ავტომობილები საექსპორტო სამეულიდან მალე ამოვარდება

ბოლო წლებში პირველად, საქართველოს საექსპორტო კალათის ლიდერი შეიცვალა

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი პოზიციას თმობს. საექსპორტო თვალსაზრისით ამ ჯგუფმა პირველიდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. დიდია ალბათობა, რომ წლის მეორე კვარტალში ავტომობილები საექსპორტო სამეულიდანაც კი ამოვარდეს.

ბოლო წლებში პირველად, საქართველოს საექსპორტო კალათის ლიდერი შეიცვალა. საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აპრილში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადანმა და კონცენტრატებმა დაიკავა. 4 თვის მონაცემებით, ექსპოტზე 86 მლნ აშშ დოლარის სპილენძის მადანი გავიდა და ამ მაჩვენებელით პირველ ადგილზეა. სპილენძს მთელ ექსპორტში 12% უჭირავს. ბოლო წლების რეიტინგით მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი მეორე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. 4 თვის მონაცემებით, ექსპორტზე 73 ლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები გავიდა, ანუ 2,6-ჯერ ნაკლები, ვიდრე 2014 წლის ამავე პერიოდში. შესაბამისად, მსუბუქი ავტომობილების წილი ექსპორტში 21%-დან 11%-მდეა შემცირებული.

მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 73 მილიონით და მთლიანი ექსპორტის 105%-ით. აღსანიშნავია, რომ მკვეთრად, თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა თხილისა და კაკლის ექსპორტი. იანვარ-აპრილში უცხოეთის ბაზრებზე 62 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა. საექსპორტო კალათის ხუთეულში შედის სამკურნალო საშუალებები, რომელთა ექსპორტი 22,4 მილიონიდან 39 მილიონამდეა მომატებული.

რაც შეეხება მთლიან ექსპორტს, აქ აზერბაიჯანის მიმართულებით მკვეთრი შემცირებაა. წლის პირველ ოთხ თვეში მეზობელ ქვეყანაში 89 მლნ 620 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა, როდესაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდში 188 მლნ 450 ათასი დოლარი იყო. საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანთან ექსპორტი ყველაზე მეტად მსუბუქი ავტომობილების გამოისობით შემცირდა. ამის მიზეზი გახდა "ევრო 4"-ის სტანდარტზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 2014 წლის 15 აგვისტოდან ამოქმედდა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აზერბაიჯანში 97 694 დოლარის ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა, მიმდინარე წელს კი - 32 804-ის. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ იანვარში აზერბაიჯანის პარლამენტმა დაამტკიცა საგადასახადო კოდექსის ცვლილება, რომელიც ქვეყანაში იმპორტირებულ მსუბუქ ავტომობილებზე, იახტებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად, მსუბუქი ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობაზეა დამოკიდებული. 2000 კბ/სმ-მდე მოცულობის ძრავის მქონე მანქანების შემთხვევაში, ესაა 0,2 მანათი თითოეულ კბ/სმ-ზე. უფრო მეტი მოცულობის ძრავების შემთხვევაში კი გადასახადი სხვაგვარად დაიანგარიშება. ავტომობილების ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს პოზიციის შესანარჩუნებლად "თამაშის წესების" შეცვლა უწევთ. ისინი იძულებულნი არიან, მთლიანად შიდა ბაზარს ჩამოეკიდონ. ამ დროს საქართველოშიც გაჭირდა მანქანების ყიდვა-გაყიდვა. ეს პროცესი განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა მცირე ბიზნესმენებისათვის, რომელთა ნაწილი საქმიანობას ჩამოშორდა კიდეც.

ქართველი ავტოდილერების ინფორმაციით, ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკურ-ფინანსური კრიზისიდან და ლარის მკვეთრი დევალვაციიდან გამომდინარე, ავტომობილებს თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდიან, მაგრამ ამ ფონზეც კი მყიდველთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო.

