გაუფასურებული ლარი გლეხური მეურნეობების წინააღმდეგ

ქართველმა ფერმერებმა გაფართოებაზე ფიქრს თავი დაანებეს

ლარის დევალვაციამ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. გამონაკლისს ამ მხრივ არც ქართველი ფერმერები წარმოადგენენ, რადგან მათ უმეტესობას აგროსესხები დოლარში აქვს აღებული, თანაც, ხშირად ეს სოლიდური თანხაა. მაგალითად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ზოგიერთ ფერმერს 200, 300, 600 ათას დოლარამდე სესხი აქვს აღებული, რის გამოც ისინი სერიოზულ ზარალს ნახულობენ. ამჟამად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და პროექტების მართვის სააგენტო შეღავათიანი აგროკრედიტით მოსარგებლე ფერმერების დასახმარებლად ბანკებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ჩანს, ყველაზე რეალური და ქმედითი დახმარება მათთვის ამ ეტაპზე სესხის რესტრუქტურიზაციაა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, სესხის რესტრუქტურიზაცია, შესაძლოა, ლარში მოხდეს, ან შეღავათიანი სესხები მთლიანად ლარში გაიცეს.

როგორც bpn.ge-ს ფერმერმა ამირან ხახიშვილმა განუცხადა, კოოპერატივი შარშან, მარტში შექმნა და სერიოზული გეგმები ჰქონდა, გაფართოებას აპირებდა, მაგრამ ეროვნული ვალუტის კურსის რყევამ ხელი შეუშალა. "მესაქონლეობას ვეწევით, თეთრიწყაროს რაიონში გვაქვს ფერმა. მეურნეობის განვითარების მიზნით 1%-იანი ანუ შეღავათიანი კრედიტი გამოვიტანე. თანხა საკმაოდ დიდი იყო - 180 ათასი დოლარი. შვიდწლიანი კრედიტი გამიფორმეს. ახლა 160 ათასი დოლარი დამრჩა გადასახდელი. ბუნებრივია, კურსის შეცვლის შემდეგ ძალიან გაგვიძნელდა გაზრდილი თანხის გადახდა. კიდევ კარგი, ბანკმა გადაგვივადა და 3 თვის ვადა მომცა, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩარევით გადაწყდა", - გვითხრა ამირან ხახიშვილმა.

მისივე თქმით, ახლა ზაფხულის იმედი აქვს, რადგან ამ თვეებში საქონლისთვის საკვების ყიდვა მაინც აღარ მოუწევს. "ძალიან გვინდა რეგიონში რძის გადამამუშავებელი ქარხანა ავაშენოთ. პროექტი განხილვის სტადიაშია და ვნახოთ, საქმე როგორ წავა. ჯერჯერობით კი, მარტო რძეს ვაწარმოებთ და ვყიდით. თუმცა, ჩვენი პროდუქციაც ძალიან გაიაფდა: შარშან ამ დროს 1 ლიტრ რძეს 1-1,10 ლარად ვყიდდით, ახლა კი მისი ფასი 75 თეთრამდე ჩამოვიდა. ეს იმის ბრალია, რომ წელს საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობით რძის ფხვნილი შემოვიდა. ზოგჯერ ხელოვნური ნაწარმი ნატურალურზე უფრო გემრიელიცაა იმიტომ, რომ დანამატები აქვს, თანაც იაფია. ამიტომ მომხმარებელი ხშირად მას ყიდულობს. აგვისტოდან რძის რეგლამენტი თუ ამოქმედდება, მეწარმეები ვეღარ დაარქმევენ რძის ნაწარმს ისეთ პროდუქციას, რომელიც ნატურალურ რძეზე არ იქნება დამზადებული და ჩვენც ალბათ შეღავათი მოგვეცემა", - აღნიშნა bpn.ge-სთან საუბარში ფერმერმა ამირან ხახიშვილმა.

