თბილისის ძვირად ღირებული სილამაზის სალონები

bpn.ge დაინტერესდა, რომელია ყველაზე პრესტიჟული სილამაზის სალონი თბილისში და რა ღირს მათი მომსახურება.

ქალბატონები თავის მოვლისთვის დროსა და ენერგიას არ იშურებენ, შესაბამისად, არც მაღალი ფასები აშინებთ. მით უფრო მაშინ, როცა სილამაზის სალონებს განსაკუთრებულ დღეებში აკითხავენ და ცდილობენ, თავი ლამაზი ვარცხნილობით მოიწონონ. bpn.ge დაინტერესდა, რომელია ყველაზე პრესტიჟული სილამაზის სალონი თბილისში და რა ღირს მათი მომსახურება.

"დესანჟ პარიზი" - ქართულ ბაზარზე არსებული ფრანგული ბრენდია, რომელიც გასაოცარი თმის ვარცხნილობებით გამოირჩევა. მაკიაჟის ღირებულება 80 ლარიდან იწყება და 100 ლარს აღწევს. სადღესასწაულო ვარცხნილობის გაკეთება 70-100 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. მანიკური 25 ლარი, პედიკური კი 52 ლარი ღირს. "დესანჟ პარიზში" თმის შეჭრა 52 ლარი ღირს, თუ თმის დავარცხნასაც მოისურვებთ 65 ლარის გადახდა მოგიწევთ.

"ნატალი" - თბილისში ერთ-ერთი პრესტიჟული სილამაზის სალონების ქსელია. ბრენდი წარმატებულია ტანისა და სახის მოვლის საშუალებების სფეროში. ასევე ყველანაირი პროდუქცია აქვთ ფრჩხილებისა და წამწამების პროფესიონალური დაგრძელებისთვის. როგორც "ნატალიში" ამბობენ, ფასი ხარისხის შესაბამისია. "ნატალიში"- თმის შეჭრა 20 ლარი ღირს. სადღესასწაულო ვარცხნილობა 50 ლარიდან იწყება და მისი მაქსიმალური ფასი 80 ლარს აღწევს. მაკიაჟი 50 ლარიდან 60 ლარამდე მერყეობს. მანიკური 16 ლარი ღირს. თუ წამწამების 3 თვით დაგრძელებას მოისურვებთ, ეს პროცედურა 95 ლარიდან და 180 ლარამდე დაგიჯდებათ. "ნატალი" ავტორუჯსაც გთავაზობთ, რომელიც აპარატით 75 ლარი ღირს, ხოლო ხელით 65 ლარამდე.

"მელანჟი" - სილამაზის სალონების ცნობილი ბრენდია. "მელანჟი" სხვა პრესტიჟულ სალონებთან შედარებით, დაბალი ფასებით გამოირჩევა. სადღესასწაულო ვარცხნილობის მინიმალური ფასი 35 ლარიდან იწყება და 60 ლარს აჭარბებს. მაკიაჟი 35 ლარიდან იწყება და მისი მაქსიმალური ფასი 50 ლარს აღწევს. მანიკურის გაკეთებას 10 ლარად შეძლებთ. რაც შეეხება წარბების დაგრძელებას, მისი ფასი 100 ლარს აჭარბებს. თმის შეჭრა კი 12 ლარად არის შესაძლებელი.

"კეონი" - ჰოლანდიური ბრენდია, რომელიც საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. "კეონში" ყოველდღიური მაკიაჟის გაკეთებას 50 ლარად შეძლებთ. სადღესასწაულო მაკიაჟი 60 ლარი, ხოლო საქორწილო 70 ლარი ღირს. რაც შეეხება ვარცხნილობას, მისი მინიმალური ფასი 50 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე აღწევს.

"ფრანკ პროვო" - ეს არის ევროპული ბრენდი, რომელიც თბილისში 2006 წელს გაიხსნა. "ფრანკ პროვოში" თმის შეჭრა 52 ლარი ღირს. სადღესასწაულო ვარცხნილობების ფასი კი 59 ლარიდან იწყება და მისი მაქსიმალური ფასი 119 ლარი ღირს. მაკიაჟის ფასი 55 ლარიდან იწყება და 75 ლარამდე მერყეობს. მანიკური 28 ლარი, ხოლო პედიკური 46 ლარი ღირს.

თიკო გურაშვილი