შუახევში მომხდარი შემთხვევის გამო, "ევექსი" დაჯარიმდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, შუახევში "ევექსის" კლინიკასთან დაკავშირებით ცალსახად გამოიკვეთა სანებართვო და ვალდებულებითი პირობების დარღვევა, რისთვისაც უკვე განხორციელდა შესაბამისი ქმედება.

როგორ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ეს დაწესებულება დაჯარიმდა. "რაც შეეხება იმას, რომ არსებულმა გადაწყვეტილებებმა რისკები გაზარდა პაციენტის მოვლისთვის, ესეც ცალსახად არის დადასტურებული. მე მქონდა შეხვედრა ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელთან, უკვე გვაქვს შეთანხმება, რომ ამ კლინიკებში აუცილებლად 24/7-ზე რეჟიმში იქნებიან შესაბამისი სპეციალისტები. ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება იმისთვის, რომ შეთანხმება სტაბილურად იყოს და უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რამდენიმე კვირის წინ, შუახევის მუნიციპალიტეტში 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, რაშიც მისი ოჯახის წევრები საავადმყოფოს ადანაშაულებენ. როგორც ადგილობრივები აცხადებდნენ, მუცლის არეში დაჭრილი ახალგაზრდა მეგობრებმა საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა ქირურგი ადგილზე არ იმყოფებოდა და დაჭრილი სისხლისგან დაიცალა.

კორპორაცია "ევექსმა" 27 აპრილს საავადმყოფოს სტაციონალური მომსახურება გააუქმა. კლინიკა მხოლოდ ამბოლატორიული პრინციპითა და სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების დროს მუშაობდა..