გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხეები

სპეციალისტი: გმო ორგანიზმების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე მეცნიერებში კვლავ საკამათო თემაა

”ცოცხალ ორგანიზმებზე გენმოდიფიცირებული პროდუქტების გავლენა ჯერ კიდევ 1994-96 წლებში გამოჩნდა, როდესაც ასეთი პროდუქტების დანერგვა დაიწყო. სწორედ მაშინ გაჩნდა მონაცემები იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენდა გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების შემცველი პროდუქტები ადამიანის ორგანიზმზე. პირველი რეაქციები გახლდათ ალერგია და ინტოქსიკაცია, რასაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო საგანგაშო ეფექტები მოჰყვა,” - ამბობს ”მთელ კვირასთან” საუბრისას ა/ო ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” პროგრამების კოორდინატორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი მაღრაძე.

მისი თქმით, გენმოდიფიცირებული პროდუქტებით გამოწვეული ზიანის შესახებ დავა სამეცნიერო საზოგადოებაში დღემდე გრძელდება, ვინაიდან მეცნიერები ერთ პოზიციაზე ჯერ კიდევ ვერ შეჯერდნენ. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არაა, ნაწილს კი საპირისპირო მოსაზრება აქვს. მაღრაძე ამბობს, რომ მიუხედავად აზრთა სხვაობისა და უამრავი კვლევის მიერ ნაჩვენები უარყოფითი შედეგისა, გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან მიღებული პროდუქტების დანერგვა სურსათის წარმოებაში მაინც ყოველგვარი შემოწმების გარეშე ხდება.

გიორგი მაღრაძე: ყველაზე მძიმე შემთხვევა 90-იან წლებში გამოვლინდა, როდესაც გენმოდიფიცირებული ბაქტერიისაგან მიღებულმა საკვებმა დანამატმა, ელ-ტრიფტოფანმა 150 ადამიანის სიკვდილი და ათასობით ადამიანის მძიმე მოწამვლა გამოიწვია. ეს იყო საკვები დანამატი, რომელსაც სხვადასხვა პროდუქტში შეუმოწმებლად იყენებდნენ. რა თქმა უნდა, ასეთი შედეგის მიღების შემდეგ ეს ნივთიერება ხმარებიდან ამოიღეს, მაგრამ პრობლემა ბოლომდე მაინც ვერ აღმოიფხვრა - იგივე პრობლემებს ახლაც ხშირად ვაწყდებით.

გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს ხშირად ყოველგვარი კვლევისა და შემოწმების გარეშე ნერგავენ და საკვების წარმოებაში ისე უშვებენ. შედეგად კი გამოდის, რომ ფაქტობრივად ადამიანები გამოვდივართ საცდელი ობიექტები. ანუ, რა ხდება - თუ გაამართლა, გაამართლა, თუ არადა, წარმოებიდან ამოიღებენ. გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან მიმართებაში სწორედ ეს მიდგომაა დაუშვებელი. ბიოტექნოლოგიური წარმოება ცდილობს გვერდი აუაროს რუტინულ კვლევებს და მის მიერ შექმნილი მონსტრები ყოველგვარი უსაფრხთოების კვლევების გარეშე დანერგოს სურსათის წარმოებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

- ახლანდელი სურათი როგორია, თუ ჩატარდა უკანასკნელ წლებში კვლევა და რა შედეგი აჩვენა?

- 90-იანების შემდეგ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ასეთი ხმაურიანი შედეგი აღარ მოჰყოლია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება და დღემდე ასეთი პროდუქტი ალერგიისა და ინტოქსიკაციის მიზეზი ხშირადაა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, დღემდე უკვე ძალიან ბევრი დამოუკიდებელი კვლევა დაგროვდა, რომელიც ადასტურებს სხვადასხვა, ხშირად ძალზედ საგანგაშო უარყოფითი ზემოქმედების არსებობას.

