რას აშენებს ხოდორკოვსკი ასათიანზე ფსიქიატრიულის ნაცვლად?!

ექსკლუზიური ფოტოები სავაჭრო ცენტრისა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობებიდან (იხილეთ ფოტოგალერეა

2015 წლის სექტემბერში თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ღია სივრცის სავაჭრო-გასართობი ცენტრი EastPoint Tbilisi გაიხსნება. გარდა ამისა, საბურთალოზე საცხოვრებელი კომპლექსის Tbilisi Garden-ის მშენებლობა მიმდინარეობს. 120 მილიონი დოლარის ღირებულების ამ ორ პროექტს ერთი საერთო აქვს - ორივე მათგანს საინვესტიციო ფონდი Quadrum Global ახორციელებს, რომელიც საქართველოში შვილობილი კომპანიების CBD Development-ისა და BD Property-ს სახითაა წარმოდგენილი.

”ფორბსის” რუსული გამოცემის ინფორმაციით, Quadrum Global-ი რუსული ნავთობკომპანია ”იუკოსის” ყოფილი მფლობელების - მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის კუთვნილი კომპანიაა. გამოცემის ცნობით, Quadrum Global-ის აქტივები 2 მილიარდ დოლარს შეადგენს, კომპანიის მფლობელობაშია ასევე უძრავი ქონება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ვიეტნამში, უკრაინასა და საქართველოში. კომპანიის მფლობელების შესახებ ”ფორბსის” რუსული გამოცემის მიერ გვარცელებულ ინფორმაციას უარყოფენ Quadrum Global-ის ქართულ წარმოამადგენლობაში. EastPoint Tbilisi-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი, ნინი გორგოძე bpn.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ Quadrum Global-ს მიხაილ ხოდორკოვსკსა და პლატონ ლებედევთან შეხება არ აქვს.

”არ ვიცი, საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია და რას ეყრდნობიან. ჩვენი პროექტის პარტნიორია ლონდონში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი Quadrum Global, რომელიც განკარგავს კერძო პირების კაპიტალს და შესაბამისად, ახორციელებს ინვესტიციას სხვადასახვა ტიპის უძრავ ქონებაში. რაც შეეხება ქართულ წარმომადგენლობას - კომპანია CBD Development-ს, მისი დამფუძნებელები არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის, გენერალური დირექტორი ლიტვის მოქალაქეა. სამთვალყურეო საბჭოში რუსეთის მოქალაქეც გვყავს, მაგრამ თქვენს მიერ დასახელებულ პიროვნებებთან ჩვენ შეხება არ გვაქვს”, - განაცხადა ნინი გორგოძემ.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, CBD Development-ი რეგისტრირებულია 2010 წელს . კომპანიის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”ჰიდრანგეა ბ.ვ.” ფლობს, რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კერძოდ, კი თვალჭრელიძის ქუჩა #2-ში სავაჭრო-გასართობი ცენტრის EastPoint Tbilisi-ის პროექტს სწორედ კომპანია CBD Development ახორციელებს.

EastPoint Tbilisi-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორის, ნინი გორგოძის განცხადებით, სავაჭრო-გასართობი ცენტრის მშენებლობა 2 წლის წინ დაიწყო. EastPoint Tbilisi 21 ჰექტარზე განთავსდება. აქედან დაახლოებით 72 000 კვდრატული მეტრი გასაქირავებელი ფართია. სავაჭრო-გასართობი ცენტრი არის გახსნილი კონცეფცია - საფეხმავლო ქუჩებით, რაც მომხმარებელს შეუქმნის იმის აღქმას,თითქოს ქუჩაში დადის.

”EastPoint Tbilisi დაყოფილია სამ ზონად - პირველი ზონა ეთმობა მაღაზიებს, სადაც განთავსებული იქნება ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების მაღაზიები. გვაქვს რამდენიმე ტიპის კაფე, რესტორანი. რაც შეეხება მე-2 ზონას, პირველად საქართველოში EastPoint Tbilisi-ში ექსკლუზიურად IMAX ტექნოლოგიის კინოთეატრი იქნება, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრი, რომელიც, დაახლოებით, 3 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება და სადაც შესაძლებელი იქნება დაბადების დღეების გადახდა 2-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის. მე-3 ზონაში უკვე წარმოდგენილი იქნება BIG BOX-ები, კერძოდ, ”კარფური”, ასევე სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი და საყოფაცხოვრებო ტექნიკის box-ი ავეჯით. EastPoint Tbilisi-ში წარმოდგენილი იქნება ყველა ის საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ბრენდი, რომელიც წარმატებულად ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე”, - აღნიშნა ნინი გორგოძემ.

