"ჩემი ბიზნესი" - ახალი ბიზნეს სოციალური ქსელი

დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ ქვეყანაში კარგი ბიზნეს პროექტების დეფიციტია, ხოლო არსებული იდეების ხორცშესხმა - ვერ ან არ ხერხდება. "ნედლი"  ბიზნეს იდეის პროექტად გარდასახვისთვის მისი სრულყოფაა საჭირო, რაც ხშირ შემთხვევაში იდეის ავტორის ძალებსა და შესაძლებლობებს აღემატება. ეს დაახლოებით ალმასის დამუშავების პროცესს ჩამოჰგავს, როცა ყოველ წახნაგთან ერთად ბრილიანტის ფასიც მატულობს.

"ჩემი ბიზნესი" (www.mybusiness.uc.ge) - ასე ჰქვია პირველ ბიზნეს კომუნიკატორს, სოციალურ ქსელს, რომელიც საქმიანი ადამიანების გაერთიანებას და საინტერესო ბიზნეს პროექტების რეალიზებას ისახავს მიზნად. ახალი ვებპორტალის, როგორც სოციალური ბიზნეს ქსელის სასტარტო მოდელი შექმნილია კომპანია ,,ერთიანი კაპიტალი"-ს მიერ და მისი სატესტო ვერსია უკვე ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მომხმარებლისთვის. კომპანია (www.uc.ge) სხვადასხვა საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს კომპანიებსა და კერძო პირებს, ვისაც საკუთარი ბიზნესის ეფექტური დაგეგმვა, გაფართოება ან სწორად წარმართვა ესაჭიროება.

დავით ბაძგარაძე, "ერთიანი კაპიტალის" გენერალური დირექტორი: ჩვენი კომპანია საკონსულტაციო მომსახურებას უწევს კლიენტებს (ბიუჯეტის დაგეგმვა, ბუღალტერიის გამართვა, ფინანსური ანგარიშგებების შედგენა, ფინანსური ნაკადების ოპტიმიზაცია, ბიზნეს-გეგმების შედგენა და ინვესტორებთან საშუამავლო მომსახურება). 2013 წლიდან აქტიურად დავიწყეთ ბიზნესისთვის საკუთარი საინვესტიციო რესურსის შეთავაზება, რაც შესაძლოა იყოს როგორც სასესხო კაპიტალი, პირდაპირი მონაწილეობა კაპიტალში, ვენჩურული კაპიტალის მიწოდება, ასევე დაფინანსების შერეული ფორმები. მთავარია, რომ ინვესტიციები, რომელსაც ვახორციელებთ ეფექტურად იყოს გამოყენებული. აუცილებელი მოთხოვნაა ვაწარმოოთ დაფინასებული პროექტების ფინანსური მენეჯმენტი, ხოლო ბიზნესის ტექნიკურ და საოპერაციო მენეჯმენტში ნაკლებად ვერევით.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კერძო სექტორს მეტი ეფეტურობისთვის მასშტაბური კომუნიკაცია ესაჭიროება. ჩვენი საქამიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ბიზნეს იდეებს გვიზიარებენ, რის შემდეგაც ამ იდეების შესწავლა და დამუშავება ხდება, რათა ისინი რაციონალურ და ეფექტურ პროექტებად ჩამოყალიბდნენ. შემდეგი ეტაპი უკვე სხვადასხვა საფინანსო დაწესებულებებიდან ამგვარი პროექტების ინვესტირებას, მათთვის საბრუნავი საშუალებების მოძიებას ეთმობა. ჩვენი უმთავრესი მიზანია – საზოგადოების აქტიური ფენის ინფორმირება და მათი ბიზნეს პროცესებში ჩართულობა, ასევე სხვადასხვა ინტერესთა მატარებელი ჯგუფების ერთმანეთან დაკავშირება, სადაც საჭიროების შემთხვევაში ძალთა გაერთიანებაც (იგულისხმება ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსი) იქნება შესაძლებელი. აუდიტორიის მაქსიმალურად გაფართოვების აუცილებლობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ეს პროცესები ინტერნეტ სივრცეში გადაგვეტანა. ამ მიზნით შევქმენით ცალკე პორტალი - www.mybusiness.uc.ge, სადაც მომხმარებლები გაწევრიანდებიან შემდეგი სტატუსებით: წევრი, პარტნიორი, ექსპერტი. ბიზნეს პორტალს რამდენიმე მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება, მათ შორის ისიც, რომ მის ნებისმიერ წევრს შეეძლება მოკლე რეზიუმეს სახით, საკუთარი ბიზნეს პროექტის საიტზე ატვირთვა. მას აქვე ექნება საშუალება, ატვირთული პროექტი საჯარო განხილვის საგნად აქციოს, ან მხოლოდ საკუთარი პარტნიორებისთვის და საიტის ადინისტრაციისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. თუ ატვირთული პროექტი საჯარო იქნება, მის ნახვას, კომენტარის დატოვებას, პროექტთან დაკავშირებული შეკითხვების დასმას, შენიშვნების, რჩევების თუ რეკომენდაციების მიცემას, ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს.