ყველაზე ხმაურიანი და საზარელი შედეგები აჩვენა მდედრ ვირთაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ, რომლის დროსაც საცდელ ვირთაგვებს კვებავდნენ გენმოდიფიცირებული სიმინდით. ცდებმა აჩვენა, რომ ამ ვირთაგვების ნაშიერები იყვნენ დღენაკლული და მალევე იღუპებოდნენ, ხოლო რომელიც გადარჩებოდა, იყო სტერილური და თვითონ შთამომავლობას ვეღარ იძლეოდა. საგულისხმოა, რომ სამცენიერო საზოგადოება ერთ კონკრეტულ პასუხზე ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა - ბევრი ამტკიცებს, რომ მავნეა, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ ასეთი პრდუქტი საშიში არაა. თუმცა სწორედ ამ აზრთა სხვადასხვაობის გამო მთავარი შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები შეუმოწმებლად არ უნდა ინერგებოდეს, თუმცა ამ პრობლემის აღმოფხვრა წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა.

- რაც შეეხება პროდუქტებზე დატანილ ნიშანდებას, რამდენად სწორი ინფორმაციაა აქ მოცემული და რომელ პროდუქტებს უნდა ვერიდოთ ყველაზე მეტად?

- სანამ ქვეყანაში კანონმდებლობა არ არსებობდა, გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე შესაბამისი მინიშნება საერთოდ არ იყო, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა და ეს სავლადებულოა. ხოლო თუკი პროდუქტზე ამის შესახებ მინიშნება საერთოდ არ არის, ე.ი. პროდუქტი გენმოდიფიცირებული არაა. ამდენად, ეს დარღვევად არ შეიძლება მივიჩნიოთ. მეორე საკითხია, რამდენად მართალია ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, თუმცა ეს უკვე სურსათის ეროვნული სააგენტოს გასაკონტროლებელია. ამის მონიტორინგს ეტაპობრივად აკეთებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მასშტაბური ხასიათის მაინც არ არის. მე მაინც მოვუწოდებ მომხმარებელს, რომ ეტიკეტზე არა მხოლოდ გენმოდიფიცირებული პროდუქტის მინიშნებას დააკვირდნენ, არამედ კარგად წაიკითხონ, რას შეიცავს პროდუქტი. მაგალითად: სოიოს შემცველი პროდუქტები მაინც ეჭვის ქვეშ უნდა დავაყენოთ.

ზოგადად, სოიო მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა გენმოდიფიცირებული, ამიტომ თუკი პროდუქტზე მის შემცველობას შევამჩნევთ, უმჯობესი იქნება, თუ მოვერიდებით, ან დიდი რაოდენობით არ მივიღებთ. სამწუხარო ისაა, რომ სოიო ძალიან ბევრ პროდუქტშია, მაგალითად: ორცხობილა, ნამცხვრები, შოკოლადი, მაიონეზი, ხორცის პროდუქტები, ძეხვეული, რძის პროდუქტები და ა.შ.

- როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან გენმოდიფიცირებული პროდუქტებით გამოწვეული რისკი და რამდენად რეალურია მოსაზრება, თითქოს ასეთი პროდუქტების ფასი ბევრად უფრო დაბალია?

- ყველაფერი ზემოხსენებულის გათვალისწინებით ჩვენ, მომხმარებლებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე ხშირად უნდა დავრეკოთ და სხვადასხვა პროდუქტის შემოწმება მოვთხოვოთ, მხოლოდ ასე თუ ავირიდებთ გენმოდიფიცირებული პროდუქტის მიღების საფრთხეს. თუმცა ამ დროს ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა პროდუქტის შემოწმება აზრს მოკლებულია. ძირითადად ყურადღება უნდა გავამახვილოთ სოიოს, სიმინდის და კარტოფილის ინგრედიენტებისა თუ წარმოებულების შემცველ პროდუქტებზე.

რაც შეეხება ფასს, ზოგადად გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს გენმოდიფიცირებული პროდუქტი უფრო იაფია, სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, შესაძლოა, ორგანულად მიღებული პროდუქტი უფრო იაფი ღირდეს, ამისთვის კი მხოლოდ დაკვირვებაა საჭირო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გაჩნდა მოსაზრება, რომ თუკი გენმოდიფიცირებული პროდუქტი აიკრძალა, მაშინ ეს ზოგადად ფასის ზრდას გამოიწვევს, რაც რეალობასთან არანაირად არაა ახლოს, ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა.

სალომე სარიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”