ვინ ბლოკავდა საქართველოში 4G-ს განვითარებას?

"ამ კომპანიამ 5 წელი დაგვაკარგვინა"

90-იანი წლების შუა პერიოდში, თბილისში ორი შემთხვევისას აუცილებლად გამოგაყოლებდნენ თვალს – თუ კარგ უცხოურ მანქანაში იჯექი, ან თუ მობილური ტელეფონი გქონდა. უძვირესი ტარიფი იყო, ტელეფონის აპარატი კი იმხელა გაბარიტების გახლდათ, რომ გაჭირვების შემთხვევაში, კაკალს დაამტვრევდი ან თავდამსხმელს მოიგერიებდი. თუმცა მთავარი სხვა რამ იყო – მაშინ მობილური ტელეფონი შენს სტატუსს უსვამდა ხაზს...

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, დღეს საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს საერთო ჯამში 5 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავთ. მომხმარებლებიც, კარგი გაგებით, პრეტენზიულები გახდნენ – რომელიმე კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას ნაუცბათევად აღარ იღებენ, თუ რომელიმე სერვისმა ან ტარიფმა არ დააკმაყოფილათ, ხელის მარტივი მოძრაობით სხვა ქსელზე პორტირდებიან. მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებსაც სულ უფრო მეტი სიახლის მოფიქრება უწევთ.

შესაბამისად, ამ კომპანიების ხელმძღვანელები და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული სპეციალისტები დიდ ყურადღებას უთმობენ სტატისტიკას – ვის ანიჭებს მომხმარებელი უპირატესობას, ვისგან "მოდის" და ვისთან "მიდის". კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, 2015 წლის პირველ კვარტალში "მაგთის" აბონენტების რაოდენობა ყოველთვიურად მცირდებოდა, "ჯეოსელისა" და "ბილაინის" კი – პირიქით. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, "მაგთიმ" 33 ათასზე მეტი მომხმარებელი დაკარგა, "ჯეოსელმა" 90 ათასზე მეტი "შეიძინა", "ბილაინმა" კი – 30 ათასზე მეტი. დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობა იყო 2014 წლის განმავლობაშიც. "მაგთის" აბონენტების რაოდენობა მცირდებოდა (რამდენჯერმე დაფიქსირდა უმნიშვნელო ზრდა, რასაც შემდეგ ისევ შემცირება მოჰყვა), "ჯეოსელისა" და "ბილაინის" კი იზრდებოდა.

დავინტერესდით, რას ფიქრობდნენ თავად კომპანიების წარმომადგენლები ამ სტატისტიკაზე, რას უკავშირებდნენ აბონენტების კლებას თუ ზრდას. კომპანიებიდან მხოლოდ "ბილაინის" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მომხმარებლის ზრდას არსებულ სერვისებსა და მეოთხე თაობის ინტერნეტს უკავშირებდნენ.

გაზეთ "ბანკებისა და ფინანსების" მთავარი რედაქტორი ზურაბ კუკულაძე, რომელიც წლების განმავლობაში ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარს იკვლევდა, მიიჩნევს, რომ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებზე აბონენტების გადანაწილებაზე გავლენა კონკურენციის პირობების გათანაბრებამ მოახდინა.

ზურაბ კუკულაძე: 2015 წლის მარტამდე მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები არათანაბარ პირობებში იყვნენ. სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2010 წელს იყო შესაძლებელი, რომ საქართველოში 4G ინტერნეტი დანერგილიყო. თუმცა მეოთხე თაობის ინტერნეტის მიწოდებაზე ლიცენზიას "მაგთი" ექსკლუზიურად ფლობდა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან ერთად შეთანხმებულად მოქმედებდა (რაც უკანონო იყო) და სხვა მობილურ ოპერატორებს არ აძლევდა შესაძლებლობას, რომ 4G დაენერგათ. ეს ლიცენზია "მაგთიმ" ჯერ კიდევ 90-იან წლებში აიღო, როდესაც სახელმწიფოსთან კაბალური შეთანხმება გააფორმა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან კარგად ვიცით, ვინ არის "მაგთის" დამფუძნებელი და რა ურთიერთობა ჰქონდა მას შევარდნაძის ხელისუფლებასთან. ასევე, მას "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისასაც ჰყავდა ძლიერი ლობი. ასე რომ არ ყოფილიყო, სახელმწიფო მომხმარებლის ინტერესების უგულვებელყოფას არ დაუშვებდა. მოკლედ, "მაგთიმ" 5 წელი დაგვაკარგვინა. მაგალითად, სომხეთმა მეოთხე თაობის ინტერნეტი 2010 წელს დანერგა. საქართველო კი ევროპის ქვეყნებში ბოლო იყო, სადაც 4G "ამუშავდა". მეოთხე თაობის ინტერნეტის დანერგვას "მაგთი" ბლოკავდა – არადა, 4G თითქმის ყველა სფეროს განვითარებას უწყობს ხელს: მედიცინით დაწყებული და განათლებითა თუ ბიზნესით დამთავრებული.

