სომხეთთან შედარებით, საქართველოში ”კარფური” უფრო დაბალი ხარისხის შაქარს ყიდის

”სწორედ ამ მიზეზით საქართველოში შაქარზე უფრო დაბალი ფასებია”

საქართველოში, ”კარფურის” ქსელში, სომხეთთან შედარებით, უფრო დაბალი ხარისხის შაქარი იყიდება. ამის შესახებ ”კარფურის” სომხურ წარმომადგენლობაში განაცხადეს. ინფორმაციას  arminfo ავრცელებს.

სომხეთის ეკონომიკური კონკურენციის დაცვის სახელმწიფო კომისიის შეკითხვაზე, თუ რატომ ყიდის კომპანია "კარფური" საქართველოში შაქარს უფრო იაფად, ვიდრე - სომხეთში, სუპერმარკეტების ქსელმა განმარტა, რომ საუბარია განსხვავებულ ხარისხზე. ”კერძოდ, სომხეთში გაყიდული შაქარი უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე საქართველოში რეალიზებული შაქარი. სწორედ ამ მიზეზით საქართველოში შაქარზე უფრო დაბალი ფასებია”, - განაცხადეს სომხეთში ”კარფურის” წარმომადგენლობაში.

arminfo-ს ცნობით, სომხეთის ეკონომიკური კონკურენციის დაცვის სახელმწიფო კომისიამ საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურიდან მიიღო ინფორმაცია საქართველოში რეალიზებული შაქრის ფასების თაობაზე. ”ამ მონაცემებით, 2015 წლის იანვარი-მარტის პერიოდში საქართველოში შაქარზე საცალო ფასმა 1,54-1,58 ლარი შეადგინა, რაც სომხეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური კურსით 350-360 დრამია. სომხეთში ანალოგიურ პერიოდში შაქარზე საცალო ფასი 350-369 დრამი იყო. ამასთან შედარებით იაფად შაქარი საქართველოში მხოლოდ "კარფურის" ქსელში იყიდებოდა, რაც კომპანიის განმარტებით ხარისხობრივ განსხვავებას უკავშირდება”, - ნათქვამია სომხეთის ეკონომიკური კონკურენციის დაცვის სახელმწიფო კომისიის განცხადებაში.

bpn.ge ”კარფურის” საქართველოს მენეჯმენტს დაუკავშირდა, თუმცა მათთან სატელეფონო კავშირი ვერ მოხერხდა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ვთხოვეთ კომენტარი. თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.