DCFTA-ს შეუძლია გაზარდოს ქართული ექსპორტი

სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სექტორი იქნება წლების განმავლობაში.

ევროპის ბაზარზე საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტი უკვე მზარდია. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა ინგლისურენოვან გამოცემა Georgian Journal-თან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა.

"დღეისთვის ეს ზრდა ძირითადად ქართულ ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტზე აისახება - ღვინოსა და თხილზე, თუმცა დროთა განმავლობაში ეს შეეხება მწვანილს, ბოსტნეულსა და ხილს. ზოგადად, ჩვენ სავსებით დარწმუნებული ვართ, რომ DCFTA-ს შეუძლია გაზარდოს ქართული ექსპორტი და მოიზიდოს ინვესტორები აგრარული და სასოფლო სექტორის განვითარებისთვის", - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, ეთანხმება საქართველოს ხელისუფლებას და ყველას, ვინც ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სექტორი იქნება წლების განმავლობაში.

"სწორედ ამიტომ მიგვაჩნია სოფლის მეურნეობა მომდევნო წლებში ევროკავშირის ფინანსური გრანტის პრიორიტეტად. გრანტის სახით 140 მილიონს გამოვყოფთ სოფლის მეურნეობის, სასოფლო და რეგიონალური პროგრამებისთვის. გვჯერა, რომ ეს გააუმჯობესებს ათასობით ადამიანის საცხოვრებელ პირობებს სოფლად, ასევე ხელს შეუწყობს ასობით თანამედროვე კოოპერატივის დაფუძნებას", - განაცხადა იანოს ჰერმანმა. მისი თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევა ახლა შეიძლება პატარა ნაბიჯებად ჩანს, მაგრამ ეს ნაბიჯები აუცილებლად შეუწყობს ხელს ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია