საქართველოში შესაძლოა, დიფერენცირებული საგადასახადო ზონები დადგინდეს

სქემა, რომელმაც ჩვენი ეკონომიკა უნდა გამოაცოცხლოს

თანამედროვე საქართველოს უამრავი პრობლემა აქვს: სუსტი ეკონომიკა, რომელიც იმპორტზეა ორიენტირებული, უმუშევრობა და სიდუხჭირე, გადატვირთული ქალაქები და მოსახლეობისგან დაცლილი რეგიონები, მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ვერ ვითარდება, ქვეყნიდან წასული შრომისუნარიანი მოსახლეობა და ა.შ. სად არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან? - ამ შეკითხვით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილეს, თემურ მაისურაძეს მივმართეთ.

როგორც თემურ მაისურაძემ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა, გამოსავალი დიფერენცირებული საგადასახადო ზონების შემოღებაშია.

-ალბათ მკითხველიც დამეთანხმება, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი რესურსია გამოუყენებელი. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ ადამიანური, არამედ სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და ბუნებრივი რესურსებიც. იმისათვის, რომ საქართველოში ინვესტიციები შემოვიდეს და მხოლოდ მთავრობის ინიციატივებით არ შემოვიფარგლოთ, დიფერენცირებული საგადასახადო ზონების შემოღება უნდა დავიწყოთ.

-რას გულისხმობთ ”დიფერენცირებულ საგადასახდო ზონებში”?

-ახლავე აგიხსნით: ბიზნესის წარმოების მხრივ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული ვითარებაა: სულ სხვა ვითარებაა თბილისში, ან ბათუმში და სულ სხვა - ყველაზე გაჭირვებულ ზონებში, რომლებიც მოსახლეობისგან არის დაცლილი. ამ ხალხს უკან, მშობლიურ ადგილებში დასაბრუნებლად შესაბამისი ინტერესი და სტიმული უნდა გაუჩნდეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ რეგიონებში, რომლებიც მოსახლეობისგან დაცლილია, ნულოვანი საგადასახადო ზონები უნდა შევქმნათ. შედარებით მეტად დასახლებულ პუნქტებში კი - 2-3%-იანი, 4-%-იანი და ა.შ. ყველაზე მაღალი საგადასახადო ზონა უნდა იყოს თბილისში ანუ დარჩეს იმ ზონად, როგორიც ახლაა. მგონი, ძნელი არ არის განსაზღვრა, სად, რომელ რეგიონებში უნდა იყოს ნულოვანი საგადასახადო ზონა. კომპანიები გადასახადებს უნდა იხდიდნენ არა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, არამედ იმ ადგილის მიხედვით, სადაც პროდუქცია აწარმოეს. თბილისი თუ არის ყველაზე მაღალი საგადასახადო ზონა, ქუთაისი უნდა იყოს 2-3%-ით ნაკლები და ა.შ, თუმცა ამ ყველაფერს დათვლა და გათვალისწინება სჭირდება.

-როგორ ფიქრობთ, თუ ბიზნესმენს აწყობილი აქვს წარმოებისა და გასაღების სისტემა და წლების განმავლობაში საქმიანობს თბილისში, ბათუმში, ან რომელიმე მოზრდილ ქალაქში, წავა ის რეგიონში, სადაც მოსახლეობაც კი არ დახვდება?

-ამ შეკითხვას შეკითხვითვე ვუპასუხებ: რატომ გაჩერდება ”კოკა-კოლა”, ან სხვა დიდი საწარმო თბილისში, როდესაც მის ხელმძღვანელებს ეცოდინებათ, რომ უწერაში, ან სხვა ადგილას ამხელა გადასახადების გადახდა არ მოუწევთ? მით უმეტეს, თუ იქ წყალიც უკეთესია, ბუნებაც და ბიზნესის წარმოებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები დახვდებათ? რა თქმა უნდა, იმ ბიზნესმენისთვის, რომელიც ნულოვან ზონაში დაიწყებს საქმიანობას, საბანკო სესხებიც შეღავათიანი იქნება, ტრანსპორტირებისა და მიმოსვლის მხრივ კი, საქართველოში პრობლემა არ არის - ეს ყველამ კარგად ვიცით. ვფიქრობ, რომ ნულოვანი საგადასახადო ზონების შემოღების შემდეგ საქმიანი ზონები თბილისის გარეთ გადაინაცვლებს. ახლა კი, ყველაზე დიდი ბაზრობები აქ არის, თუ ისინი რეგიონებში გადავა და განლაგდება ყველაზე მოხერხებულ ზონებში მიმოსვლის თვალსაზრისით, საქართველო თანაბრად დაიტვირთება და ყველა რესურსი თანაბრად იქნება გამოყენებული. თბილისი კი დარჩება ადმინისტრაციულ ქალაქად. ვფიქრობ, ეს სერიოზულად დააჩქარებს ეკონომიკურ აქტივობას ქვეყანაში, რადგან ინვესტორებისთვის მთელი საქართველო საინტერესო გახდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციების რაოდენობას ქვეყანაში. ამის თქმის საფუძველს კი ბევრი რამ მაძლევს: პირველი - რეგიონში რესურსები უფრო იაფია, მეორე - იქ მუშახელიც უფრო იაფია დედაქალაქთან შედარებით, მესამე - უნდა შევძლოთ, რომ რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებს კრედიტებზე უფრო იოლად მიუწვდებოდეთ ხელი. ეს ყველაფერი ერთად იქნება სერიოზული მასტიმულირებელი ფაქტორი იმისთვის, რომ ბიზნესი რეგიონებში გადავიდეს. თუ დაბალ საგადასახადო ზონებში წარმოებული პროდუქცია სერიოზულ კონკურენციას გაუწევს თბილისში წარმოებულს, ბიზნესიც ეცდება შეღავათიან საგადასახადო ზონაში გადავიდეს. კომპანიამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, გაუძლებს, თუ ვერ გაუძლებს ამ კონკურენციას.

-მით უმეტეს, რომ რეგიონებში სამუშაოს შოვნა ძალიან ჭირს და მიგრაციის ყველაზე მაღალი დონეც სწორედ იქ შეინიშნება.

-სამწუხაროდ, ასეა. მსგავსი არათანაბარი ეკონომიკური განვითარება ისეთ ერთი ციდა სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, მე არსად მეგულება. თითქმის დაცლილია რეგიონები და მთელი მოსახლეობა კონცენტრირებულია 1-2 ქალაქში. თუ დიფერენცირებული საგადასახადო ზონები გვექნება, მეწარმეები თვითონვე გადაადგილდებიან, მათ თან მიჰყვება მუშახელი და ახალი სამუშაო ადგილებიც შეიქმნება. როდესაც სტუდენტი სწავლობს თბილისში და ეუფლება დავუშვათ ინჟინრის, ან ტექნოლოგის პროფესიას, მას უკან დაბრუნების სტიმული არა აქვს იმიტომ, რომ იცის - თავის სოფელში ვერ იმუშავებს, მაგრამ თუ მას იქ დასაქმების პერსპექტივა ექნება, თავისთავად გაუჩნდება სურვილი მიიღოს შესაბამისი განათლება და დაბრუნდეს თავის რაიონში, სადაც სამუშაოსაც იშოვნის და ანაზღაურებაც უფრო მაღალი ექნება. ეს არის სისტემური მიდგომა და არა ის, რომ სადღაც რაღაც საწარმო ხელოვნურად გავხსნათ და რეალური შედეგი ვერ მივიღოთ.

-თქვენ თუ გიფიქრიათ, რომელი დარგის განვითარება შეიძლება ამა თუ იმ რეგიონში?

-თავისუფლად შეიძლება ავეჯის წარმოება განვითარდეს ისეთ ზონებში, რომლებიც ტყით მდიდარია - ასეთია მაგალითად, უწერა, ბორჯომი, ახალდაბა და სხვა ადგილები. ავიღოთ თუნდაც რაჭა, რომელიც დაცლილია მოსახლეობისგან: იქ ტყეში არის უამრავი ხილი - ვაშლი, პანტა, მსხალი და ა.შ. ამ ხილს არავინ კრეფს, ძირს ჩამოდის და ლპება. დავუშვათ, მე მინდა ვაწარმოო წვენები, ამისათვის იქ საუკეთესო პირობებია. თუ იქნება ორგანიზაცია, რომელიც გადაამუშავებს ამ ხილს და შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ”კულას”, ან სხვებს, ხელი რატომ არ უნდა შევუწყოთ? იქ ხომ ხალხი ჩავა, მოკრეფს ტონობით ხილს და ჩააბარებს, იქვე გაჩნდება შესაფუთი მასალების საწარმო და სხვა ტიპის წარმოებები - აი, ეს არის გზა, რომელიც სწრაფად ააღორძინებს საქართველოს ეკონომიკას. თუ სამუშაო ექნება, ადამიანს გაუჩნდება სურვილი დაბრუნდეს იქ, სადაც სახლ-კარი აქვს, სადაც გაიზარდა. ამით საქართველოს ტერიტორია თანაბრად განსახლდება და ჩვენს რესურსებსაც სრულად გამოვიყენებთ.

-თქვენ ამბობთ, რომ ბიზნესისთვის ქუთაისის პარლამენტის შენობაც ძალიან საინტერესოა...

-პარლამენტარებმა ქუთაისის პარლამენტის შენობა უნდა დავცალოთ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ორი პარლამენტის შენობა. წესით, პარლამენტი უნდა იყოს თბილისში, ხოლო იმ შენობაში, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით, უნდა გავხსნათ კავკასიის მასშტაბის, ჰაბის ტიპის სასაქონლო-საფონდო ბირჟა. თუ ეს მოხერხდება, ძალიან კარგი იქნება: ამ შენობაში იქნებიან კომპანიების, ფირმებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენელები, ნოტარიუსები და ა.შ. გარდა ამისა, პარლამენტის შენობის გარშემო არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, რომელიც საშუალებას იძლევა მათი საქმიანობა გაფართოვდეს. ეს არის კონკრეტული მექანიზმი, სქემა, რომელიც ჩემი აზრით, დადებით ნაყოფს გამოიღებს. მსგავსი ნაბიჯები კი, ძალიან სწრაფად გამოაცოცხლებს საქართველოს ეკონომიკას.

ხათუნა ჩიგოგიძე