არაერთი პრობლემის წინაშე დგას ქალბატონი ნინა პეტროვაც, რომელსაც სასათბურე მეურნეობა აქვს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოჰყავს. "ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობამ ჩემს საქმეზე ძალიან ცუდად იმოქმედა. წარმოიდგინეთ, როდესაც სესხი დამიმტკიცეს, ლარის კურსი 1,72 იყო, ახლა კი თანხა შევიტანე 2,25-იანი კურსით. შემოსავალი ლარში მაქვს და კრედიტის მომსახურებისათვის დოლარს ვყიდულობ. სახელფასო ფონდი პრაქტიკულად აღარ გვაქვს და მუშახელიც შევამცირეთ. ჩვენ ძირითადად საოჯახო ბიზნესს ვაწარმოებთ, მაგრამ დამხმარეებიც გვყავს. თუ ადრე 8 ადამიანი გვყავდა დასაქმებული, ახლა მათგან მხოლოდ ორი დავიტოვეთ - სხვა გზა უბრალოდ არ გვქონდა. თუ სიტუაცია გამოსწორდება, ჩვენს თანამშრომლებს ისევ მოვიხმობთ", - ამბობს ნინა პეტროვა.

მისი თქმით, 200 ათასი დოლრის ოდენობის კრედიტი აქვს გამოტანილი, თუმცა ჯერჯერობით ლარზე გადაყვანისგანაც თავს იკავებს. "დოლარის კურსი რომ შეიცვალოს, კონვერტაციის შემდეგ შეიძლება უფრო მეტი წაგება ვნახო, ამიტომ მოლოდინის რეჟიმში ვარ და ლარის კურსს მუდმივად თვალს ვადევნებ. თავის დროზე არჩევანის საშუალებაც არ მქონდა, თორემ სესხს ლარში ავიღებდი, ახლა კი, ვცდილობ ოპტიმისტურად შევხედო სიტუაციას”, - ამბობს ნინა პეტროვა, რომელიც წელს გაფართოებას და მესამე სათბურის დამატებას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა.

საქართველოს ფერმერთა ასოციციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ ლარის დევალვაციამ უარყოფითი ზეგავლენა იქონია თითქმის ყველა გლეხურ მეურნეობაზე. "აგროსესხის ფარგლებში საშუალო თუ მსხვილ ფერმერებს სესხი დოლარში ჰქონდათ აღებული. ასეთი დაახლოებით 610 ფერმერია. გარდა სესხისა და გაზრდილი პროცენტებისა, მათ სხვა ხარჯებიც გაეზარდათ: უკვე დაიწყო საგაზაფხულო სამუშაოები, ხვნა-თესვა და პესტიციდების ფასი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. ყველა ეს პროდუქტი დოლარზე იყო მიბმული: ზოგი მათგანი ირანიდან შემოდის, ზოგი - თურქეთიდან, ან ჩინეთიდან და ფერმერები ყველაფერს დოლარით ყიდულობენ, ამიტომ ჩვენი ფერმერები აურაცხელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ", - აღნიშნავს ნინო ზამბახიძე.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და პროექტების მართვის სააგენტო ცდილობენ გლეხურ მეურნეობებს ეს პრობლემები როგორმე შეუმსუბუქონ. "ჩვენი ორგანიზაციაც აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკების პროცესში. ვცდილობთ, ფერმერებმა დოლარში აღებული სესხები როგორმე ლარში გადაიყვანონ, თუმცა ზოგიერთ მათგანს შეიძლება ეს არც უნდოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ შეღავათზე კონკრეტული მსჯელობა უკვე მიმდინარეობს. დოლარში სესხების გაცემას ჩვენ თავიდანვე ვეწინააღმდგებოდით - როდესაც სახელმწიფო აკეთებს სუბსიდირებას და ქვეყანაში არსებობს ეროვნული ვალუტა, გაუგებარია, ბანკები რატომ უნდა გასცემდნენ სესხს დოლარში?!”-  აცხადებს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ხათუნა ჩიგოგიძე