საქართველოში სექსშოპებმა ინტერნეტში გადაინაცვლა

"შეძენილ პროდუქციას გაუმჭვირვალე, მუყაოს ყუთში ვათავსებთ და ფოსტის მეშვეობით ვაგზავნით"

გახსოვთ ალბათ, როგორი რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან თბილისში პირველი სექსშოპის გახსნას. უცნობმა პირებმა მაღაზიის ვიტრინას ჯერ საღებავი შეასხეს, შემდეგ კი ჩაამტვრიეს. "აფროდიტე" - ასე ერქვა პირველ სექსშოპს, რომელიც მალევე დაიხურა.

თუმცა, საქართველოში საზოგადოების დამოკიდებულება ტაბუდადებული თემების მიმართ თანდათან იცვლება და სექსშოპების მომხმარებელთა რაოდენობაც იზრდება. მცირედი სახეცვლილებით, ამჯერად სექსმაღაზიები ინტერნეტში გაიხსნა და სასურველი აქსესუარის შეძენა სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.

როგორც bpn.ge-სთვის გახდა ცნობილი, ადგილობრივ ბაზარზე ორი ონლაინ სექსშოპი მოქმედებს - sexmarket.ge და cupidon.ge ვებგვერდების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ინტერნეტ სექსშოპებს თვის განმავლობაში დაახლოებით 3000 ადამიანი სტუმრობს, მათგან რამდენია მომხმარებელი, ამას უკვე ბიზნესი ითვლის.

ონლაინ სექსშოპების მიერ შემოთავაზებული პროდუქციის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ონლაინ სექსშოპები განსაკუთებულ მრავალფეროვან არჩევანს მანდილოსნებს სთავაზობენ. ფასები სხვადასხვა დანიშნულების პროდუქციასა და აქსესუარებზე 20 ლარიდან იწყება და 3 900 ლარსაც კი აღწევს - ვიბრატორები 35-დან 255 ლარამდე ღირს, ხოლო მოოქროვილი ვიბრატორი 3 900 ლარი, სექს სათამაშოების ფასი 15-დან 50 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება მამაკაცებს - გასაბერი თოჯინები 195-600 ლარი ღირს, მასტურბატორები - 75-225 ლარი. ეროტიული აქსესუარები 130-140 ლარი, ლუბრიკანტების ფასი კი 20-დან 80 ლარამდე მერყეობს.

როგორც sexmarket.ge-ს წარმომადგენელმა გვითხრა, მათი მომხმარებლები მეტწილად მამაკაცები არიან. ონლაინ შესყიდვების პირობებში მომხმარებლის ანონიმურობა უფრო დაცულია, ვიდრე ჩვეულებრივი მაღაზიის პირობებში, შესაბამისად ამ შემთხვევაში ვირტუალური სავაჭრო ობიექტი უფრო ამართლებს. sexmarket.ge უკვე სამი წელია, რაც ქართულ ბაზარზეა და ნელა, მაგრამ სტაბილურად ვითარდება. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ანალოგიური მაღაზიების რაოდენობა მოიმატებს და კონკურენციაც გაიზრდება.

"ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში სექსუალური კულტურა მაღალ დონეზეა. სასურველია, რომ ჩვენთანაც ასე იყოს. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ეს კულტურა ჩვენთანაც დამკვიდრდება. სამწუხაროდ, მომხმარებელთა უმრავლესობამ სექსშოპში არსებული პროდუქციის დანიშნულების შესახებ თითქმის არაფერი იცის. ჩვენთან პროფილაქტიკური საშუალებებიც იყიდება, რაც ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობისთვის კარგია. მიმაჩნია, რომ ეს ბიზნესი საქართველოში ნელ-ნელა ვითარდება. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მაღაზიის შესახებ ბევრმა იცის. როდესაც იგებენ, რამდენად მოსახერხებელია პროდუქციის შეძენა, კლიენტის რიცხვიც იზრდება. რჩევებსაც გვეკითხებიან. უკვე მუდმივი კლიენტებიც გვყავს. საიტზე დარეგისტრირების შემდეგ, მომხმარებელი პროდუქციას უკვეთავს, გადახდა პლასტიკური ბარათით ან ფეი-ყუთიდან არის შესაძლებელი. შეძენილ პროდუქციას გაუმჭვირვალე, მუყაოს ყუთში ვათავსებთ და ფოსტის მეშვეობით ვაგზავნით. ხშირად მომხმარებელი შენაძენის მისაღებად ფოსტაში მისვლას ამჯობინებს, თუმცა, ისეთებიც არიან, რომლებიც კონკრეტულ მისამართზე მიტანას ითხოვენ", - გვითხრა sexmarket.ge-ის წარმომადგენელმა.

პროდუქციის ძირითადი ნაწილი მაღაზიას ჩინეთიდან შემოაქვს, თუმცა მაღაზიაში ამერიკულ ნაწარმსაც შეხვდებით. sexmarket.ge-ის წარმომადგენლის თქმით, დღესდღეობით მსოფლიოს მსგავსი პროდუქციით სწორედ ჩინეთი ამარაგებს.

სალომე გოგოხია