩვენი პროდუქცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გავყიდოთ, რათა უკრაინული შაქრის შემოდინება ბაზარზე როგორმე შევაჩეროთ”, - აცხადებს ალხენ ალიზადე.

მისივე თქმით, დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას უკვე მიმართეს. ”პრობლემას თუ აქამდე მხოლოდ უკრაინული შაქარი ქმნიდა, ახლა იაფ ფასში შემოაქვთ პოლონური და რუმინული პროდუქტიც. მთავრობა უნდა დაგვეხმაროს და ჯანსაღ კონკურენციას შეუწყოს ხელი. პირველ რიგში აუცილებელია, იმპორტზე საგადასახადო ბარიერი დაწესდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საწარმოს გაჩერება მოგვიწევს, რაც ნიშნავს, რომ ექვსასამდე თანამშრომელი სამუშაო ადგილს დაკარგავს”, - დასძენს ალიზადე.

შაქრის გარდა, უკრაინიდან დემპინგურ ფასში შემოდის ტკბილეულიც, განსაკუთრებით შოკოლადი. იმ ფონზე, როდესაც ადგილობრივი წარმოების შოკოლადი მაღაზიებში 6 ლარზე ნაკლები არ ღირს, უკრაინიდან იმპორტირებულის ყიდვა 4 ლარადაც არის შესაძლებელი, თუმცა რეალიზაციის მხრივ ქართულ ნაწარმს პრობლემა ჯერჯერობით არ აქვს.

”გაყიდვაში გვაქვს როგორც ქართული, ასევე სხვადასხვა წარმოების ტკბილეული, მათ შორის, შოკოლადი. ამ ეტაპზე ყველაზე იაფი უკრაინული ნაწარმია, მისი ყიდვა მომხმარებელს 4 ლარადაც შეუძლია, როცა ქართული შოკოლადის ფასი 6 ლარიდან იწყება. არსებული სხვაობის მიუხედავად, ქართული შოკოლადი მომხმარებლის დეფიციტს არ განიცდის. ყველა სეგმენტს თავისი მყიდველი ჰყავს.

ცხადია, იაფ პროდუქტს მეტი ყიდულობს, მაგრამ ამის გამო პრობლემა არც ქართულ პროდუქტს შექმნია. ჯერჯერობით ასეა, მაგრამ ვერაფერს გეტყვით, მოჩვენებითი ”სტაბილურობა” რამდენ ხანს შენარჩუნდება”, - ამბობს ლანა აბულაძე, გამსახურდიას გამზირზე მდებარე სუპერმარკეტის მენეჯერი.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ფქვილის იმპორტიორები აღმოჩნდნენ. პრობლემა მათ რუსეთიდან შემოტანილი უიაფესი ფქვილის გამო აქვთ. ბოლო ორ თვეში საქართველოში ექვსი წისქვილკომბინატი გაჩერდა. ამდენივეც განახევრებულ სიმძლავრეებზე გადავიდა. ამ ეტაპზე სრული დატვირთვით არც ერთი წისქვილკომბინატი არ მუშაობს. 1 ტომარა რუსული ფქვილის შემოტანა იმპორტიორების ნაწილს 8 დოლარი უჯდება, რაც თვითღირებულებაზე ნაკლებია. მეხორბლეთა ასოციაციის განცხადებით, ფქვილის ბაზარზე მკვიდრდება დემპინგური ფასი, რაც კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს და მათ საქმიანობას ძირს უთხრის.

ამჟამად მუშაობა შეწყვეტილი აქვს წისქვილკომბინატ ”თბილისს”, ”ავჭალას”, ”ბარზოს”, ”გურია ექსპრესს”, ”ბაშაკსა” და ”სამსუნს”. ნახევარი სიმძლავრით მუშაობენ ზუგდიდში ”ცერერა”, რუსთავში ”პროგრესი”, აჭარაში ”იმპერიალი” და სხვა. საქართველოში რუსული ხორბლის იმპორტი მთლიანად ფქვილმა ჩაანაცვლა.

მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განცხადებით, რუსეთიდან ფქვილის იმპორტი, წინა წელთან შედარებით, ორჯერ არის გაზრდილი. ბიზნესმენები რუსეთში ფქვილს არარეალურად დაბალ ფასში ყიდულობენ და ბაზარზე არაჯანსაღ, კონკურენტუუნარო გარემოს ქმნიან. არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში ჯერ კიდევ გადარჩენილი წისქვილკომბინატებიც გაჩერდნენ, რაც სამომავლოდ სერიოზულ პრობლემას შექმნის.

”სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილო არ ვართ, უბრალოდ, გადასადგმელია თამამი ნაბიჯი, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღოს და შიდა ბაზარი დაიცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, წისქვილკომბინატები მასობრივად გაჩერდებიან და უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩება.

საქართველოში ივნისიდან ხორბლის სეზონი იწყება. წისქვილკომბინატები თუ დაიხურება, ფერმერებს მოწეული მოსავლის ჩაბარების შესაძლებლობა არ ექნებათ. დღესდღეობით ველოდებით მკვეთრ მესიჯს, რა შეიძლება გაკეთდეს ქართველი მწარმოებლების დახმარების მიზნით. ისინი უკვე მარაგსაც ვერ აკეთებენ, რადგან ბიზნესში ბუნდოვანი პერსპექტივაა”, - განუცხადა ”რეზონანსს” ლევან სილაგავამ.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელის მოადგილე შოთა გულბანი თვლის, რომ იმპორტიორებს პრობლემა ექნებათ მუდმივად, სანამ ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობა არ შემუშავდება.

”დემპინგური ფასი კანონმდებლობით არ რეგულირდება. საჭიროა, იმპორტიორებს მკაცრად განესაზღვროთ პროდუქციის ფასი, რომ არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ბაზარზე თვითღირებულებაზე დაბალი ფასით იმუშაონ. ნებისმიერი ასეთი შემთხვევა ძირს უთხრის კომპანიების საქმიანობას და შეიძლება ცუდი შედეგითაც დასრულდეს. სამწუხაროდ, მონოპოლისტ კომპანიებს საბაზრო ეკონომიკის პრინციპები მაქსიმალურ თავისუფლებას ანიჭებს. მცდარია აზრი, რომ კონკურენცია ბაზარს დაარეგულირებს. რამდენადაც ცნობილია, ანტიდემპინგური კანონმდებლობის შემუშავებაზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს. საქართველოს მთავრობის ვალდებულებებია, გაატაროს, გარკვეულწილად, პროტექციონისტური პოლიტიკა ისე, რომ ამა თუ იმ ბიზნესის საქმიანობა არ შეიზღუდოს. პრობლემა ჩვენს მოქალაქეებს ეხება და მათი უფლებების დასაცავად ქვეყანამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას”, - აცხადებს შოთა გულბანი.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”