საფრანგეთში სუპერმარკეტები რეალიზაციიდან ამოღებულ  საკვებად ვარგის პროდუქტს უფასოდ დაარიგებენ

საფრანგეთში წლის განმავლობაში ნაგავსაყრელზე წლის 13,4-22,4 მილიარდი ევროს პროდუქტი იყრება

ფრანგმა კანონმდებლებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი კანონს, რომლის თანახმად, საფრანგეთის დიდი სუპერმარკეტები ვალდებული იქნებიან მაღაზიის დახლებზე დარჩენილი საკვებად ვარგისი სასურსათო პროდუქტი საქველმოქმედო ორგანიზაციებს ან ფერმებს გადასცენ ქველმოქმედების სახით.

France 24-ის ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტში სასურსათო პროდუქტის ყოფილმა მინისტრმა გიიომ გარომ წარადგინა. მისი თქმით, საშინელებაა იმის ნახვა, თუ როგორ ხდება ნაგვის ურნაში საკვებად ვარგისი პროდუქტის გადაყრა.

ახალი კანონის თანახმად, დიდ სუპერმარკეტებს ეკრძალებათ რეალიზაციიდან ამოღებული, თუმცა საკვებად ვარგისი პროდუქტის გადაყრა. ნაცვლად ამისა, ისინი ვალდებული იქნებიან, პროდუქტი გაჭირვებულებს დაურიგონ ან გადასცენ ფერმებს, ცხოველების გამოკვების მიზნით. კანონის დამრღვევი მაღაზიის მფლობელები 75 ათასი ევროთი ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთით დაჯარიმდებიან. კანონი სუპერმარკეტებს ასევე ავალდებულებს წლის განმავლობაში ხელშეკრულება დადონ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან.

სტატისტიკის თანახმად, საფრანგეთის ერთი მცხოვრები წელიწადში საშუალოდ 20-დან 30-მდე კგ. საკვებს ყრის. საერთო ჯამში კი, ნაგავსაყრელზე წლის განმავლობაში 13,4-22,4 მილიარდი ევროს პროდუქტი იყრება.

გაერო-ს მონაცემებით კი, ყოველწლიურად მსოფლიოში წარმოებული ყველა სახის საკვების პროდუქტის მესამედი - 1,3 მილიარდი ტონა იყრება, რაც ჯამში 750 მილიარდ დოლარს უდრის.

თუმცა კანონს უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგენი, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს ვალდებულება სუპერმარკეტებს მძიმედ დააწვებათ.