”როლს-როისის” ყველაზე ძვირადღირებული შეკვეთა

ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "როლს-როისმა" ყველაზე მსხვილი შეკვეთა მიიღო.

იგი ავიაკომპანია "ემირატებს" 50 თვითმფრინავისთვის 9,2 მილიარდი დოლარის ღირებულების ძრავებით მოამარაგებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ავტომწარმოებელი გიგანტი სპარსეთის ყურის ავიაკომპანიას ლაინერებისთვის ძრავებს მიაწვდის. როგორც არაბთა გაერთიანებულ ემირატებში აცხადებენ, აღნიშნული სავაჭრო გარიგება დიდ ბრიტანეთსა და ავიაკომპანია "ემირატებს" შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას გამოიწვევს, ის ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის.

"დღევანდელი შეთანხმება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამით "ემირატები" და "როლს-როისი" მჭიდრო თანამშრომლობას იწყებენ, არამედ იმიტომაც, რომ მას სერიოზული ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია დიდი ბრიტანეთისა და ევროპის საავიაციო ინდუსტრიისთვის" - განაცხადა ავიაკომპანია "ემირატების" პრეზიდენტმა ტიმ კლარკმა.

ბრიტანულ კომპანია "როლს-როისში" მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 24 500 ადამიანია დასაქმებული. იგი მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ავტომწარმოებელს წარმოადგენს.