ქართული სიგარა შესაძლოა, ევროპასა და დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტზე გავიდეს

სიგარების მწარმოებელი კომპანია "იმერი" ქართული სიგარის ევროპის ქვეყნებში გატანაზე მუშაობს.

თუმცა როგორც კომპანიის დირექტორმა თამაზ თურმანიძემ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე ქსელი საქართველოს მასშტაბით ფართოვდება. " ჯერჯერობით ქსელს საქართველოს მასშტაბით ვაფართოვებთ. ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ ჩვენი სიგარა დსთ-ს ქვეყნებსა და ევროპაში გავიტანოთ", - აღნიშნავს თამაზ თურმანიძე.

"იმერში" ამჟამად 30 დასახელების სიგარა, მათ შორის "აჭარა", "ჩერჩილი", "ბოჰემა" და 60 აქსესუარია: საფერფლე, მუნდშტუკი, სიგარის ყუთი და სხვა. დღის განმავლობაში საწარმოს 2000 ღერი სიგარის წარმოება შეუძლია. გასახვევად გამზადებულ, დაჭრილ და კარგად გამომშრალ თამბაქოს 25-გრამიან პაკეტებად აფასოებენ. საწარმოში ამჟამად 45 ადამიანია დასაქმებული.

კომპანია "იმერი" აჭარაში, ქედის რაიონში 1992 წელს დაფუძნდა. წარმოების ამოქმედებში 120 000 აშშ დოლარი დაიხარჯა, დამატებით აგროკრედიტის სახით კი 40000 აშშ დოლარი. თამბაქოს ჩაბარება როგორც ადგილობრივი მოსახლეობიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ხდება. პროდუქცია რამდენიმე დასახელების თამბაქოს კუპაჟისაგან კეთდება.

სიგარის ფასი 1,3 ლარიდან 32 ლარამდე მერყეობს. შესახვევი თამბაქოს სადისტრიბუციო ღირებულება კი 2,2 ლარია.