"გაყიდვების ლეგენდა" გარდაიცვალა

მიჩიგანელი მილიარდერი და ქველმოქმედი ალფრედ თაუბმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თაუბმანი, რომელმაც ასობით მილიონი დოლარი უნივერსიტეტებს, საავადმყოფოებსა და მუზეუმებს გადაურიცხა, გულის შეტევით გარდაიცვალა. მილიარდერის ბიზნესის წარმატება არაერთ წამოწყებას უკავშირდება. თაუბმანი პირველი იყო, ვინც აშშ-ში თანამედროვე სავაჭრო ქსელების ახალი კონცეფცია შექმნა, რის გამოც ამერიკულმა ტელეკომპანია "სიბიესმა" მას "გაყიდვების ლეგენდა" უწოდა.

თაუბმანი ათეულობით წლების განმავლობაში სხვადასხვა ბიზნესით იყო დაკავებული, მათ შორის უძრავი ქონების ბიზნესით. ის სავაჭრო ცენტრების გარდა, ფლობდა ხელოვნების სახლებს და სწრაფი კვების რესტორნების ქსელს. ის განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა თოთოეულ წამოწყებას. მაგალითად, მან რესტორნების ქსელის გახსნამდე უნგრეთში სპეციალურად იმოგზაურა საუკეთესო ძეხვეულის შესწავლის მიზნით.

მიჩიგანელმა მილიარდერმა კომპანია Taubman Centers-ი 1950 წელს დააარსა. იგი 19 რეგიონულ სავაჭრო ქსელს მოიცავს. "ეს კომპანია და რასაც თქვენ აქ ხედავთ მისი ცხოვრების უდიდესი სიხარული იყო. ის ამაყობდა იმით, რისი შექმნაც 65 წლის წინ დაიწყო" - აღნიშნა გარდაცვლილი მილიარდერის შვილმა, რობერტ თაუბმანმა, რომელიც ახლა Taubman Centers-ს მართავს.

ალფრედ თაუბმანი 1924 წელს დაიბადა მიჩიგანში. ის გერმანელი-ებრაელი იმიგრანტი იყო აშშ-ში, სადაც ახალგაზრდობაში ოჯახის რჩენის მიზნით, სკოლის შემდეგ, მაღაზიაში დამხმარედ მუშაობდა.