"უძრავი ქონების ბაზარი მაისიდან გააქტიურდება"

"ეს პრობლემები არაფერია იმ კრიზისთან შედარებით, რომელიც უკვე გამოვიარეთ"

სამშენებლო სექტორი საქართველოში წლების განმავლობაში იზრდებოდა და ვითარდებოდა, თუმცა 2008 წლის ომმა და კრიზისმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ბოლო ორი წლის განმავლობაში სამშენებლო სექტორმა კრიზისიდან გამოსვლა დაიწყო და მშენებლობებიც გააქტიურდა, თუმცა ამას ლარი-დოლარის კურსის ცვლილება დაერთო, რამაც დოლარში დაგეგმილ ბიზნესს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

რა პრობლემები აქვთ ამჟამად სამშენებლო კომპანიებს, როგორ იმოქმედა მათ საქმიანობაზე სავალუტო კრიზისმა და საგადასახადო შეღავათებმა, რომლებიც მთავრობამ დეველოპერებს დაუწესა? - ამ კითხვებით bpn.ge-მ დეველოპერული კომპანია "აქსისის" ხელმძღვანელს, გიორგი კაპანაძეს მიმართა.

-  მთავრობამ გადაწყვიტა 2008 წლამდე დაწყებულ და დაუსრულებელ მშენებლობებს შეღავათი გაუწიოს: ასეთი მშენებლობები დღგ-ს გადასახადისა და K2-ის კოეფიციენტის მოსაკრებლის გადასახადისგან გაათავისუფლა. როგორ იმოქმედა ამ შეღავათმა თქვენი კომპანიის საქმიანობაზე?

- ჩვენ ისედაც გადაწყვეტილი გვქონდა და გვაქვს ყველა ვალდებულება შევასრულოთ, რომელიც 2008 წლიდან მოგვყვება. ამ ვალდებულებების 90 პროცენტს წელს უკვე ვასრულებთ, თუმცა დღგ-ს გადასახადზე დაწესებული შეღავათი მაინც დადებითი მოვლენაა. კანონი, რომელიც მიიღეს, ეხება მხოლოდ იმ მშენებლობებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტომდეა დაწყებული, ამიტომ, შეღავათი ჩვენს ზოგიერთ მშენებლობას შეეხო, ზოგიერთს კი - არა. ბუნებრივია, ეს შეღავათი შეეხო მხოლოდ იმ მშენებლობებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტომდე დავიწყეთ. უნდა ვაღიარო, რომ ეს სერიოზული მხარდაჭერაა ნებისმიერი სამშენებლო კომპანიისათვის, რადგან ყველა მშენებლობა, რომელიც დაიწყო 2008 წლის აგვისტომდე და 2017 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში შევა, გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისაგან. როგორც ვიცი, ეს ყველა კომპანიას ეხება და გამონაკლისს არც "აქსისი"  წარმოადგენს, ეს ჩვენი კომპანიისთვისაც მნიშვნელოვანი შეღავათია.

- ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ყველას სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა. როგორ იმოქმედა თქვენზე ქვეყანაში მიმდინარე სავალუტო კრიზისმა?

- მე არ ვფიქრობ, რომ ეს კრიზისი იყო, ეს იყო მცირედი შოკი, რომელმაც უკვე გადაიარა. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც ბანკები კრედიტს აღარ გასცემენ, ეს ჩვენს ბიზნესზე უარყოფითად მოქმედებს. სწორედ ამიტომ, კლიენტების მოსაზიდად სხვადასხვა ხერხს მივმართეთ და ძალიან საინტერესო პროდუქტი მოვიგონეთ, მას 20/80 ჰქვია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს კლიენტებს შემოაქვთ ბინის ღირებულების მხოლოდ 20 პროცენტი, დარჩენილ თანხას კი, ეტაპობრივად იხდიან. როგორც აღმოჩნდა, ეს პროდუქტი ჩვენს კლიენტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამიტომაც დაიკლო გაყიდვებმა, რომელსაც ბანკები აფინანსებდნენ, მაგრამ ამ პროდუქტის შეძენის მსურველთა რაოდენობამ ერთიორად მოიმატა. ისე კი, თებერვალი და მარტი სამშენებლო სექტორისათვის ნაკლებად შემოსავლიანი თვეებია, ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ მაისიდან ბინების რეალიზაციაც მოიმატებს და გაყიდვების მაჩვენებელიც გაიზრდება. მით უმეტეს, რომ ლარი თანდათან სტაბილური ხდება.

- ლარის დევალვაციამ სამშენებლო მასალები ხომ არ გააძვირა?

- სამშენებლო მასალების დიდ ნაწილს დოლარში ვყიდულობთ, ამიტომ ლარის კურსს ამ მასალების ფასზე დიდად არ უმოქმედია. ყველაფერი გაძვირდა იმისთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, ჩვენ კი, შემოსავალიც დოლარში გვაქვს და მასალასაც უცხოური ვალუტით ვყიდულობთ. ასე რომ, ჩვენთვის აუცილებელი პროდუქცია არ გაძვირებულა. რაც შეეხება იპოთეკური სესხების მსურველთა რაოდენობას, ჯერჯერობით ბანკები თავს იკავებენ მასშტაბური იპოთეკური პროგრამებისგან, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ისინი უკვე ამუშავებენ ახალ პროგრამებს და მალე დაიწყებენ იპოთეკური სესხების გაცემას. ბანკის მთავარი შემოსავალი სწორედ იპთეკურ სესხებშია, ამიტომ, არა მგონია მათ დიდხანს შეაფერხონ ეს პროცესი.

- როგორ შეაფასებდით სამშენებლო სექტორის მდგომარეობას დღეს, როცა ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული სავალუტო რყევები გამოიარა?

- ამ სექტორის მდგომარეობის დასახასიათებლად ერთ სიტყვას შევარჩევდი - "მზარდი". დიახ, ეს აშკარად მზარდი სექტორია, ამის დასტურია თუნდაც ის, რომ თითქმის ყველა უბანში ახალ-ახალი მშენებლობები მიმდინარეობს. სხვათა შორის, პრობლემებიც არ გვაშინებს იმიტომ, რომ ეს პრობლემები არაფერია იმ კრიზისთან შედარებით, რომელიც უკვე გამოვიარეთ. უკვე გითხარით, რომ ეს სეზონი სამშენებლო ბიზნესში აქტიურობით არ გამოირჩევა და ჩვენც უახლოეს თვეებში ველოდებით ბაზრის გააქტიურებას.

ხათუნა ჩიგოგიძე