იუსტიციის სამინისტრო მიწის რეგისტრაციის ახალ კანონზე მუშაობს

რეფორმა ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდასა და მიწის ბაზრის განვითარებას

მიწების პირველადი რეგისტრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც წლებია ვერ ხერხდება. იუსტიციის სამინისტრო მიწის რეგისტრაციის ახალ კანონზე მუშაობს, რომელსაც უახლოეს მომავალში განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს გაუგზავნის. მანამდე კი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით 11 სოფელში მიწის რეგისტრაციის საპილოტე პროექტი განხორციელდება. ამისთვის 2, 5 მილიონი დოლარია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში 48 000 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირველად რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სახელმწიფო დაფარავს.

პილოტ-პროექტის ფარგლებში მიწის რეგისტრაციისთვის შემდეგი სოფლები შეირჩა: დაბა შუახევი, ლახამულა, სალხინო, არბოშიკი, კარალეთი, საგურამო, ზარიძეები, დაბა მანგლისი, არხილოსკალო, ვედიდკარი, ჯიმითი-ბოგდანოვკა. აღნიშნულ პროექტზე ერთობლივად მუშაობენ საქართველოს საჯარო რეესტრი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "მმართველობა განვითარებისთვის " (G4G). საპილოტე პროგრამის კანონპროექტი: "მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის და საკადასტრო მონაცემების შესახებ" უკვე შეიმუშავეს.

როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, რეფორმის გატარების საჭიროება წინა რეგისტრაციის დროს წარმოშობილმა ხარვეზებმა მოითხოვა, რამაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად აზარალა. სახელმწიფო საკუთარი მიწის პრივატიზებას ვერ ახერხებს, რადგან გამორიცხული არ არის, რომ ეს კერძო საკუთრება აღმოჩნდეს. ფაქტია, ახალი მიწის რეფორმა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა, ამ პრობლემის მოგვარება მომავალში ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, მიიჩნევენ პროექტის ავტორები.

G4G-ის წარმომადგენელმა, თამარ ბუაძემ (მრჩეველი საკანონმდებლო პოლიტიკის საკითხებში), bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ 2007 წელს, როდესაც ქვეყანაში ელექტრონული საკადასტრო სისტემა დაინერგა, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაციის პირდაპირი ინტეგრირება ელექტრონულ სისტემაში ვერ განხორციელდა. საჯარო რეესტრში დაცული რეგისტრირებული მონაცემები ელექტრონულ საკადასტრო სისტემაში სრულყოფილად ასახული არც ახლა არის და მათი ასახვა ეტაპობრივად, დაინტერესებული მხარის განაცხადის საფუძველზე ხორციელდება.

,,მიწის ნაკვეთებზე რეგისტრირებული დაუზუსტებელი მონაცემები უნდა დაზუსტდეს და დაურეგისტრირებელი მონაცემები აისახოს ელექტრონულ სისტემაში ხელახალი აზომვების განხორციელების გზით. დღევანდელი მონაცემებით, ელექტრონულ საკადასტრო სისტემაში კერძო საკუთრების დაახლოებით 25-30%-ია დაზუსტებით დარეგისტრირებული. თუმცა, შესაძლებელია ეს მონაცემებიც მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო იყოს და კიდევ ერთხელ საჭიროებდეს გადამოწმებას. ამ საშიშროების წინაშე ნამდვილად ვდგავართ. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში მიწის რეფორმა ხარვეზებით მიმდინარეობდა, გამომდინარე იქიდან, რომ იმ პერიოდში არ არსებობდა მიწის რეფორმის განხორციელების კონკრეტული ხედვა, რასაც ემატებოდა მართვასა და განხორციელებაში არსებული ხარვეზები. ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად შეამცირა მიწის რეფორმის ეკონომიკური და სოციალური სარგებელი. სწორედ ამიტომ, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი, არის ერთ-ერთი რეფორმა, რომლის განხორციელებასაც სახელმწიფო გეგმავს. იგეგმება პილოტური პროექტი, რომლის ფარგლებშიც მიწის რეგისტრაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შერჩეულ 11 სოფელში განხორციელდება. ამას დაახლოებით 30 თვე დასჭირდება, თუმცა, ვადები შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ ადგილზე რა სურათი იქნება." - ამბობს თამარ ბუაძე. მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმა უზრუნველყოფს მიწაზე მოქალაქეების საკუთრების უფლების დაცვას, რაც თავის მხრივ, მათ ფინანსური რესურსების მოზიდვას გაუადვილებს. ამასთან, რეფორმა ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდასა და მიწის ბაზრის განვითარებას, რაც თავისთავად მიწის ღირებულების გაზრდასაც გულისხმობს.

დღეისთვის ერთი ჰექტარი მიწის რეგისტრაციის ღირებულება (დოკუმენტების მოძიება, აზომვითი სამუშაოები), 250-დან 300 ლარამდე მერყეობს. თუმცა, პილოტური პროექტის ფარგლებში რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ფინანსურ დანახარჯებს სახელმწიფო დაფარავს. მიწის რეგისტრაციის პერიოდში, პროექტის ორგანიზატორები კერძო მესაკუთრეებს შორის დავებს არ გამორიცხავენ. დავის მოგვარების მიზნით, ამ პროცესში მედიატორების ჩართვა იგეგმება: "შესაძლებელია მედიატორებად ადგილობრივი მოსახლეობაც იყოს წარმოდგენილი. ამაზე გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს. თუმცა, საბოლოო ჯამში როგორც მედიაციის ასევე, პილოტური პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები მას შემდეგ დაზუსტდება, რაც მიწის რეგისტრაციის შესახებ ახალი კანონი იქნება მიღებული", - დასძინა თამარ ბუაძემ.

სალომე გოგოხია