EastPoint Tbilisi-ის საინვესტიციო ღირებულება 90 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 3 000 ადამიანის დასაქმდება იგეგმება. რაც შეეხება კვადრატული მეტრის ფასებს, იმის მიხედვით განისაზღვრება თუ რა ტიპის ფართზეა საუბარი და რა ფუნქციის მატარებელია, ამიტომ ამ ეტაპზე EastPoint Tbilisi-ში კონკრეტულ თანხას არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ფართის 80% უკვე გაქირავებულია. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე შენობები უკვე აშენებულია. მიმდინარეობს სარემონტო, ასევე გამწვანების და ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. EastPoint Tbilisi-ის გახსნა 2015 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში იგეგმება.

”Quadrum Global” საქართველოში მეორე საინვესტიციო პროექტსაც ახორციელებს. ეს არის საცხოვრებელი კომპლექსი Tbilisi Garden, რომელსაც შპს BD Property აშენებს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, BD Property-ის 100%-ს ”ნენტალ ჰოლდინგ ბ.ვ.” ფლობს, რომელის ნიდერლანდებშია რეგისტრირებული. კომპანიის დირქტორია ტომას გიჟასი, რომელიც ამავდროულად CBD Development-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

Tbilisi Garden საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც თბილისში, ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე შენდება და დაახლოებით,4 ჰექტარს მოიცაცს.

”ამ ეტაპზე დაგეგმილია ერთი საცხოვრებელი ბლოკისა და გაყიდვების ოფისის მშენებლობა. სამშენებლო პროცესი დააახლოებით ერთი წელია მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები. ტერიტორიიდან მოხდა საყოფაცხოვრებო ნაგავის გატანა, გასუფთავება. ამჟამად საძირკვლის სამუშაოები დასრულებულია და უახლოეს მომავალში უკვე მიწისზედა სამუშაოებს დავიწყებთ. ვფიქრობთ, რომ გაყიდვებს სექტემბრიდან დავიწყებთ, რადგან გვინდა, რომ რამდენიმე სართული იყოს აშენებული. პარალელურად ვაშენებთ თანამედროვე სტანდარტების გაყიდვების ოფისს, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ამ პროექტის ფარგლებში დიდ აქცენტს ვაკეთებთ გამწვანებაზე. ჩვენთვის პრიორიტეტულია ეს მიმართულება. დაახლოებით, 900 000 ლარია გამოყოფილი გამწავნებისთვის. ვფიქრობთ, რომ გავყიდით სრული რემონტით, ჩაშენებული სამზარეულოთი, კომპლექსს ასევე ახლავს საინტერესო ინფრასტრუქტურა - საცურაო აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, დიდი და გამწვანებული ეზო, მიწისქვეშა პარკინგი, ანუ მომავალი მაცხოვრებლებისთვის იქნება კომფორტული გარემო”, - განაცხადა ნინი გორგოძემ, რომელმაც კვადრატული მეტრის ღირებულების დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

მისივე თქმით, ერთი ბლოკის ინვესტიცია, რომელიც ამ ეტაპზე ხორციელდება 30 მილიონი დოლარია. პირველი ბლოკის ფარგლებში 30 სართული აშენდება. პირველი რამდენიმე სართული დაეთმობა - სატრენაჟორო დაბაზს, საცურაო აუზსს, მიწისქვეშა პარკინნგს, ხოლო დანარჩენი ნაწილი იქნება საცხოვრებელი. ”უახლოესი 5-6 წლის პერსპექტივაში შესაძლოა, კიდევ დავამატოთ ორი ბლოკი”, - აღნიშნა ნინო გორგოძემ. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, მომავალში აღნიშნული კომპანია საქართველოში კიდევ სხვა ახალი პროექტებით დაინტერესდეს.

ნათია რუხაძე

იხილეთ ფოტოგალერეა