ფადი ასლი: ”ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება შეცდომაში შეგყავთ”

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ”ფეისბუქზე” ეხმაურება

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას - ”ეკონომიკაში არის პრობლემები, მაგრამ რეგიონში ისევ საუკეთესოები ვართ და შეიძლება ევროპაშიც” - "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"ბატონო ივანიშვილო, საქართველოს ეკონომიკური ზრდის იმ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, რომელთაც განვითარებული ბაზრები აქვთ და იმის განცხადებით, რომ ჩვენ მათზე უკეთესი ზრდა გვქონდა, საზოგადოება შეცდომაში შეგყავთ", - წერს ფადი ასლი.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ 2014 წელს განვითარებადი ეკონომიკის 50-ზე მეტმა ქვეყანამ გადააჭარბა საქართველოს ეკონომიკურ ზრდას.

"ეს სწორედ ის ქვეყნები არიან, რომელთაც უნდა შევადაროთ საკუთარი თავი და კონკურენცია გავუწიოთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში", - დაწერა ფადი ასლიმ "ფეისბუქზე" და 50 ქვეყნის მშპ-ის ზრდის მაჩვენებლებიც გამოაქვეყნა.

ჩამონათვალის პირველ ათეულშია ჩინეთი მაკაუ - 11.90 %, გაერთიანებული სამეფო კაიკოს კუნძულები 11.20 %, თურქმენეთი 10.10%, ჩადი 9.60%, მონაკო 9.30 %, მონღოლეთი 9.10 %, კონგოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა 8.60%, კოტ დიუვარი 8.50%, მიანმარი 8.50%, მოზამბიკი 8.30%. ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ ეთიოპია, ლაოსი, კამბოჯა, ტანზანია, უზბეკეთი, პანამა, ზამბია და მსოფლიოს სხვა ქვეყნები. საქართველო 5.00%-ით ჩამონათვალში 50-ე ადგილზეა.

როგორც დღეს ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია "მოქალაქის" და "2030-ის" მიერ ორგანიზებული ეკონომიკური კონფერენციის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეკონომიკაში არის პრობლემები, მაგრამ რეგიონში ისევ საუკეთესოები ვართ და შეიძლება ევროპაშიც.

"დღესაც ლიდერები ვართ თქვენდა გასაოცრად. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკაში არის პრობლემები და სასურველია უკეთესი ტემპები, რეგიონში ისევ საუკეთესოები ვართ და შეიძლება - ევროპაშიც. მე როდესაც ვსაუბრობდი, რომ ჯიბეზე უნდა გვეგრძნო და ეკონომიკა იქნებოდა აღმავალი, მხედველობაში მქონდა და მაქვს ერთი რამ - ჩვენ შევქმნიდით ამისთვის პირობებს", - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.