დავით ნარმანია და გულიკო ზუმბაძე კომპანია "ლილო მოლის" ტერმინალის გახსნას დაესწრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, გულიკო ზუმბაძე და დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია კომპანია "ლილო მოლის" ახალი საბაჟო-სასაწყობო ტერმინალის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.

საკრებულოს ინფორმაციით,  საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა კომპანია ,,ლილო მოლს" 24 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ იგი ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთი სახის პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ დედაქალაქის ეკონომიკურ ზრდას.  "ჩემს სამაჟორიტარო ოლქში უკვე მეორე მსხვილი ობიექტი გაიხსნა. მე უკვე ვესაუბრე კომპანიის ხელმძღვანელებს და ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. ახალ საბაჟო ტერმინალში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ლილოში მაცხოვრებელთა სოციალურ ფონს. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ ბიზნესსა და ინვესტიციას", - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

ახალ საბაჟო ტერმინალში საქართველოს ფოსტის, ასევე საბანკო მომსახურების ოფისები და 4500-მდე საწყობია განთავსებული. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა - გია კვარაცხელიამ აღნიშნა, მეწარმე ერთიან სტანდარტულ მომსახურებას კომფორტულ გარემოში მიიღებს. კომპანია "ლილო მოლის" ახალი საბაჟო-სასაწყობო ტერმინალის გახსნის საზეიმო ცერემონიას თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ბიზნესმენები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.