რა ღირს საქართველოში ავტომობილის დაქირავება

საქართველოში გასაქირავებელ ავტომობილებს შორის შეგიძლიათ აღმოაჩინოთ "პორშე" და "ბენტლი”

ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ფეხი მოიკიდა მანქანების გაქირავების სერვისმაც. საქართველოში მოქმედი კომპანიები უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს მანქანების ფართო არჩევანს სთავაზობენ. გასაქირავებელი ავტოტრანსპორტის არჩევანი კი საკმაოდ ფართოა, მომხმარებელს შეუძლია იჯარით აიღოს ჯიპი, ძვირადღირებული ავტომობილები, ეკონომ კლასის ავტომობილები, ავტობუსები და მიკროავტობუსები. ზოგიერთი კომპანია კი კლიენტის უსაფრთხოებაზეც ზრუნავს და ავტომობილის დაზღვევას უზრუნველყოფს. სურვილის მიხედვით, ასევე შესაძლებელია მანქანის დაქირავება როგორც მძღოლით, ასევე მძღოლის გარეშე. მანქანები ქირავდება დღიურად და რამდენიმე დღის განმავლობაში. როგორც ჩანს, მანქანის გაქირავება უცხოელ და ადგილობრივ მომხმარებელს შორის ისეთი პოპულარობით სარგებლობს, რომ ამ სერვისს მომხმარებელს კომპანიების გარდა, კერძო პირებიც სთავაზობენ.

ტურისტულ კომპანიებში მომხმარებელს ჯიპის ტიპის ავტომობილს ერთი დღით დაქირავება დაახლოებით 40 დოლარი დაუჯდება, თუმცა მნიშვნელობა აქვს მანქანის ფირმასაც. "მიცუბიში მონტეროს" შვიდი დღით დაქირავების შემთხვევაში, ერთი დღის სანაცვლოდ 80 დოლარი უნდა გადაიხადოთ, "მერსედესის" მინივენის დაქირავების ერთი დღის ფასი კი 90 დოლარამდე აღწევს.

მსუბუქი ავტომობილის ერთი დღით დაქირავება კერძო პირისგან დაახლოებით 50-55 დოლარი დაგიჯდებათ. თუმცა, აქაც ფასები იმის მიხედვით იცვლება, თუ რა ტიპის და მარკის ავტომობილის დაქირავებას გადაწყვეტთ. ასე მაგალითად, "მერსედესის" მარკის მანქანის დაქირავება 1 დღე 80 დოლარი ღირს, თუმცა თუ სამ დღეზე მეტი დროით იქირავებთ, ერთი დღის სანაცვლოდ 70 დოლარს გადაიხდით.

საქართველოში გასაქირავებელ ავტომობილებს შორის შეგიძლიათ აღმოაჩინოთ "პორშე" და "ბენტლიც" კი. "პორშეს" დაქირავება სამი დღით მსურველს 200 დოლარად შეუძლია, თუმცა შედარებით ძვირი სიამოვნებაა Bentley amage-ის დაქირავება - მძღოლთან და საწვავთან ერთად ბრიტანული ავტომანქანის დაქირავების სანაცვლოდ 1 საათში არც მეტი, არც ნაკლები 170 ლარის გადახდა მოგიწევთ.