დამსაქმებლები შრომით კოდექსს კვლავ ხშირად არღვევენ

"შრომითი უფლებები "საქართველოს რკინიგზასა" და "საქართველოს ფოსტაში" ხშირად ირღვევა"

განახლებული "შრომის კოდექსის" მიხედვით ხელისუფლება ცდილობს დააბალანსოს შრომითი ურთიერთობები და მხარეთა უფლებები, მაგრამ თუ შრომის ბაზარზე არსებული პრობლემებიც არ მოგვარდა, მხოლოდ "შრომის კოდექსის" ცვლილება დასაქმებულის პრობლემებს ვერ მოაგვარებს. დაზარალებული ადამიანები "შრომის კოდექსის" დარღვევაზე და არასასურველ სამუშაო პირობებზე საუბრობენ.

კომპანია Star Georgia-დან წამოსული შუშანიკ ჩუბინიძე, არასასურველ სამუშაო პირობებსა და შრომითი ანაზღაურების დარღვევზე საუბრობს: "გავაფორმე ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული იყო, რომ ჩემი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 377 ლარს, დაბეგვრის შემდეგ უნდა ამეღო 307 ლარი, რაც რეალურად არასდროს ამიღია. პირველი ხელფასი (გვერიცხებოდა ყოველი თვის 10 რიცხვში) იყო 109 ლარი - 18 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ თვეში ავიღე 295,61 ლარი. მესამე თვის ხელფასი (ჯამში 208 სამუშაო საათი) ჩამერიცხა 148.64 ლარი. როდესაც დამაინტერესა ხელფასის დაკლების მიზეზმა, მენეჯერმა ამიხსნა, რომ მაღაზიას აქვს დანაკლისი და ხელფასებიდან დაგვექვითა 40%. დანაკლისი შეიძლება იყოს, მაგრამ აქ საინტერესო ისაა, რომ აღნიშნულ მაღაზიას დანაკლისში უწერია ისეთი პროდუქცია, რომელიც არასდროს მიუღია გასაყიდად. მაგალითად, 365 ჩიზქეიქი, რომელიც ჩემი იქ მუშაობის სამი თვის მანძილზე ქსელში არასდროს ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში ნათლად იყო სამუშაო გრაფიკი გაწერილი, ხელშეკრულებაში მითითებული სამუშაო გრაფიკი არასოდეს მქონია. ვმუშაობდი დილის 9-დან საღამოს 9-მდე და მეორე დღეს საღამოს 9-დან დილის 9-მდე. დღეში 12 საათს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პერსონალის ნაკლებობის გამო 24 საათიც მიმუშავია. ორი კვირის წინ განცხადება დავწერე და სამსახურიდან წამოვედი. ხელფასი დამერიცხა 307 ლარის ნაცვლად, 148.64 ლარი. დაახლოებით ხელფასის 52% დამაკლეს".

bpn.ge დაინტერესდა, როგორი ვითარებაა შრომის ბაზარზე და რა პრობლემების წინაშე დგანან დასაქმებული ადამიანები? ამის გასარკვევად პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული სამსახურის უფროსს რაისა ლიპარტელიანს დავუკავშირდით. ხელშეკრულების ვადები, წერილობითი ხელშეკრულება, დასაქმებულის ანაზღაურება, ზეგანაკვეთური შრომა, და შრომითი უსაფრთხოება - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომლებზეც რაისა ლიპარტელიანი გვესაუბრა.

"ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ შრომითი უფლებები "საქართველოს რკინიგზასა" და "საქართველოს ფოსტაში" ხშირად ირღვევა. ხშირია პროფესიული ნიშნით ადამიანების დევნა, სამსახურიდან დათხოვნა, არასწორად შეფარდებული დისციპლინური სახდელები ხელშეკრულების ვადებთან დაკავშირებით, როდესაც ერთთვიანი ხელშეკრულებები იდება, შემდგომ სასამართლოს საჭიროებს. ახლაც მიმდინარეობს განხილვა მოკლევადიან ხელშეკრულებებთან მიმართებაში. 2013 წლიდან შეზღუდვები დაწესდა -ხელშეკრულება მინიმუმ ერთწლიანი უნდა იყოს. გარდა ამისა, ხშირად ადამიანებს არ აქვთ წერილობითი ხელშეკრულება და ზეპირი ხელშეკრულების შემთვევაში ძალიან რთულია, ფაქტობრივად, შეუძლებელია რაიმეს მტკიცება", - აღნიშნავს რაისა ლიპარტელიანი.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი პრობლემაა ანაზღაურების ნაწილში, მათ შორის საჯარო სექტორშიც. "ხშირად ხდება გადაცდენები ანაზღაურების ნაწილში, მეორეს მხრივ ზეგანაკვეთურ შრომასთან დაკავშირებით, უნდა მიეცეთ ანაზღაურება გაზრდილი ტარიფით, მათ შორის საჯარო სექტორშიც. საჯარო მოხელეები ხშირად გვიანობამდე მუშაობენ, შაბათ-კვირას, უქმე დღეებშიც და ამის კომპენსირება არ ხდება. ძირითადად, პრემიებით აპელირებენ, რომ ზეგანაკვეთური შრომისთვის მიეცათ, თუმცა ზეგანაკვეთური შრომა აბსოლუტურად ცალკე რეგულირდება. ამიტომ ამ თემით აპელირება, რომ ვიღაც ბევრს მუშაობს და ამიტომ პრემია ეკუთვნის, არასწორია," - აღნიშნავს რაისა ლიპარტელიანი.

ძალიან პრობლემური საკითხია შრომითი უსაფრთხოება, განსაკუთრებით, ისეთ ობიექტებზე სადაც არსებობს მომეტებული საფრთხის წყაროები. ეს იქნება მაღაროები, მშენებლობები და ასე შემდეგ. არანაირი შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები არ არსებობს. როგორც რაისა ლიპარტელიანმა გვითხრა, შრომითი უფლებების დარღვევა ხდება ყველა ტიპის საწარმოში, უბრალოდ სხვადასხვა ფორმით: "არ არსებობს შრომის ინსპექცია, რომელსაც ევალება აკონტროლოს იმპლემენტაციის საკითხი. ამიტომ დამსაქმებელს არაფერი აბრკოლებს კვლავ დაარღვიოს შრომის კოდექსი. თუ დარღვევა დადგინდება, არანაირი სანქცია არ არსებობს - სახელმწიფოს მიშვებული ჰყავს თავის ნებაზე".

თიკო გურაშვილი