თბილისში მალე, შესაძლოა, ”სიტი პარკის” ალტერნატივა გაჩნდეს

”მერიის რა მოთხოვნები შესრულდება და რა - არა, ამაზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით”, - აცხადებენ კომპანიაში.

ტროტუარებზე პარკირების შეზღუდვა, შემოსავლების გადანაწილების საკითხი, ევაკუაციის შეზღუდვა და ბაზარზე კონკურენტების დაშვება - ეს ის ოთხპუნქტიანი გეგმაა, რომელიც თბილისის მერიამ კომპანია ”სიტი პარკს” წარუდგინა და მოსაფიქრებლად დრო მისცა. ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტი - ევაკუაციის შეზღუდვა - გულისხმობს იმას, რომ კომპანია ”სიტი პარკს” ავტომობილების საჯარიმოზე გადაყვანა შეეზღუდება. მეორე ცვლილება უკავშირდება შემოსავლების განაწილების მექანიზმის შეცვლას, რომლის მიხედვითაც შემოსავლების მეტ წილს იღებს ”სიტი პარკი” და დედაქალაქის ბიუჯეტს ნაკლები რჩება. რაც შეეხება ტროტუარებზე პარკირების შეზღუდვას, ცალკეულ მონაკვეთებზე, სადაც დღეს შესაბამისი ნიშანი დადგმული არ არის და ავტომანქანა არის გაჩერებული, მაგრამ მოძრაობას ხელს არ უშლის, ასეთ შემთხვევაში ”სიტი პარკს”  საჯარიმოზე გადაყვანის უფლება არ უნდა ჰქონდეს.

დავით ნარმანიას თქმით, ბაზარზე კონკურენტების დაშვება გულისხმობს იმას, რომ ბაზარზე აუცილებლად გაჩნდება პარკირების სხვა კომპანიები. მისი თქმით, ”სიტი პარკს” არ უნდა ჰქონდეს ექსკლუზივი პარკირებასთან დაკავშირებით.

თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის, გიორგი გურგენიძის თქმით, ”სიტი პარკთან” მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამის შესახებ სხვა ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ”ორი მხარეა ჩართული. კომპანიას ჩვენი მოთხოვნები წავუყენეთ და ახლა პასუხს ველოდებით. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია და არ ვიცით, მოლაპარაკება როდის დასრულდება, ეს შედეგებზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგი ექნება მოლაპარაკებებს”, - ამბობს გურგენიძე.

რაც შეეხება ”სიტი პარკის” პასუხს, შეასრულებს თუ არა მერიის მოთხოვნებს, როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ გვითხრა, მერიის მოთხოვნები ქვეპუნქტებისგან შედგება და საკითხის სწრაფი განხილვა ვერ მოხერხდება. ”რა მოთხოვნები შესრულდება და რა - არა, ამაზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. საკითხები ისე უნდა განვიხილოთ, რომ ”სიტი პარკის”, მერიისა და მოქალაქეების ინტერესები გათვალისწინებული იყოს. შესაბამისად, ამას გარკვეული დრო სჭირდება”, - გვითხრეს კომპანიაში.

საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - თბილისელების” თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის თქმით, ”სიტი პარკის” მიმართ მოსახლეობაში უარყოფითი განწყობაა და როგორც ზუმბაძე ამბობს, კომპანიას სხვა გზა არ აქვს, გარდა ერთისა - ისინი მერიის მოთხოვნას უნდა დასთანხმდნენ. ”მოგეხსენებათ, ”სიტი პარკი” არსებული ხელშეკრულებებით განუზომელ უფლებებს ფლობს. ქალაქში მათ მიმართ ნეგატიური განწყობაა, ამიტომ მათ სხვა გზა არ აქვთ. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ ”სიტი პარკის” წინააღმდეგ, შესაძლოა, დაუმორჩილებლობის ტალღა წამოიწყონ. ეს შეიძლება დაიწყოს არა მარტო პოლიტიკური პარტიის, არამედ მძღოლებისა და მოქალაქეების მხრიდანაც. ამიტომ ”სიტი პარკს” ურჩევნია, დავით ნარმანიასთან ერთად დაჯდეს და ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ”, - ამბობს გულიკო ზუმბაძე. საკრებულოს წევრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ”სიტი პარკმა” თავის მხრივ მოთხოვნები წამოაყენა, მერია შესაბამის შემთხვევაში მოთხოვნის შესრულებაზე თანახმა იქნება:

”ხელშეკრულება ყოველთვის ორივე მხარის სასარგებლოდ იდება, ერთი მეორეს არ უნდა ზღუდავდეს. ეს ისე უნდა მოხდეს, რომ მთლიანობაში ქალაქს გამოადგეს, მძღოლების უფლებები მაქსიმალურად დაცული იყოს და დედაქალაქში მოძრაობა და პარკინგი მოწესრიგდეს. რა თქმა უნდა, მერია გონივრულ ფარგლებში დაეთანხმება იმ მოთხოვნებს, რაც ”სიტი პარკის” ფუნქციონირებისათვის და მისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელია. ჩემი აზრით, ”სიტი პარკი” მერიის მოთხოვნებს დასთანხმდება, რადგან სხვა გზა არ დარჩენიათ. ხალხი ამ კომპანიით ძალიან უკმაყოფილოა და სულ მცირე მოლაპარაკების მაგიდასთან მაინც დასხდებიან და ახალი შეთანხმების მიღწევის გადაწყვეტილებაზე იმსჯელებენ”, - ამბობს გულიკო ზუმბაძე.

ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, რომელიც ბაზარზე პარკირების სხვა კომპანიების დაშვებას გულისხმობს, გიორგი გურგენიძის თქმით, პარკინგების მშენებლობის მსურველი კომპანიებისთვის კონკურსი გამოცხადდება:

”ჩვენ დამატებითი საპარკინგე ადგილების შექმნაზე ვმუშაობთ და ვცდილობთ ამ მიმართულებით მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. ადგილები მერიამ შეარჩია, ეს იქნება 23 მიწისზედა საპარკინგე ადგილი და 7 - მიწისქვეშა. ახლა ვესაუბრებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებს, რომ ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი შემუშავდეს და ამის შემდეგ გამოცხადდება კონკურსი, სადაც ინვესტორები თავიანთ დაინტერესებას გამოხატავენ. შევარჩევთ საუკეთესო წინადადებებს, გაფორმდება საინვესტიციო ხელშეკრულება და დაიწყება მშენებლობა. ვფიქრობთ, რომ საპარკინგე ნაგებობები ექსპლუატაციაში მომავალი წლის განმავლობაში შევა”, - ამბობს გიორგი გურგენიძე.

მისივე თქმით, პარკინგების მშენებლობისათვის თბილისის სხვადასხვა რაიონია შერჩეული: ”როგორც ცენტრალური უბნები, ისე პერიფერიული რაიონები, ძირითადად ის ადგილები, სადაც დიდი დატვირთვაა.”

”რაც შეეხება კონკრეტულად საპარკინგე ნაგებობას, შეიძლება ეს არ იყოს მრავალსართულიანი შენობა და იყოს თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად გაკეთებული ნაგებობა, რომელიც იქნება არა შენობის მაგვარი, არამედ ლიფტის სისტემით არსებული. ეს უკვე ინვესტორის შემოთავაზებებში იქნება გათვალისწინებული. ბიზნესმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი უფრო მისაღებია, იქნება ეს მრავალსართულიანი შენობა თუ სხვანაირი, მაგრამ მთავარია, არსებულ მოთხოვნას უპასუხოს”, - ამბობს გიორგი გურგენიძე.

თეა ბეჟიტაშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”