წითელ ღვინოში დაძველებულ ყველს ევროპის ბაზარზე გასატანად ამზადებენ

ლონდონში "ტიბაანურმა" ყველაზე ორიგინალური ყველის სახელი მიიღო

წითელი ღვინო რომ იდეალურად ეხამება ყველს, ამაზე არავინ დავობს. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რის გამოც სრულიად ახალი ფრანგულ-ქართული ტექნოლოგიით დამზადებულ ყველ "ტიბაანურს" საფერავში ავლებენ და ისე აძველებენ. მანანა ხატიაშვილმა USAID-ის პროგრამის თანადაფინანსებით სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში 2008 წელს მცირე ბიზნესი წამოიწყო. ახლობლებთან ერთად რძის გადამამუშავებელი საწარმო გააკეთა. როგორც მეწარმე ამბობს, თავიდან საწარმოში ქართული ტიპის ყველსა და სულგუნს ამზადებდნენ, მოგვიანებით სურვილი გაუჩნდათ საკუთარი ნიშა ჰქონოდათ და ყველის წითელ ღვინოში დაძველება გადაწყვიტეს. "იმ პერიოდში ფერმერებს რძის ჩაბარების სერიოზული პრობლემა გვქონდა, რძეს თითქმის არავინ იბარებდა. ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ რძის გადამამუშავებელი საწარმო გაგვეკეთებინა. იმ დროს USAID-ის პროგრამა იყო, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტებს არ აფინანსებდა. მაინც დავწერეთ პროექტი, შევიტანეთ და საჭირო თანხის 50%-ით დაგვაფინანსეს. თავიდან საწარმოში ჩვეულებრივ ქართული ტიპის ყველს და სულგუნს ვაკეთებდით. მერე გაგვიჩნდა სურვილი განსხვავებული სახე მიგვეცა, თან დელიკატესი ყოფილიყო. ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა და რადგან ტიბაანში განთქმულ ღვინოს აყენებენ, ხოლო ყველი და ღვინო ერთმანეთს ძალიან უხდება, გადავწყვიტეთ ყველი წითელ ღვინოში დაგვეძველებინა", - ამბობს მანანა ხატიაშვილი.

მისი თქმით, ყველის დაძველება თეთრ ღვინოშიც სცადეს, მაგრამ მაინც წითელი არჩიეს, მისი შეფერილობიდან და შემადგენლობიდან გამომდინარე, რადგან ის ყველს უფრო პიკანტურს ხდის. ღვინოში დამუშავების შემდეგ აუცილებელია ყველის გამოშრობა. გამოშრობის პერიოდში ყველის ზედა ფენას უვითარდება კეთილშობილი ობი და მაგრდება. ამ განსაკუთრებულმა ყველმა სახელი მალე გაითქვა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეთავაზებით ქართული კულტურის დღეებზე ყველი "ტიბაანური" ლონდონში გაიტანეს, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა და ყველაზე ორიგინალური ყველის სახელიც მიიღო.

"ეს ერთგვარი ნაბიჯია იმისკენ, რომ მომავალში ყველის ექსპორტი განხორციელდეს, ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა, რადგან ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია", - განაცხადა საწარმოს დირექტორმა.

ადგილობრივ ბაზარზე 1 კილოგრამი ყველი "ტიბაანურის" შეძენა 49 ლარად არის შესაძლებელი.

თიკო გურაშვილი