კომპანია "რობანი მოტორსის" თანადამფუძნებელი ეგლუჯა ჯამაგიძე საუბრობს რამდენიმე მიზეზზე, რამაც ავტომობილების გაყიდვას საფრთხე შეუქმნა. მისი თქმით, მეზობელ ქვეყნებში იმპორტთან დაკავშირებული შეზღუდის გამო, ავტობაზარი ისედაც დაზარალდა. ამას დაემატა მძიმე სოციალური ფონი ქვეყანაში და მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი შესუსტდა.

"კურსის მკვეთრი ცვლილება გაყიდვას ყოველთვის საფრთხეს უქმნის. გაცილებით ცუდ სიტუაციას ველოდით, მაგრამ საწვავის ფასმა რეალიზაციას მცირე ბიძგი მისცა. ასეთ პერიოდში მომხმარებელი განსაკუთრებით აქტიურია, თუმცა ლარის ვარდნამ ეს პროცესი შეასუსტა. ლარის კურსის დაბალანსების შემთხვევაში, გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება. ჯერჯერობით მოხერხდა ის, რომ ტენდენცია შენარჩუნდა, ანუ დარჩა ისეთივე რთული, როგორიც აქამდე იყო. ისედაც გაუარესებული მდგომარეობა იყო და კიდევ კარგი, უფრო არ დამძიმდა. ზოგადად, ცუდი სიტუაციაა, სასიკეთო ცვლილება არ ჩანს და არც გვაქვს ამის მოლოდინი. მთავრობა აღებული კურსით თუ გააგრძელებს საქმიანობას, პრობლემა კიდევ დიდხანს გვექნება. როდესაც ხალხს არ აქვს სამსახური, ხოლო დასაქმებულისთვის შემოსავალი მცირდება, ავტომობილის შეძენა ოჯახისთვის არ არის პრიორიტეტი. ასეთია ტენდენცია, რის ფონზეც მდგომარეობის გამოსწორების შანსს ვერ ვხედავ", - ამბობს ჯამაგიძე.

მეორადი ავტომობილების ავტოდილერი კომპანიის "ზარიოს ავტოს"  დირექტორის, იოსებ ზარანდიას განცხადებით, ექსპორტის შემცირება აზერბაიჯანული რეგულაციების გამოა. ასევე კლებაა სომხეთის ბაზარზეც.

როგორც მან განაცხადა, რეექსპორტში ძირითადად 70-80%-ით აზერბაიჯანი ლიდერობდა, დანარჩენი 30% კი სომხეთში მიჰყავდათ. ამ ეტაპზე შეკვეთა თითქმის აღარაა, შეიძლება თვეში ერთი-ორი ავტომობილი გავიდეს, ადრე კი 10-15 მანქანა გადიოდა ექსპორტზე. მისივე თქმით, კომპანია ახლა, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე მუშაობს, თუმცა ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, გაყიდვა აქაც შემცირებულია. ამიტომ ბევრმა ფიზიკურმა პირმა, ვისაც თვეში დაახლოებით 5 ავტომობილი მაინც ჩამოჰყავდა, უკვე ეს საქმიანობა მიატოვა.

ერთ-ერთი ავტოიმპორტიორი ნიკოლოზ როსტიაშვილი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის რეექსპორტზე ძალიან დიდი ხვედრითი წილი მოდიოდა, ხოლო სომხეთს რაც შეეხება, რეექსპორტი აქაც ხორციელდებოდა. "უნდა შევეგოუთ, რომ აზერბაიჯანის მსგავსი ქვეყანა ვეღარ გაიხსნება, თუმცა, საჭიროა, შემოვიდეს მეტი ინვესტიცია, რომ ეკონომიკურად განვვითარდეთ და შესაბამისად, ეს დილერების ბიზნესზეც აისახება", - დასძენს ნიკოლოზ როსტიაშვილი.

გაზაფხულის პერიოდი ავტომობილების ბიზნესში მუდმივად კრიზისული იყო. ავტოდილერებს იმედი აქვთ, რომ წლის მეორე ნახევარში სიტუაცია გამოსწორდება, მით უმეტეს, თუ ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"