ლარის კურსმა "ძონძების" ბიზნესსაც დაარტყა

”ჩემს მაღაზიაში 50-70 პროცენტით შემცირდა მყიდველთა რაოდენობა”

მეორადი სამოსით და ფეხსაცმლით ვაჭრობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საკმაოდ მოთხოვნადი ბიზნესია. თითქმის 20 წელია, რაც თბილისის ქუჩებისთვის ე.წ. ძველმანების მაღაზიები უცხო აღარაა. მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში ყველანაირი საქონლის შეძენაა შესაძლებელი - დაწყებული მაისურებით, დამთავრებული ზამთრის კურორტის აღჭურვილობით.

რა მდგომარეობაშია დღეს მეორადი სამოსით მოვაჭრეების ბიზნესი და როგორ აისახა ლარის კურსის ცვლილებებით გამოწვეული არასტაბილურობა ბაზრის ამ სეგმენტზე - "ბიზნესპრესნიუსი" მეორადი ტანსაცმლის მაღაზიების მფლობელებს ესაუბრა.

როგორც მაღაზიის მფლობელები ამბობენ, ბოლო რამდენიმე თვეა მათი ბიზნესი საკმაოდ დაზარალდა - გაიზარდა ე.წ. ფუთების ფასი, რამაც საცალო ვაჭრობაზე მოახდინა გავლენა. საცალო მაღაზიებში ფასების მატებამ კი მომხმარებელთა რაოდენობა შეამცირა.

მანანა ჩოჩია, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის მფლობელი: "ლარის კურსის ცვალებადობამ ძალიან იმოქმედა მცირე ბიზნესზე. ჩვენს ბიზნესში საქონლის ფასი შესამჩნევად გაიზარდა. მომხმარებელი ვეღარ ახერხებს ტანსაცმლის ყიდვას. გვთხოვენ, რომ დაბალ ფასად მივყიდოთ, რაზეც უარს ვეუბნებით, რადგან საქონელი ძვირად გვაქვს აღებული".

მანანა ჩოჩიას თქმით, თუ საქონლის ერთ ფუთაში ადრე 750 ლარს იხდიდა, ახლა ერთი ფუთის ფასი 820-850 ლარია. "ფეხსაცმლის ფუთებს სხვა ფასი აქვთ ტანსაცმლისგან განსხვავებით, თუმცა მინიმუმ 50 ლარით ყველა სახის ფუთაზე მომატებულია ფასი. შესაბამისად ფასების მომატება მოგვიწია ჩვენც, მაღაზიის მფლობელებსაც, რამაც მყიდველთა რაოდენობაზე უარყოფითად იმოქმედა", - გვეუბნება მანანა ჩოჩია.

მყიდველთა შემცირებაზე საუბრობს მეორადი მაღაზიის კიდევ ერთი მფლობელი ინდირა გაგუა. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქონელი არ გაუძვირებია, რადგან ისევ ძველი საქონელი აქვს შემორჩენილი და შესაბამისად, ძველი ფასით ყიდის.

"უკანასკნელი რამდენიმე თვეა მეორადი ტანსაცმლის ბიზნესი უკან მიდის. შემცირებულია მყიდველთა რიცხვი, არ ვიცი რას დავაბრალო. ფაქტია, რომ პირადად ჩემს მაღაზიაში 50-70 პროცენტით შემცირდა მყიდველთა რაოდენობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულისათვის დოლარის კურსი შედარებით უფრო დასტაბილურდება და მეორადი ტანსაცმლის ბიზნესით დაკავებული პირები კვლავ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას", - გვითხრა მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის ერთ-ერთმა მეპატრონე ნანა ჯიქიამ.

ჯონი პატარკაციშვილი