ხალხი მანქანის გაყიდვას ვერაფრით ახერხებს

"კლიენტს სამი თვეა ამაოდ ველი და, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს მომიწევს ლოდინი"

მეორადი ავტომობილების ფასმაც და რეალიზაციამაც საოცრად იკლო. გაჭირვების გამო ხალხი მანქანების გაყიდვას ცდილობს, მაგრამ მყიდველი სადღაც გაქრა. ამიტომ ზოგს ლოდინი თვეობით უწევს. იშვიათ შემთხვევაში მყიდველის გულის მოგებას ფასდაკლებით ახერხებენ, მაგრამ ხშირად ეს ცდაც წარუმატებელია. პრობლემაა რუსთავის ავტობაზრობაზეც. მყიდველი იქაც შემცირდა, რის გამოც მანქანების მფლობელები სადგომის ხარჯსაც ერიდებიან და გაყიდვას ინტერნეტის საშუალებით ცდილობენ. იმის გასარკვევად, თუ როგორია მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა და რის ფასად ახერხებენ მძღოლები ავტომანქანების რეალიზაციას - "რეზონანსი" გამოქვეყნებული განცხადებების ავტორებს დაუკავშირდა.

როგორც აღმოჩნდა, ერთი და იგივე შინაარსის განცხადებას ავტორები თვეობით ავრცელებენ, ადვილად მიდიან ფასდაკლებაზეც, მაგრამ მყიდველის დარწმუნება მაინც უჭირთ.

ლევან კასრაძე 2005 წელს გამოშვებულ "ტოიოტას" 3500 დოლარად ყიდის. ამბობს, რომ მისი რეალური ღირებულება გაცილებით მეტია, მაგრამ იაფად გაყიდვაც კი უჭირს. "განცხადება სხვადასხვა საიტზე გავავრცელე, პრესაშიც დავბეჭდე, მაგრამ მყიდველმა ჩემამდე ვერ მოაღწია. "ტოიოტა" შარშან შევიძინე, გაცილებით ძვირი მაქვს გადახდილი, მაგრამ ხალხს ეს არ აინტერესებს. ყველა ცდილობს იაფად იყიდოს, ხარისხზეც აქვთ პრეტენზია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას უკან იხევენ. სულ ოთხმა ადამიანმა დამირეკა, ნახეს კიდეც ავტომობილი, მითხრეს, რომ მოიფიქრებენ, მაგრამ არავინ დაბრუნებულა. ოჯახით საზღვარგარეთ ვაპირებ გამგზავრებას, ამიტომ ვჩქარობ, მაგრამ ლოდინი კიდევ დიდხანს მომიწევს. ყველაფერი ცუდმა ცხოვრებამ მოიტანა. ვისაც ლარში აქვს შემოსავალი, დოლარის ყიდვას ვერ რისკავს. ყველა ელოდება, რომ ლარი დასტაბილურდება, მაგრამ დღითიდღე უფასურდება", - ამბობს ლევან კასრაძე.

ზაზა ქორიძე: "2001 წელს გამოშვებულ მერსედესს ვყიდი. თავის დროზე 5000 დოლარად მაქვს ნაყიდი. განცხადებაში გასაყიდ ფასად 4000 დოლარი მივუთითე. რეალური მყიდველი თუ მეყოლება, კიდევ 500 დოლარს დავაკლებ, მაგრამ ეს მყიდველისთვის შეღავათი რატომღაც არ აღმოჩნდა. ძალიან მჭირდება ფული. არ ვიცი, რა საშუალებას მივმართო მანქანის გასაყიდად. ერთი-ორჯერ რუსთავის ავტობაზრობაზეც გავიყვანე, 50 ლარი დამიჯდა, ცალკე საწვავის ფულიც გადავიხადე, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბაზრობაზე ადამიანები მხოლოდ მანქანების დასათვალიერებლად დადიან. ინტერნეტსაიტზე ჩემს განცხადებას ყოველდღიურად 25-30 მნახველი კი ჰყავს, მაგრამ აქედან შეიძლება ერთმაც არ დარეკოს".

