საქართველოში ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა

სააგენტოებს თავისუფალი სამუშაო ადგილები რეალურად არ აქვთ

საქართველოში დასაქმების თითქმის ყველა სააგენტოს ვაკანსიების რაოდენობა შეუმცირდა. მათ შორის, უმსხვილეს კომპანიებსაც, რომლებიც აქამდე სტაბილურობის შენარჩუნებას მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ, სამუშაო ადგილები რეალურად არ აქვთ. მიზეზად სააგენტოებში კომპანიების მხრიდან კადრებზე მოთხოვნის უქონლობას ასახელებენ. ფაქტია, რომ ქვეყანაში დასაქმების პრობლემის გადაჭრა ისევ ვერ ხერხდება, შესაბამისად, უმუშევრობა კვლავ რჩება საზოგადოების მთავარ საკითხად.

საქართველოში შარშან საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვი 9 ათასი ადამიანით შემცირდა. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქვეყანაში დასაქმების პროგნოზს არავინ აკეთებს. ექსპერტული გათვლებით კი, უმუშევრობა ქვეყანაში ისევ იზრდება.

დასაქმების პორტალი hr. com.ge-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ შედარებით აქტიური გაყიდვებისა და ფინანსების სექტორია. მსხვილმა კომპანიებმა აქტიურობა მინიმუმამდე შეამცირეს განსხვავებით მცირე და საშუალო კომპანიებისგან, რომლებსაც ვაკანსიები გაყიდვის სერვისის რამდენიმე პოზიციაზე აქვთ. hr. com.ge-ს რეგიონული მენეჯერის ინგა სახბაზიანის ინფორმაციით, მაისის თვე ვაკანსიების მხრივ ყოველთვის აქტიური პერიოდია, თუმცა წელს ტენდენცია უარყოფითია და სეზონი აშკარად პასიურია.

"კომპანიაში შემოსული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, დასაქმების მხრივ არსებული მდგომარეობა აშკარად გაუარესებულია. აპრილისგან განსხვავებით, მაისში ყოველთვის მეტი განცხადება შემოდის, მაგრამ წელს ტრადიცია საპირისპიროა, ვაკანსიების კლება შეინიშნება. გაყიდვისა და ფინანსების სექტორი შედარებით აქტიურია, მაგრამ ეს ხდება წვრილი ბიზნესის ხარჯზე. მსხვილი კომპანიების მხრიდან წელს ნაკლები განცხადება შემოდის. გაყიდვის მიმართულებით სხვადასხვა პოზიციას ითხოვენ, დანარჩენ სფეროზე მოთხოვნა თითქმის არ არის. სამწუხაროდ, არ ვიცით, სად გვაქვს პრობლემა. ჩვენ მხოლოდ შემოსული ვაკანსიების რაოდენობით ვსაუბრობთ. რეალურად რა ვითარებაა და როგორია დასაქმების მხრივ არსებული სიტუაცია, ინფორმაციას არ ვფლობთ", - აცხადებს ინგა სახბაზიანი.

"საქმე.გე"-ს რედაქტორის ლელა არაბულის ინფორმაციით, დასაქმების ბაზარზე ძირითადი მოთხოვნა მომსახურების სფეროზეა, სადაც მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილებას ითხოვენ და საშუალო ხელფასს გთავაზობენ. მისი თქმით, პოპულარულია ასევე ქსელური მარკეტინგი, როცა გთავაზობენ დასაქმებას და ხელფასის ზრდის პერსპექტივას. "ყველაზე ხშირად ითხოვენ კონსულტანტებს, სტილისტებს, ავტომრეცხავებს, მენეჯერებს, დისტრიბუტორებს, პრომოგოგონებსა და ბიჭებს, ასევე, პოპულარულია ქსელური მარკეტინგი. განთავსებულ განცხადებებში დამსაქმებლის ძირითადი მოთხოვნა სამუშაო გამოცდილება და პროფესიის შესაბამისი უნარჩვევების ქონაა. განცხადებებს, ძირითადად, კერძო პირები ათავსებენ, თუმცა არის მოთხოვნა საჯარო სექტორიდან და სახელმწიფო უწყებებიდან", - ამბობს არაბული.

ვაკანსიების კლებაზე საუბრობენ დასაქმების ორგანიზაციებიც. სააგენტო "თაბუნის" ინფორმაციით, ეს პროცესი კომპანიისთვის არ არის მტკივნეული, რამდენადაც "თაბუნი"ერთ კონკრეტულ სექტორზეა ორიენტირებული და მხოლოდ ძიძების დასაქმებაზე მუშაობს. ამ მიმართულებით მოთხოვნის კლება ან ზრდა, კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით არ დასტურდება.

"ბოლო ორ-სამ წელიწადში სამსახური ბევრმა ადამიანმა დაკარგა, ხოლო სამსახურს ცოტა ეძებს, რადგან ხალხს იმედიც გადაეწურა. დღეს "ნაცნობობით დასაქმებას" მეტი პერსპექტივა აქვს. ამიტომ ჩემთვის არ ყოფილა მოულოდნელი დასაქმების სააგენტოებში ვაკანსიების კლება. ამ პროცესს მიზეზად აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური საფუძველიც. გარდა იმისა, რომ ახალი სამუშაო ადგილი არ არის, არც დასაქმების მოლოდინია", - აცხადებენ სააგენტოში.

ვაკანსიების შემცირების მიზეზად გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ეკონომიკური ზრდის შემცირებას მიიჩნევს. "დასაქმების სააგენტოები არ აქვეყნებენ მონაცემებს, რის გამოც დასკვნის გაკეთება გვიჭირს. ეს მათ, როგორც კერძო კომპანიებს, არც ევალებათ. სტატისტიკის ეროვნული სამსახური კი ასეთ მონაცემებს არ ფლობს. მიზეზად უფრო ეკონომიკური ზრდის შემცირებას მივიჩნევ. ვაკანსიების შემცირება, შეიძლება, ამ ფაქტორის გამოეწვია. ჩვეულებრივი სეზონური ცვლილებაა, რომელიც წლის პირველი კვარტლისთვისაა დამახასიათებელი. ჩემი აზრით, განგაშის საფუძველი არ უნდა იყოს, დასკვნების გამოტანას არ ვიჩქარებდი", - ამბობს გოჩა ალექსანდრია.

ეკონომიკის სფეროს სპეციალისტის სოსო არჩვაძის ვარაუდით, კომპანიები ფინანსურ რესურსს ან დროს ზოგავენ, რაც შეიძლება ვაკანსიების შემცირების მიზეზი იყოს. "შესაძლოა, ბიზნესი ახალი თანამშრომლების მიღებას საკუთარი საძიებო სისტემით ახდენს. ბიზნესის აქტიურობამ ბუმს ვერ მიაღწია და ეს პროცესი ჯერჯერობით არც არის მოსალოდნელი. არ გამოვრიცხავ, ვაკანსიების შემცირება ამ ფაქტორითაც იყოს განპირობებული", - დასძენს არჩვაძე.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"