ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინოები

რა ღირს პრემიუმ-კლასის ღვინოები საქართველოში

მასობრივი წარმოების ღვინოებს ნებისმიერ ქვეყანაში უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე გამორჩეულ ელიტურ ღვინოებს, რომელთა ფასი საშუალო დონის მომხმარებლისთვის მიუწვდომელია. თუმცა ცივილიზებულ ქვეყნებში მომხმარებელი კარგად არის გათვითცნობიერებული, რა ფაქტორი წარმოადგენს ამა თუ იმ ღვინის ფასს და ცდილობს ერთხელ მაინც შეიძინოს ესა თუ ის პრემიუმ-კლასის ღვინო.

bpn.ge დაინტერესდა, რომელია ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინოები და ვინ არიან მისი აქტიური მომხმარებლები. ამის გასარკვევად რამდენიმე ღვინის მაღაზიას ვესტუმრეთ. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინო "უსახელაური" გახლავთ. მისი ფასი 150-170 ლარს შეადგენს. მაღალი ფასი განპირობებულია ამ წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის უნიკალური თვისებებით, იშვიათობითა და მაღალი ხარისხით. უნიკალური ვაზის ჯიში უსახელაური ძირითადად, ლეჩხუმის ორ-სამ სოფელშია შემორჩენილი. სულ რაღაც ხუთი წელია, რაც კომპანიებმა ამ ჯიშის ვაზის ყურძნის ნახევრადტკბილი ღვინოების ჩამოსხმა განაახლეს.

ქართულ ბაზარზე მომხმარებელს ასევე ძალიან მოსწონს "ჩელთის" და "ვინოტერას" პრემიუმ კლასის "საფერავები", რომელთა ფასები 55-60 ლარის ფარგლებში მერყეობს. ღვინის მაღაზიებში ფიქრობენ, რომ ძვირადღირებული ღვინოების ჩამოსხმა მხოლოდ პრესტიჟის საკითხია. თუმცა ამავდროულად, მაღალფასიან ბაზარზე ძალებსაც სინჯავენ. ღვინის მაღაზიის მეპატრონეთა თქმით, 50 ლარზე მეტი ფასის მქონე ღვინოები, როგორც წესი, 100 ბოთლზე მეტი არ იყიდება. ძვირადღირებულ ღვინოებს შორის არის "ბადაგონი" (74 ლ), "კახური წარჩინებული" (52 ლარი), და "ხვანჭკარა". (60 ლარი).

"ძვირადღირებულ ღვინოებს თავისი მომხმარებელი ჰყავს. სადესერტო ნახევრადტკბილ ღვინოებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები უფრო ყიდულობენ, მშრალ ღვინოებს - ევროპელები, იშვიათად კი ქართველები და ისიც საჩუქრად, უნდა ითქვას, რომ ძვირადღირებულ ღვინოს მაინცდამაინც ბევრი მომხმარებელი არ ჰყავს საქართველოში და ვინც არის, ისიც მეტწილად უცხოელია", - გვითხრეს ღვინის ერთ-ერთ მაღაზიაში. ღვინის მაღალი ფასის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი არის ქვევრიც, რადგან ტრადიციული ქართული წესით ქვევრში დაყენებული ღვინო დიდ შრომასთან და რისკებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამის გამო მაგალითად, "ალავერდის ტრადიციები" (კომპანია "ბადაგონი") 75 ლარი ღირს.

ღვინის მაღაზიებში ასევე ხაზს უსვამენ, რომ ღვინის განათლება ქართველ მომხმარებელში დაბალია, არ იცნობენ ჯიშებს და ხშირად ადგილწარმოშობა ჯიშის სახელწოდებაში ერევათ. "ხშირ შემთხვევაში ვერ ხვდებიან, რატომ უნდა ღირდეს ღვინო 150 ლარი. ვიდრე ხალხი ამ საკითხში კარგად არ გაერკვევა, მაღალფასიან ღვინოებს დამფასებელი არ ეყოლება", - აცხადებენ მეღვინეები.

თიკო გურაშვილი