- კი მაგრამ, თავად "მაგთი" რატომ არ ავითარებდა მეოთხე თაობის ინტერნეტს?

- 4G-ს განვითარება "მაგთის" იმიტომ არ აწყობდა, რომ ვალდებული იყო – წლების წინ აღებული სიხშირის მოდიფიკაციის მოთხოვნით, მარეგულირებელი კომისიისთვის მიემართა. ამას რეზონანსი მოჰყვებოდა და სხვა კომპანიებიც უკვე საჯაროდ მოითხოვდნენ, რომ მათაც მისცემოდათ შესაძლებლობა, განევითარებინათ მეოთხე თაობის ინტერნეტი. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობის შედეგად, კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, "მაგთის" მონოპოლია მოიშალა და ყველა მობილურ ოპერატორს მიეცა მეოთხე თაობის ინტერნეტის განვითარების შესაძლებლობა. 2015 წლის მარტიდან საქართველოს ბაზარზე "მაგთის", "ჯეოსელისა" და "ბილაინის" შესაძლებლობები გათანაბრდა და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, აბონენტებს არჩევანის საშუალება მიეცათ. ეს კი აისახა "მაგთის" მომხმარებლის რაოდენობაზე. გავლენა მოახდინა სხვა ფაქტორებმაც. "მაგთის" კონკურენტ კომპანიებს მოტივაცია გაუჩნდათ, ინვესტიციები 4G-სა და დაფარვის ზონის განვითარებაში ჩაედოთ. თუ ადრე ”ჯეოსელი” და ”ბილაინი” აბონენტებს ძირითადად იაფ სატარიფო მომსახურებას სთავაზობდნენ, ამჯერად ”მაგთისთან” კონკურენცია ტექნოლოგიური კუთხითაც შეეძლოთ. მომხმარებელი არჩევანს ყოველთვის ხარისხიან, მაგრამ შედარებით იაფ მომსახურებაზე აკეთებს. გარდა ამისა, ალბათ, თქვენ გახსოვთ, "მაგთიმ" კორპორატიულ აბონენტებს ანგარიშები გაუფრთხილებლად რომ გაუნულა და შემდეგ აჟიოტაჟი რომ ატყდა, იძულებული გახდა, ფული უკან დაებრუნებინა. ასეთი ტიპის სკანდალები ცუდად აისახება კომპანიის რეპუტაციაზე და იწვევს მომხმარებლის დაკარგვას. ვიტყვი იმასაც, რომ ”მაგთის” საკუთარი პოლიტიკის შეცვლა აუცილებლად მოუწევს. ის აღარ არის იმ ეპოქაში, როცა პრივილეგიებით სარგებლობდა. ის ”ჯეოსელთან” და ”ბილაინთან” შედარებით წამგებიან მდგომარეობაშია, რადგან ბაზარზე მაღალი ფასებით ოპერირებს. მას მხოლოდ ის უპირატესობა აქვს, რომ ფიჭური მომსახურების გარდა, სხვადასხვა ბიზნესს ფლობს, რაც შესაძლებლობას აძლევს მობილურ მომსახურებასთან ერთად აბონენტს სხვა სერვისებიც შესთავაზოს. თუმცა ამ კუთხითაც პრობლემები აქვს.

- კერძოდ?

- ”მაგთისატი” დედაქალაქში ”კავკასუსსა” და ”სილქნეტს” კონკურენციას ვერ უწევს. ამიტომ ის ცდილობს შედარებით დაბალი ხარისხის მომსახურება რეგიონებში გაყიდოს. მოგეხსენებათ, 17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის, ეს კი "მაგთისატიდან" მომხმარებლების გადინებას აუცილებლად გამოიწვევს, იმიტომ რომ მის ყველაზე გაყიდვად პაკეტში მხოლოდ ქართული არხებია, რომელთა ყურება 17 ივნისიდან მაყურებელს უფასოდ შეეძლება და ვინღა გადაუხდის "მაგთისატს" თუნდაც 10 ლარს ყოველთვიურად?! ”მაგთისატს” ტელერეკლამებით მომხმარებელი შეცდომაში შეყავდა, რადგან აცხადებდა, რომ ციფრულ მაუწყებლობის მიღება ჩვეულებრივი ანტენით შეუძლებელიაო. ”მაგთი” ცდილობს, ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით ვითარება სპეციალურად ბუნდოვანი გახადოს. ჩემი აზრით, ”მაგთის” ქმედებით მარეგულირებელი კომისია და ეკონომიკის სამინისტრო აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.

რუსუდან შელია