პროექტის ავტორს კი შესაძლებლობა ექნება უპასუხოს პორტალის წევრებს როგორც საჯარო ფორმატში, ასევე პრივატულად ჩათში. აღსანიშნავანია ისიც, რომ ამ დისკუსიების, ანალიზისა და კომუნიკაციის შემდეგ, ნებისმიერ მსურველს, ვისაც წვდომა ჰქონდა პროექტთან, ექნება შესაძლებლობა, შეაფასოს ის 1-დან 10 ქულამდე. რეიტინგული პროექტების განხილვაში ჩვენც აქტიურად ჩავერთვებით და ორგანიზებას გავუკეთებთ პროექტის ავტორისა და პროექტით დაინტერესებული პირების შეხვედრებს, ამჯერად არა ონლაინ, არამედ რეალურ ფორმატში. ჩვენ ამ ვებპორტალით გვინდა გარკვეული საჯარო სივრცე შევქმნათ, რომელიც რიგიან ბიზნესპროექტებს სრულყოფაში დაეხმარება. კომპეტენტური პირების მიერ გამოთქმული მოსაზრებები თუ შენიშვნები, კიდევ უფრო დახვეწს პროექტს, რათა საბოლოო სახე მიიღოს და უფრო მიმზიდველი გახდეს პოტენციური ინვესტორისთვის.

სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევა, როცა კარგი ბიზნეს იდეის რეალიზაცია და ხორცშესხმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რიგი მიზეზების გამო ვერ ხერხდება. ჩვენთან კი მსგავსი იდეის ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ეს იდეა კომპეტენტური ადამიანების სამსჯავროზე გამოიტანონ და ამით მას განხორციელების შანსი მისცენ.

- როგორი წესით მოხდება ვებპორტალის წევრებისთვის სხვადასხვა სტატუსის მინიჭება?

- ჩვენი მიზანია, რომ პროექტის ავტორებს პორტალზე კომპეტენტური აუდიტორია დავახვედროთ. თითქმის ყველა ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ, იქნება ეს საკონსულტაციო კომპანიები, საფინანსო ინსტიტუტები თუ ინვესტორები, ყველამ დიდი ინტერესი გამოხატა აღნიშნული ვებპორტალის მიმართ, რადგან კარგი ბიზნეს პროეტების ავტორები მათი პოტენციური კლიენტები არიან. პორტალს საგანმანათლებლო ფუნქციაც ექნება, კომპეტენტური ბლოგერები სხვადასხვა ბიზნეს საკითხების თუ ტერმინების განმარტებებს შესთავაზებენ პორტალის წევრებს. სავარაუდოა, რომ საქართველოში ბევრი კარგი ბიზნეს ინიციატივა იბადება, მაგრამ არასაკმარისია ბიზნესუნარებისა და შესაბამისი განათლების დონე. ჩვენი სურვილია ამ ხარვეზის გამოსწორებაში წვლილი შევიტანოთ.

- რა ხდება იმ ეტაპზე, როცა ექსპერტების და ვებგვერდის ადმინისტრაციის მიერ მოწონებული პროექტების განხორციელებას მხოლოდ დაფინანსება სჭირდება?

- რეიტინგული და საუკეთესო პროექტები აუცილებლად მოექცევა ჩვენი განხილვების არეალში. თუმცა, აქვე მინდა დავაზუსტო, რომ შესაძლოა არარეიტინგული პროექტებითაც დავინტერესდეთ. ანუ პროექტის რეიტინგულობა ჩვენთვის დოგმას არ წარმოადგენს. პროექტის განხილვის შემდეგ ვიწყებთ მის სიღრმისეულ დამუშავებას, რაც გულისხმობს ბიზნეს გეგმის შედგენას თავისი გათვლებით, საპროგნოზო ფინანსური ანგარიშგებით, ტექნიკურ-ეკონომიკური თუ სხვა დოკუმენტური დასაბუთებით. მაგალითად ეს შეიძლება იყოს პატენტის მოპოვება ან დამატებით სხვა საჭირო დოკუმენტაცია. ასეთია სამუშაო პროცესი და მას შემდეგ, რაც პროექტის სიცოცხლისუნარიანობა და კონკურენტუნარიანობა დადასტურდება, უკვე საჭიროა დაფინანსების ფორმის შერჩევაზე ფიქრი, რაც შესაძლოა იყოს სესხი, წილობრივი მონაწილეობა, წილი გამოსყიდვის უფლებით და ა.შ. სამომავლოდ ჩვენი ვებპორტალი შესაძლოა, კიდევ ბევრი სერვისისთვის იყოს გამოყენებული. მაგალითად, ბიზნეს სუბიექტს შესაძლებლობა ექნება მისთვის საინტერესო კადრი მოიძიოს ქსელში ან საქმიანი შეთავაზებით, კომერციული წინადადებით მიმართოს პორტალის სხვა წევრებს. ზოგადად, როცა ბიზნესს კომუნიკაციის მეტი შესაძლებლობები გააჩნია, ის უკეთ ვითარდება. ბიზნესის განვითარება კი ქვეყნის, მისი ეკონომიკის განვითარებას ნიშნავს.

ემა ტუხიაშვილი