ლანა ცერცვაძე: "მიჭირს წარმოდგენა, რომ საქართველოში ადამიანებს ავტომობილების ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ. მესმის, ბევრი გაჭირვებულია, მაგრამ ბაზრის გაყინვას არ ველოდი. როგორც ჩანს, პრობლემა ყველგანაა. ერთია სურვილი, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად სხვაა. ყველა იაფი ტრანსპორტის ყიდვას ფიქრობს, 90-იან წლებში გამოშვებულ ავტომობილებზეც არ ამბობენ უარს, რომ ეკონომია გასწიონ. სამომავლოდ, მანქანის შესაკეთებლად გასაწევ ხარჯზეც არ ფიქრობენ. ჩემს მანქანას არაფერი დაეწუნება, 2007 წელს გამოშვებული "ნისანი" მყავს, რომელსაც 6500 დოლარად ვყიდი. რეალური მყიდველის შემთხვევაში, დავაკლებ კიდეც, მაგრამ ასეთ ადამიანს უკვე სამი თვეა ამაოდ ველი. ახალი ავტომანქანის ყიდვას ვაპირებ, ძალიან მეჩქარება. ჯერჯერობით ვერაფერს გავხდი, გამოსავალს ვერ ვხედავ."

5 თვის წინ 3300 დოლარად შეძენილ "ოპელ ვექტრას" ზვიად მურუსიძე 2500 დოლარადაც ვერ ყიდის. ამბობს, რომ მანქანის გაყიდვა გაჭირვების გამო გადაწყვიტა.

"სამსახური არ მაქვს, მთელი ოჯახი უმუშევარია, რამაც მანქანის გაყიდვა გადამაწყვეტინა. "ოპელი" ზამთარში ვიყიდე, მეგონა "ტაქსაობას" შევძლებდი და ოჯახს შევინახავდი. მთელი დანაზოგი მანქანას შევალიე. ჩემი საქმიანობით თითქმის ვერაფერს ვშოულობ. იმდენი ტაქსი მოძრაობს თბილისში, რომ ერთი მგზავრის ასაყვანად, შეიძლება, ათეული კილომეტრის გავლა დამჭირდეს. ტყუილად ვაფუჭებ მანქანას. სანამ პრობლემა შეექმნება, სჯობს, მოვიშორო და აღებული თანხით სხვა საქმეს მოვკიდო ხელი. 2500 დოლარად ვყიდი, მაგრამ ფასებს რომ გადავხედე, "ოპელისთვის" ძვირიცაა. ვერავის ავუხსნი, რომ 3000 დოლარზე მეტი მაქვს გადახდილი, ეს არავის აინტერესებს. ამ ფასად დღეს გაცილებით უკეთესი მანქანის ყიდვაა შესაძლებელი. განცხადების გავრცელებამ ინტერნეტში არ გაამართლა, ალბათ, ავტობაზრობაზე მომიწევს წასვლა. მართალია, ცოტა ამაშიც დამეხარჯება, მაგრამ ეს ბოლო შანსია და უნდა ვცადო, იქნებ, მყიდველი გამოჩნდეს", - ამბობს ზვიად მურუსიძე.

2000 წელს გამოშვებული "ოპელ ვექტრა" როლანდ კანდელაკმა სულ ახლახან გაყიდა. ამბობს, რომ ძალიან იზარალა, მაგრამ არც სხვა გამოსავალი ჰქონდა. "ბანკის ვალი მაქვს დასაფარი. ვადა ერთ კვირაში მეწურება. სამსახური მქონდა და ყველა ხარჯს ვუმკლავდებოდი, მაგრამ ახლა უმუშევარი ვარ. მყიდველი ინტერნეტით გავიცანი. განცხადება პირველად 3 თვის წინათ დავდე, ყოველი კვირის ბოლოს ვაახლებდი, მაგრამ არავინ რეკავდა. 1000 დოლარით დავზარალდი, მაგრამ არჩევანი არ მქონდა, ბინას დავკარგავდი. დათმობაზეც ამიტომ წავედი. ცხოვრება დღითი დღე უარესდება. ასე თუ გაგრძელდება, მანქანის ყიდვას ვერასდროს შევძლებ. არ მინდა პოლიტიკას შევეხო, მაგრამ საბოლოოდ მაინც აქამდე მივდივართ. მთავრობის უნიათობის გამო გვიჭირს. მეტი პასუხისმგებლობა რომ გამოეჩინათ, უკეთესად ვიქნებოდით. ლარზე კონტროლი დაკარგეს და მოსახლეობას ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს," - ამბობს როლანდ კანდელაკი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"