"თხილის წარმოება დღგ-ის გადასახადის გარეშე უფრო განვითარდება"

”ჩვენი თხილის 95% ექსპორტზე გადის”

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველო თხილის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია: ჩვენი ქვეყანა უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ათეულში შედის, თხილის წარმოება საქართველოში მცხოვრები 50 000-მდე ოჯახისთვის შემოსავლების უმთავრეს წყაროს წარმოადგენს.

ახლახან ცნობილი გახდა ისიც, რომ მთავრობა თხილის წარმოების წახალისების პროგრამას იწყებს. ამის თაობაზე ქართულ მედიასთან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა ისაუბრა: "თუ ყველაფერს ისე განვახორციელებთ, როგორც ეს პროგრამაშია მოცემული, თხილის ექსპორტიდან მიღებული თანხა მილიარდ ლარსაც გადააჭარბებს" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. თუმცა, ამ დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ საქმიანობას ძალიან ბევრი რამ უშლის ხელს. ერთ-ერთი მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადია. ამიტომ, ექსპორტიორები მთავრობას დღგ-საგან გათავისუფლებას სთხოვენ. შესაბამისი პროექტი უკვე ფინანსთა სამინისტროშია წარდგენილი და ახლა ამ უწყების პასუხს ელოდებიან.

bpn.ge თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს - ალექსანდრე მოწერელიას დაუკავშირდა.

ალექსანდრე მოწერელია: "

თუ გვინდა, რომ თხილის ექსპორტი განვითარდეს, არსებული გარემო უნდა გაუმჯობესდეს. დღგ-საგან გათავისუფლება ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება, რომ ბიზნესოპერატორებს საქმიანობა გაუადვილდეს. აგიხსნით, რატომ: გაუტეხავ თხილზე დღგ-ის გადასახადი ისედაც მოხსნილია, ამ შემთხვევაში ჩვენ თხილის გულზე ვსაუბრობთ. მოგეხსენებათ, ჩვენი თხილის 95% ექსპორტზე გადის. დღგ-ს არსებობას სახელმწიფოსთვის ფისკალური ეფექტი პრაქტიკულად არ მოაქვს. ეს თანხა ექსპორტიორი კომპანიების აქტივში ჯდება, მაგრამ მისი უკან დაბრუნება მთელ რიგ პროცედურებთან არის დაკავშირებული და დროში იწელება. სწორედ ამის გამო დავაყენეთ საკითხი დღგ-საგან გათავისუფლების შესახებ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ექსპორტიორები ფინანსური რესურსის სიმწირეს განიცდიან, ვინაიდან ჩვენთან საბანკო კრედიტები საკმაოდ ძვირადღირებულია დასავლეთ ევროპასთან შედარებით".

ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ხშირად კომპანიები თხილის გულს ერთმანეთისაგან ყიდულობენ. ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი თანხაა გადასახდელი დღგ-ში იმიტომ, რომ 1 კგ თხილის გულის ფასი 15 დოლარია. მასზე გაწეული დანახარჯები კი, ასტრონომიულ ციფრებს აღწევს: "მოგეხსენებათ, ლაპარაკია 10-20 ტონა თხილზე. "ეს ყველაფერი დროსთან და თანხებთან არის დაკავშირებული, ჩვენც სწორედ ამიტომ მოვითხოვთ დღგ-ის გადასახადის მოხსნას. კარგია, რომ მთავრობა თხილის წარმოების წახალისების პროგრამას იწყებს. ეს ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ჩვენს საქმიანობას ხელს უშლის და თუ ამ დარგის განვითარება გვინდა, ყველა პრობლემური საკითხი უნდა განვიხილოთ. არის სხვა საკითხებიც, რომლებსაც ეტაპობრივად დავაყენებთ. მე ვფიქრობ, რომ თხილის ექსპორტიორი კომპანიების პრობლემებს აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს",- აცხადებს მოწერელია.

ხათუნა ჩიგოგიძე