ყველაზე ძვირადღირებული რესტორნები საქართველოში

bpn.ge დაინტერესდა, რომელია ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი საქართველოში.

ნებისმიერ რესტორანში, რომლის მენეჯმენტიც დაწესებულების იმიჯზე ზრუნავს, ცდილობენ სტუმრებს გემრიელი კერძები და სასიამოვნო გარემო შესთავაზონ. კარგი რესტორანის სტუმრობა ძვირი სიამოვნებაა. მაგალითად "ფორბსის" შეფასებით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი ტოკიოში მდებარე Aragawa-ა, სადაც ერთი ულუფა საფირმო ხორცის კერძი 227 დოლარი ღირს. პარიზულ Arpege-ში ბოსტნეულისგან მომზადებული კერძი ერთ პერსონაზე 211 დოლარი ჯდება, სიდნეის ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანში მოსახვედრად კი რამდენიმე თვით ადრე უნდა ჩაეწეროთ. "ფორბსი" წერს, რომ Tetsuya`s Restaurant-ის შეფმზარეული სტუმრებს ფრანგულ და იაპონურ კერძებს სთავაზობს, რომლის ერთი ულუფა 135 დოლარი ჯდება.

bpn.ge დაინტერესდა, რომელია ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი საქართველოში. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი მთაწმინდაზე მდებარე "ფუნიკულიორი" გახლავთ. რესტორან "ფუნიკულიორში" მენიუს მინიმალური ფასი 65 ლარიდან იწყება და 130 ლარს აღწევს. როგორც რესტორნის მენეჯერი ამბობს, მათთან მენიუს ფასს მაღალი ხარისხი განსაზღვრავს. "ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პროდუქციის ხარისხს. რესტორანში გვაქვს ღვინის დიდი არჩევანი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. ვართ პირველი რესტორანი, რომელმაც შემოიტანა ესპანური გრილი, რომელიც ხორცს თან წვავს, თან გრილია და ასევე ბოლავს.ჩვენ გვაქვს განსხვავებული რეცეპტები, რომლის მიხედვითაც კერძებს თბილისში მხოლოდ ჩვენ ვამზადებთ. ”ვაცოცხლებთ” ისეთ რეცეპტებს, რომლებიც თავადურ სუფრაზე იყო მიღებული. მაგალითად, ზამთარში გვქონდა იხვი კენკრის სოუსში, რომელსაც ნადირობის შემდეგ მიირთმევდნენ"- ამბობენ რესტორან ”ფუნიკულიორის” მენეჯმენტში.

ჩვენი გამოცემის გამოკითხვით, ძვირადღირებული რესტორნების ნუსხაში მოხვდა "ქალაქური", სადაც ერთ პერსონაზე სტანდარტული მენიუს ფასი 97 ლარია. როგორც რესტორან "ქალაქურის" მენეჯერმა გვითხრა, რესტორანი განახლებული ინტერიერით, უმაღლესი დონის სერვისით, უგემრიელესი კერძებითა და მხიარული გარემოთი იზიდავს სტუმრებს. ადგილობრივი ძვირადღირებული რესტორნების ჩამონათვალში მოხვდა "სენატი", რომელსაც ხშირად სტუმრობენ უცხოელები. აქ მენიუს ფასი 1 პერსონაზე 95 ლარამდე მერყეობს.

რესტორნებისგან განსხვავებით, მენიუზე დადგენილი ფასები არ აქვთ სასტუმროებში მდებარე რესტორნებს. როგორც სასტუმროს მენეჯერები აცხადებენ, ფასი კერძების მიხედვით იცვლება. ერთი კონკრეტული კერძის ფასი ამ შემთხვევაში 20 ლარიდან იწყება და 60 ლარსაც კი აჭარბებს.

თიკო გურაშვილი